იოანე მდუმარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იოანე მდუმარე.

იოანე მდუმარე (ბერძნ. Ἅγιος Ἰωάννης ὁ Ἡσυχαστής; დ. 8 იანვარი, 454 — გ. 13 მაისი, 558) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 3 დეკემბერი, 30 მარტი და 7 დეკემბერი ახალი სტილით — 16 დეკემბერი, 12 აპრილი და 20 დეკემბერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსი იოანე მდუმარე დაახლოებით 454 წელს დაიბადა სომხეთის ნიკოპოლში, მხედართმთავარ ენკრატიუსისა და მისი მეუღლის, ეფემიას ოჯახში. ყმაწვილმა ადრევე დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა და მთელი გულით შეიყვარა განმარტოება და ლოცვა.

მშობლების გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიღებული ქონებით იოანემ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ააგო. თვრამეტი წლის ასაკიდან ნეტარი სხვა ათ ბერთან ერთად ამ ტაძართან ცხოვრობდა. ქალაქ კოლონის მკვიდრთა თხოვნით სებასტიელმა მიტროპოლიტმა ოცდარვა წლის იოანეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი. წმინდანი მწყემსმთავრად დადგინების შემდეგაც უწინდებურად ასკეტურად ცხოვრობდა.

იოანეს ეპისკოპოსობის მეათე წელს სომხეთის მმართველად დაადგინეს ბაზინიკი - მწყემსმთავრის დის, მარიამის მეუღლე. ახალი ხელისუფალი მბრძანებლურად ერეოდა სასულიერო და საეკლესიო საქმეებში, რამაც ეკლესიურ ცხოვრებაში არეულობა გამოიწვია. მაშინ წმინდა იოანე კონსტანტინოპოლში ჩავიდა და მთავარეპისკოპოს ექვთიმეს შუამდგომლობით იმპერატორ ზენონს სთხოვა, სომხეთის ეკლესია დაეცვა უხეში ხელყოფისაგან.

საერთო შფოთითა და ბრძოლებით დამწუხრებულმა ნეტარმა მწყემსმთავარმა ფარულად დატოვა ეპარქია და იერუსალიმში მიმავალ ხომალდზე ავიდა. მან ცრემლებით შესთხოვა უფალს, მიენიშნებინა, სად უნდა განეგრძო მოღვაწეობა. ღმერთმა შეისმინა წმიდანის ვედრება: მას გამოუჩნდა ვარსკვლავი, რომელიც საბა განწმენდილის ლავრამდე მიუძღვა. იოანე, რომელმაც დამალა თავისი ხარისხი, სავანეში უბრალო მორჩილად მიიღეს. წმინდა იღუმენის, საბას (ხს. 18 დეკემბერს) კურთხევით ღირსი იოანე ოთხ წელიწადზე მეტ ხანს ყველაზე მძიმე სამუშაოებს ასრულებდა. უფლის რჩეულის სიმდაბლე და შრომისმოყვარეობა რომ იხილა, წინამძღვარმა იგი ხუცესად ხელდასხმის ღირსად ჩათვალა. მაშინ იოანე იძულებული გახდა, რომ იერუსალიმის პატრიარქის, ილიასთვის (494–517) გაემხილა თავისი საიდუმლო. პატრიარქის კურთხევით წმინდანმა მდუმარების ღვაწლი იტვირთა, უფალმა კი მალე მისი საიდუმლო წმინდა საბასაც გაუცხადა.

ამის შემდეგ წმინდანმა ისურვა, კიდევ უფრო გაემკაცრებინა თავისი ღვაწლი, ლავრა დატოვა და უდაბნოს მიაშურა, სადაც ცხრა წელი ცხოვრობდა და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდა. ღირსი მამა სასწაულებრივ გადაურჩა სარკინოზთა გამანადგურებელ შემოსევას: უფალმა მას მცველად ლომი მოუვლინა. ღმერთმა სავანის ყველა ბერს სასწაულებრივ გაუცხადა, რომ წმინდა მოსაგრე ეპისკოპოსი იყო.

იოანეს სამოცდაათი წელი რომ შეუსრულდა, წმინდა იღუმენი საბა განწმენდილი გარდაიცვალა. მღვდელმთავარი საშინლად დამწუხრდა. მაშინ სასუფეველში ამაღლებული ნეტარი საბა საღვთო ჩვენებით წარდგა განდეგილის წინაშე, ნუგეში სცა და უწინასწარმეტყველა, რომ ერესთან შეურიგებელი ბრძოლა ელოდა წინ. მართლაც, მალე იოანე იძულებული გახდა, დაყუდებიდან გამოსულიყო, რომ ძმები ორიგენეს ბილწ მწვალებლობასთან ბრძოლაში განემტკიცებინა.

ღირსმა იოანე მდუმარემ ასოთხი წლის ასაკში მშვიდად შეჰვედრა სული უფალს (მას ეკლესია წელიწადში კიდევ ორჯერ იხსენიებს: 12 აპრილს და 20 დეკემბერს).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]