იოანე გოლგოთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იოანე გოლგოთელი — XI საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწიგნობარი. მოღვაწეობდა საქართველოსა და იერუსალიმში (პალესტინა).

იოანეს შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ არის შემონახული. ზედწოდება „გოლგოთელი“ მიგვანიშნებს, რომ მისი სამოღვაწეო სარბიელი ყოფილა გოლგოთა — ადგილი იერუსალიმში (ისტორიული პალესტინა), სადაც მაცხოვარი გააკრეს ჯვარზე.

იოანე გოლგოთელი ცნობილია იმ ქართული ხელნაწერებიდან, რომლებიც მისი შეკვეთით დაამზადეს XI საუკუნის პალესტინის მონასტრებში მოღვაწე ქართველმა მწიგნობრებმა. აქედან ჩანს, რომ იოანე პალესტინის ქართული სამონასტრო კოლონიის ერთ-ერთ აქტიური და ავტორიტეტული წევრი უნდა ყოფილიყო. იგი სათავეში ედგა გოლგოთაზე მოღვაწე ქართველ მწიგნობრებს (მიქაელი, პავლე, ნისთერეონი), რომლებმაც შექმნეს ივლის-აგვისტოს საგალობელთა კრებულის (ჰიმნოგრაფიული თვენის) ახალი რედაქცია. ამ წერილობითმა ძეგლმა ჩვენამდე მოაღწია 1049 წელს გადაწერილი ხელნაწერის სახით (ხელნაწერი H 2337). ამ ხელნაწერზე დართულ ანდერძში გადამწერი მიქაელი მოიხსენიებს იოანე გოლგოთელს, როგორც „ღმერთშემოსილ და სახიერ მამასა და ტკბილ მოძღვარს“. იოანე გოლგოთელის შეკვეთითაა აგრეთვე დამზადებული ხელნაწერი H 1664 (1052 წ.), რომელიც პალესტინაში მდებარე წმ. საბა განწმენდილის ლავრაში არის გადაწერილი იოანე მღვდლის მიერ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კ. კეკელიძე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, VII, თბ., 1961.
  • მენაბდე, ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, II, თბ., 1980, 38, 143—144.