იოზეფ ლოშმიდტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოზეფ ლოშმიდტი
დაბ. თარიღი 15 მარტი, 1821(1821-03-15)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი Počerny
გარდ. თარიღი 8 ივლისი, 1895(1895-07-08)[4] [1] [2] [3] (74 წლის)
გარდ. ადგილი ვენა
დასაფლავებულია ვენის ცენტრალური სასაფლაო
მოქალაქეობა  ავსტრიის იმპერია
საქმიანობა ფიზიკოსი, ქიმიკოსი და პროფესორი
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კარლის უნივერსიტეტი და ვენის უნივერსიტეტი

იოზეფ ლოშმიდტი (გერმ. Josef Loschmidt დ. 15 მარტი, 1821, ვენა — გ. 8 ივლისი, 1895, ვენა) — ავსტრიელი ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1821 წლის 15 მარტს, ქალაქ ვენაში. პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ჭაბუკი იოზეფი შევიდა ვენის უნივერსიტეტში და 1848 წელს წარმატებით დაამთავრა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იგი გატაცებული იყო ფიზიკით; გულმოდგინებით ასრულებდა ექსპერიმენტულ სამუშაოებს. მისმა სადიპლომო შრომამ აირების კინეტიკური თეორიის საკითხზე პროფესორ-მასწავლებელთა მაღალი შეფასება დაიმსახურა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი მეცნიერად ჩამოყალიბება მოლეკულური ფიზიკის სფეროში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ლოშმიდტი მუშაობას იწყებს ვენის ერთ-ერთ გიმნაზიაში ფიზიკის მასწავლებლად, პარალელურად კი იღრმავებს ცოდნას თეორიულ საკითხში.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფიზიკაში აღინიშნა დაძაბული მუშაობით მოლეკულური მუდმივების (მოლეკულების ზომების, მათი რიცხვის და მასის და სხვა) განსაზღვრის მიმართულებით. ჯერ კიდევ მ. ლომონოსოვი ცდილობდა ნაწილაკთა ზომების ზედა ზღვრების დადგენას, ეყრდნობოდა რა ნივთიერების ხსნადობას, ლითონის ნაჭრების ფურცლად გაბრტყელების უნარს და სხვა მსგავსი განსაზღვრები გრძელდებოდა XIX საუკუნეშიც. ასეთი სახის სამუშაოებში თავისი ავტორიტეტული წვლილი შეიტანეს დიდმა ფიზიკოსებმა: ჰ. ჰელმჰოლცი, მ. ფარადეიმ, გ. კირხჰოფი, მაგრამ საკითხისადმი ექსპერიმენტული მიდგომა იძლეოდა მხოლოდ ზედა ზღვარს, ესე იგი რიცხვს, რომელიც აღემატებოდა მოლეკულის ზომებს. მოლეკულის ზუსტი ზომის განსაზღვრა და ზოგიერთ შემთხვევაში ამ ზომების ქვედა ზღვარის შეფასება შეძლო მხოლოდ თეორიამ.

მოლეკულების ზომების განსაზღვრის ახალი მეთოდები მოგვცა აირების კინეტიკურმა თეორიამ. მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის შედეგებმა საშუალება მისცა მეცნიერებს გაეკეთებინათ სათანადო დასკვნები მოლეკულური სამყაროს ისეთი მუდმივების შესახებ, როგორიცაა თავისუფალი განარბენის სიგრძე და დაჯახების რიცხვი წამში. ლოშმიდტმა 1865 წელს პირველმა გამოიყვანა ეს მონაცემები მოლეკულის დიამეტრის განსაზღვრისათვის და მოცულობის ერთეულში მოლეკულლების რაოდენობის დადგენისათვის. იგი ამ დროისათვის უკვე ვენის უნივერსიტეტის პროფესორი იყო.

ლოშმიდტმა თავის თანამემამულე ლ.ბოლცმან თან ერთად დიდად შეუწყო ხელი თეორიული ფიზიკის ახალი მეთოდის -სტატისტიკური მეთოდის- წარმოშობასა და ჩამოყალიბებას. ამ მეთოდის სისტემატური გაფართოებით ამერიკელმა ფიზიკოსმა ვ. გიბსი შექმნა ეგრეთ წოდებული სტატისტიკური მექანიკა. აღსანიშნავია, რომ ფიზიკისგანვითარების შედეგად XIX საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა თეორიული ფიზიკის ისეთი ფუნდამენტური დარგი, როგორიცაა სტატისტიკური ფიზიკა, რომელიც მეცნიერება აღჭურვა შემეცნების ახალი მძლავრი იარაღით. ამ დარგის გამოჩენამ ხელი შეუწყო ფიზიკისა და ფილოსოფიის ინტერესების დაახლოების პროცესს, რაც საკმაოდ დამახასიათებელია ბუნებისმეტყველების განვითარების ახალი ეტაპისათვის. 1870 წელს ლოშმიდტს ირჩევენ ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. ლოშმიდტმა თავისი წვლილი შეიტანა მეცნიერების სხვა დარგებშიც. არანაკლებ საყურადღებოა მისი შრომები კრისტალოგრაფიისა და სტერეოქიმიის საკითხებში. ლოშმიდტი ცდილობდა დაედგინა მრავალი ორგანული ნაერთის გრაფიკული ფორმულები. მის მიერ შექმნილი ბენზოლის ფორმულა ანალოგიურია კეკულეს ფორმულისა, რომელიც დღეს ყველაზე დახვეწილ გამოსახულებას წარმოადგენს.

იოზეფ ლოშმიდტი გარდაიცვალა 1895 წლის 8 ივლისს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 218-220.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]