ინტერნეტთან წვდომის უფლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინტერნეტთან წვდომის უფლება — ხედვა, რომლის თანახმად, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუძემდებლური უფლებების, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების რეალიზებისთვის, და რომ სახელმწიფოა პასუხისმგებელი ფართოზოლიანი ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფაზე, და რომ სახელმწიფო უმიზეზოდ არ უნდა ზღუდავდეს პიროვნებისთვის ინტერნეტთან წვდომას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003: საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის დეკემბერში გაეროს ეგიდით მოწვეულ იქნა საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტი (სსმს). მთავრობებს, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომდაგენლებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მიღებულ იქნა სსმს-ის პრინციპთა დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია საინფორმაციო საზოგადოების მნიშვნელობა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გაძლიერების საკითხებში:[1][2]

1. ჩვენ, მსოფლიო ხალხთა წარმომადგენლები, შევიკრიბეთ რა 2003 წლის 10-12 დეკემბერს ჟენევაში საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის პირველი ფაზის ჩასატარებლად, ვაცხადებთ ჩვენს საერთო მიზანსწრაფვას შევქმნათ ადამიანზე და განვითარებაზე ორიენტირებული, საყოველთაო ღია საინფორმაციო საზოგადოება, სადაც ყველას შეუძლია შექმნას, დაუკავშირდეს, გამოიყენოს და გააზიაროს ინფორმაცია და ცოდნა; რომელიც ინდივიდებს, საზოგადოებებს და ხალხებს საშუალებას მისცემს სრულად გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი მდგრადი განვითარებისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც ეფუძნება გაეროს ქარტიის მიზნებსა და პრინციპებს და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პატივისცემასა და მხარდაჭერას.
3. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ადამიანის ყველა უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის განვითარების უფლების, უნივერსალობას, უყოფადობას და ურთიერთდამოკიდებულებას, რაც დაფიქსირებულია ვენის დეკლარაციაში. ჩვენ ასევე ვადასტურებთ რომ დემოკრატია, მდგრადი განვითარება და ადამიანის ფუძემდებლური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა, ისევე როგორც კარგი მმართველობა ყველა დონეზე, ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთგამაძლიერებელია. ჩვენ ასევე მოწადინებულნი ვართ კანონის უზენაისობის განმტკიცებისკენ საერთაშორისო და ეროვნულ საკითხებში.

სსმს-ის პრინციპთა დეკლარაციაში გამორჩეულად აღნიშნულია გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა „საინფორმაციო საზოგადოებაში“:

4. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ საინფორმაციო საზოგადოების დამფუძნებელი საწყისების და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლის თანახმად, ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება; რომ იგი მოიცვას საკუთარი თვალსაზრისის ერთგულების უფლებას შეუფერხებლად და ინფორმაციის ძიების, მიღებისა და აზრის გავრცელების შესაძლებლობას ნებისმიერი საშუალებით, სახელმწიფო საზვრებისგან დამოუკიდებლად. კომუნიკაცია ესაა ფუძემდებლური სოციალური პროცესი, ადამიანის ძირითადი მოთხოვნილება და მთელი სოციალური ორგანიზაციის საფუძველი. ეს ძირითადია საინფორმაციო საზოგადოებისთვის. ყველას, ყველგან უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა, და არავინ არ უნდა განიკვეთილ იქნას საინფორმაციო საზოგადოების მიერ შემოთავაზებული სარგებელისგან.[2]

2009-2010: BBC World Service-ის გამოკითხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BBC World Service-ის მიერ 2009 წლის 30 ნოემბრიდან 2010 წლის 7 თებერვლამდე წარმოებულმა გამოკითხვამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 27 973 სრულწლოვანმა ადამიანმა 26 ქვეყნიდან, რომელთა შორის 14 306 ინტერნეტმომხმარებელი[3] იყო, აჩვენა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტმომხმარებელთა და არამომხმარებელთა თითქმის ოთხი მეხუთედი ინტერნეტთან წვდომას ფუძემდებლურ უფლებათ მიიჩნევს.[4] გამოკითხულთა 50% მკაცრად ეთანხმება ინტერნეტთან წვდომის ადამიანის უფლებად მიჩნევას, 29% ნაწილობრივ ეთანხმება, 9% ნაწილობრივ არ ეთანხმება, 6% მკაცრად არ ეთანხმება და 6%-მა აზრი არ გამოხატა.[5]

2011: გაეროს სპეციალური მომხსენებლის მოხსენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის მაისში, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აზრისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის და ხელშეწყობის საკითხებში ფრენკ ლა-რიუმ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წარუდგინა მოხსენება „საკვანძო ტენდენციების და გამოწვევების კვლევა თითოეული ადამიანის უფლების ინტერნეტით ინფორმაციის და ყველა სახის აზრის ძებნის, მიღების და გავრცელების საკითხებში“. მოხსენებაში ასახული იყო 88 რეკომენდაცია ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და ხელშეწყობისთვის, მათ შორის რამდენიმე პუნქტი ეთმობოდა ყველასთვის ინტერნეტთან წვდომის თემებს. დანარჩენ რეკომნდაციებში ასახული იყო ქვეყნების ხელისუფლებებისადმი მოწოდება, რომ უზრუნველყონ და პატივი სცენ ანონიმურობას ინტერნეტში, მიიღონ კანონები კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის შესახებ და მოახდინონ დიფამაციის დეკრიმინალიზაცია. ლა-რიუს რეკომენდაციებია:[6]

  • 67. ინფორმაციის სხვა მატერებლებისგან განსხვავებით, ინტერნერტი ადამიანებს საშუალებას აძლევს მოიძიონ, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია და ყველა სახის იდეა მყისიერად და იაფად ეროვნულ საზღვრებს მიღმა. ადამიანთა მიერ აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობების მნიშვნელოვან გაფართოებასთან ერთად, რომელიც თავისმხრივ ადამიანთა სხვა უფლებების მასტიმულირებელია, ინტერნეტი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარების ხელშემწყობია და წვლილი შეაქვს კაცობრიობის განვითარებაში. ამასთან დაკავშირებით, სპეციალური მომხსენებელი მოუწოდებს სპეციალური პროცედურების მანდატების სხვა მფლობელებს დაკავდნენ ინტერნეტის საკითხებით მათი მანდატების კომპეტენციის ფარგლებში.
  • 78. მაშინ როცა ბლოკირების და ფილტრაციის მეთოდები მომხმარებლებს უზღუდავს კონკრეტულ მასალასთან წვდომას ინტერნეტში, სახელმწოფოებმა ასევე მიმართეს ინტერნეტის სრული გათიშვის ზომებსაც. სპეციალური მომხსენებელი თვლის, რომ მომხმარებელთა სრული გათიშვა ინტერნეტთან წვდომისგან, მიუხედავად ყოველგვარი მიზეზისა, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების უფლების კანონის დარღვევის საფუძველზე, არის არაპროპორციული ზომა, და შესაბამისად, არღვევს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-3 ნაწილის მე-19 მუხლს.
  • 79. სპეციალური მომხსნებელი მოუწოდებს სახელმწოფოებს უზრუნველყონ ინტერნეტთან მუდმივი წვდომა, მათ შორის პოლიტიკური არასტაბილურობის დროს.
  • 85. გათვალისწინებით იმისა, რომ ინტერნეტი გახდა ადამიანის რიგი უფლებების, ასევე უთანასწორობასთან ბრძოლისა და ადამიანის განვითარებისა და პროგრესის რეალიზაციის შეუცვლელი საშუალება, ინტერნეტთან საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფა ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, თითოეულმა სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს კონკრეტული და ეფექტიანი პოლიტიკა საზოგადოების ყველა ფენის ცალკეულ წარმომადგენლებთან კონსულტაცით, მათ შორის კერძო სექტორის და სახელმწიფო სამინისტროების ჩართულობით, რათა ინტერნეტი გახდეს ფართოდ ხელმისაწვდომი მოსახლეობის ყველა ნაწილისთვის.

მოხსენების გაშუქებისას პრესის წარმომადგენლებმა გამოთქვეს აზრი, რომ ლა რიუმ იმის ხაზგასმით, რომ „ინტერნეტი გახდა საკვანძო საშუალება ადამინებისთვის, რომლითაც მათ შუძლიათ გამოიყენონ თავისუფლების და გამოხატვის უფლება“, თვითონ ინტერნეტი ადამიანის უფლებად გამოაცხადა.[7][8] ლა რიუმ მოხსენებაში აღნიშნა, რომ „რაც შეიძლება მცირე შეზღუდვები უნდა იყოს ინფორმაციულ ნაკადზე ინტერნეტში, ძალიან ცოტა, უკიდურესად გამონაკლისი და განსაზღვრული გარემოებების გარდა, რომლებიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლშია განსაზღვრული“. ლა რიუს ასევე ხაზგასმული აქვს, რომ „ნებისმიერი შეუზღუდვა მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული კანონით, და დამტკიცებულ უნდა იქნას, რომ იგი აუცილებელია და არის ყველაზე ნაკლებად მაბეზარი მეთოდი, რომელიც ხელმისაწვდომია სხვა ადამიანთა უფლებების დასაცავად“.[9]

Internet Society-ის ინტერნეტმომხმარებელთა გლობალური კვლევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის ივლის-აგვისტოში Internet Society-მ ონლაინ გამოიკითხა 10 000-ზე მეტი მომხმარებელი 20 ქვეყნიდან. მტკიცებას, რომ „ინტერნეტთან წვდომა ადამიანის ფუძემდებლურ უფლებად უნდა განისაზღვროს“:[10]

  • 83% მტკიცედ დაეთანხმა ან ნაწილობრივ დაეთანხმა
  • 14% მტკიცედ არ დაეთანხმა ან ნაწილობრივ არ დაეთანხმა
  • 3%-მა არ იცოდა.

2016: გაეროს რეზოლუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის ზაფხულში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ გამოაქვეყნა არსავალდებულო რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია მთავრობების მხრიდან ინტერნეტთან წვდომის მიზნმიმართული შეზღუდვა.[11] რეზოლუციაში კვლავ დადასტურებულია, რომ იმ უფლებების დაცვა, რომლებიც ადამიანებს აქვთ რეალურ სამყაროში, აუცილებლად დაცულ უნდა იქნას ასევე ინტერნეტშიც.[11]

ფართო წვდომის უზრუნველყოფა და დაუსაბუთებელი შეზღუდვების პრევენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიგმა ქვეყნებმა მიიღეს კანონები, რომლებიც სახელმწიფოს ავალდებულებს იმუშაოს ინტერნეტთან წვდომის ფართო გავრცელებაზე და ადამიანისთვის ინტერნეტსა და ინფორმაციასთან წვდომის უმიზეზოდ შეზღუდვის პრევენციაზე:

  • კოსტა-რიკა: კოსტა-რიკას უზენაისი სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის დადგენილება ადგენს: „ყოველგვარი ორაზროვნების შიშის გარეშე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტექნოლოგიებმა [საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომუნიკაციები] გავლენა მოხდინეს ადმიანთა კომუნიკაციაზე, გააიოლეს ადამიანებსა და ინსტიტუციებს შორის კავშირი მსოფლიოს მასშტაბით და მოხსნეს დროითი და სივრცითი დაბრკოლებები. ამ დროისთვის, ამ ტექნოლოგიებთან წვდომა ხდება ძირითადი საშუალება ფუძემდებლური უფლებების რეალიზაციისთვის და დემოკრატიული მონაწილეობისა (ელექტრონული დემოკრატია) და სამოქალაქო კონტროლისთვის, განათლებისთვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, საჯარო მომსახურებებთან და ინფორმაციასთან წვდომისთვის, მთავრობასთან ელექტრონული მოლაპარაკებების და ადმინისტრაციული გამჭვირვალობისთვის მათ შორის. ეს მოიცავს ამ ტექნოლოგიებთან წვდომის ფუძემდებლურ უფლებას, კერძოდ კი, ინტერნეტთან ან მსოფლიო აბლაბუდასთან წვდომის უფლება.[12]
  • ესტონეთი: 2000 წელს ესტონეთის პარლამნტმა დაიწყო პროგრამა, რომლის მიზანი იყო ინტერნეტთან წვდომის გაშლა ქვეყნის მასშტაბით. ესტონეთის მთავრობის მტკიცებით, ინტერნერნეტი 21-წ საუკუნეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.[13]
  • ფინეთი: ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს თანახმად, 2010 წლის ივლისისთვის თითოეულ ადამიანს ფინეთში უნდა ჰქონოდა წვდომა ინტერნეტთან 1 მეგაბიტი წამში სიჩქარით. 2015 წლისთვის კი, სიჩქარე 100 მეგაბიტი წამამდე უნდა გაზრდილიყო.[14]
  • საფრანგეთი: 2009 წლის ივნისში საკონსტიტუციო საბჭომ, რომელიც საფრანგეთის უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა, გამოაცხადა, რომ ინტერნეტი უნდა იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლება. თუმცა, აღნიშნული ნაწილობრივ წინააღმდეგობაში მოდის HADOPI კანონთან, რომლითაც პროვაიდერი უფლებამოსილია უთვალთვალოს ბოროტმოქმედ პირებს, რომლებიც არაკანონიერ მასალებს იწერენ ინტერნეტის საშუალებით, და სასამართლოს განჩინების გარეშე ორი გაფრთხილების შემდეგ ავტომატურად ზღუდავს მათთვის ინტერნეტთან წვდომას.[15]
  • საბერძნეთი: საბერძნეთის კონსტიტუციის მუხლი 5A ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს საინფორმაციო საზოგადოების ნაწილიდა სახელმწიფოს აქვს ვალდებულება შეამსუბუქოს ელექტრონულად გადაცემადი ინფორმაციის წარმოება, გაცვლა-გამოცვლა, გავრცელება და მასთან წვდომა.[16]
  • ესპანეთი: 2011 წლიდან ყოფილი სახელმწიფო მონოპოლისტი და ამჟამად ესპანეთის „უნივერსალური სერვისის“ მფლობელი კომპანია Telefónica, ვალდებულია ესპანეთის მასშტაბით უზრუნველყოს სულ მცირე ერთი მეგაბიტი წამში სიჩქარის მქონე ფართოზოლიან ქსელთან წვდომა „გონივრულ“ ფასად.[17][18]
  • საქართველო: საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტში, რომელზეც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობს, წერია „ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფალი სარგებლობის უფლება“.[19] პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომის სახით ახალი ტიპის უფლება გაუჩნდება.[20]

კავშირი სხვადასხვა უფლებებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვის თავისუფლების უფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერნეტთან წვდომის უფლება მჭიდროდ დაკავშირებულია სიტყვის თავისუფლების უფლებასთან, რომელიც თავისმხრივ გამოხატვის თავისუფლების უფლებასაც მოიცავს.სტეფანი ბორგ ფსაილა ხაზს უსვამს ინტერნეტის ორ საკვანძო ასპექტს, ესენია: ინტერნეტის შიგთავსი და ინტერნეტის ინფრასტრუქტურა.[21] ინფრასტრუქტურა აუცილებელია ფართო მასებისთვის მომსახურების მისაწოდებლად, მაგრამ იგი მსხვილ პიზიტიურ ქმედებებს მოითხოვს. შიგთავსი, რომელიც ატვირთულია ინტერნეტში, მიჩნეულია როგორც რაღაც რაზეც ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა, მცირე შეზღუდვებით ან შეზღუდვის გარეშე. შეზღუდვა შიგთავსზე მიჩნეულია ადამიანის უფლებათა, კერძოდ კი სიტყვის თავისუფლების დარღვევად.

მიიჩნევა, რომ ინტერნეტის ძალაუფლება ინფორმაციაზე სამთავრობო კონტროლის მოხსნაშია.[22] ინტერნეტში, ნებისმიერ პირს შეუძლია გამოაქვეყნოს ნებისმიერი რამ, რაც საშუალებას იძლევა ინფორმაცია მიღებულ იქნას სახელისუფლო წყაროების გარს ავლით. ინტერნეტის აღნიშნული თვისება პირდაპირი საფრთხეა მმართველი რეჟიმებისთვის, რასაც მოყვება უამრავი ინტერნეტ-ცენზურის დაწესება, ინტერნეტის „ჩაჭრა“ კრიზისულ დროს და ა.შ.

ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთი კორეა — ეს უდიდესი ინტერნეტ-ცენზურის დამწესებელი ქვეყნებია. ეს ქვეყნები იყენებენ მსხვილ ქსელთაშორის ეკრანულ სისტემებს იმ ინფორმაციის ასაკრძალად, რომელიც მათი აზრით საფრთხეს უქმნის მათ რეჟიმებს.[23] ამ ქვეყნებში თუ მოქალაქე შემჩნეულ იქნა რეჟიმის ინტერნეტ-პოლიტიკასთან უთანხმოებაში, მან შეიძლება სხვადასხვა სასჯელი მიიღოს, მათ შორის შეიძლება აეყაროს სამოქალაქო თავისუფლებები.

რუსული ვიკიპედიის საპროტესტო ბანერი ინტერნეტ-ცენზურის წინააღმდეგ

ინტერნეტ-ცენზურა ფართოდ გამოიყენება რუსეთში რეჟიმის პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის და კრიტიკული ინფორმაციის გაფილტვრისთვის.[24] 2012 წელს რუსეთში ძალაში შევიდა საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონი სახელით „ბავშვთა დაცვის შესახებ ინფორმაციისგან, რომელიც ავნებს მათ ჯანმრთელობასა და განვითარებას“, რომლითაც ჩამოყალიბებულ იქნა მიუღებელი შიგთავსის მქონე ინტერნეტ-რესურსების „შავი სია“.[25] გარდა საიტებისა, ცენზურა ასევე შეეხება მომხმარებლების კომენტარებს, შეტყობინებებს, რომლებსაც ისინი ამა თუ იმ საიტზე ტოვებენ და მიუღებლობის შემთხვევაში მომხმარებლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უმუქრებათ.[26] აღნიშნული კანონის მიღებამდე ერთი დღით ადრე, 2012 წლის 10 ივლისს ვიკიპედიის რუსულმა რედაქციამ პროტესტის ნიშნად გაფიცვა გამოაცხადა, რის შედეგადაც ინტერნეტ-ენციკლოპედიის რუსული სეგმენტი მიუწვდომელი იყო ერთი დღის განმავლობაში.[27]

ამათგან განსხვავებით, აშშ-ში ცენზურა მოწოდებულია ინტელექტუალური საკუთრების დაცვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნების უფლება იქონიოს იდივიდუალური შეხედულებები და იდეები აღიარებულია, არსებობს ფართოდ გავრცელებულია შიში იმისა, რომ მეკობრეობის საწინააღმდეგო კანონების გაძლიერებამ და გაფართოებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს გამოხატვის თავისუფლებას. ინტერნეტის გათიშვა ან ცენზურის დაწესება შეიძლება განხილულ იქნას როგორც ადამიანის სიტყვის თავისუფლების უფლების შელახვა.[23]

ასეთი შემთხვევა მოხდა ეგვიპტეში, სადაც ჰოსნი მუბარაქის მთავრობამ რამდენიმეჯერ გათიშა ინტერნეტი 2011 წლის აჯანყების დროს, რათა ჩაეხშო არაბულ გაზაფხულში მონაწილე მომიტინგეთა პროტესტი. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი ეგვიპტეში მხოლოდ რამდენიმე დღით გაითიშა, მან შეზღუდა მოქალაქეების შესაძლებლობები ესარგებლად ისეთი სერვისებით, როგორიცაა სასწრაფო დახმარების გამოძახება.[22] საპასუხოდ Google-მა და Twitter-მა შექმნა ხმოვანი საფოსტო სერვისი ეგვიპტელთათვის, რომლის დახმარებით მათ შეეძლოთ ტვიტერში შეტყობინებების გამოქვეყნება.[28]

ეუთოში წარდგენილ მოხსენებაში ინტერნეტთან წვდომის თემაზე, პროფესორი იამან აკდენიანი დასძენს, რომ გამოხატვის თავისუფლების უფლება უნდა იყოს უნივერსალური და იგი უნდა მოიცავდეს ტექნოლოგიასაც, რომლითაც ამ უფლების რელიზაცია ხდება. ამ უფლების და მისი რეალიზაციის საშუალების ნებისმიერი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობის შემთხვევაში და არ ეწინააღმდეგება სახალხო ინტერესებს. მეტიც, ავტორი მიიჩნივს, რომ ის ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციის დახმარებისთვის იქმნება, მოითხოვს ახალ მიდგომებს. ამგვარად, არაციფრულ მატარებლების გამოყენების მარეგულირებელი წესების გამოყენება არ არის მართებული ციფრული საინფორმაციო საშუალებების მიმართ. ეუთოს მიმართ წარდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების გატარება ბავშვებისთვის ინტერნეტთან და საგანმანათლებლო პროგრამებთან წვდომისთვის.[29]

განვითარების უფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განვითარების უფლება არის გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ აღიარებული მესამე თაობის უფლება. ინტერნეტის როლი ამ უფლების დაცვის საქმეში აღნიშნული აქვთ ადამიანის უფლებათა სფეროს სხვადასხვა მეცნიერსა და აქტივისტს. ისეთ ტექნოლოგიასთან წვდომის გაზრდა, როგორიცაა მაგალითად მობილური ტელეფონები, ცხადყოფს განვითარებადი ერების ეკონომიკური განვითარების ახალი შესაძლებლობების არსებობას. ინტერნეტთან წვდომის ზრდას მაგალითად შეუძლია გააუმჯობესოს დაბალი შემოსავლის მქონე პირების წვდომას ისეთ ფინანსურ სერვისებზე როგორიცაა შემნახველი ანგარიშები და ონლაინ ვაჭრობა.[30]

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აზრისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის და ხელშეწყობის საკითხებში ფრენკ ლა-რიუმ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმართ 2011 წლის თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა, რომ „ინტერნეტთან წვდომის გარეშე, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და ხელს უწყობს ადამიანის რიგი უფლებების განხორციელებას, იზოლირებული ჯგუფები და განვითარებადი ქვეყნები რჩებიან არასახარბიელო მდგომარეობის ხაფანგში, და შესაბამისად გადაუწყვეტელი რჩება უთანასწორობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნებს შორის“.[6] ლა-რიუს მოხსენება დაედო საფუძვლად მტკიცებებს, რომ ინტერნეტთან წვდომის როგორც ადამიანის უფლებისა დასაცავად და ყოველი ერის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის, მთავრობებმა უნდა იმოქმედონ საყოველთაო წვდომის უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც მათ ვალდებულება აქვთ უზრუნველყონ წყალსა და ელექტროენერგიასთან წვდომადობა.[31] საადვოკატო ჯგუფი „A Human Right“-ის შეფასებით, მსოფლიოში დაახლოებით 4.6 მილიარდ ადამიანს ამჟამად არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, ხოლო ინტერნეტთან წვდომის გაზრდა ქვეყანაში სულ რაღაც 10%-ით იწვევს განვითარებადი ქვეყნების მშპ-ის 1.28%-2.5%-ით ზრდას.[32]

შეკრების თავისუფლების უფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულად, შეკრების უფლება გულისხმობდა ადამიანთა მშვიდობიან შეკრებს, მაგალითად პროტესტებს ისეთ ფიზიკურ საჯარო სივრცეებში როგორიცაა ქალაქის მოედნები, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩვენს წინაშეა ადამიანთა შეკრების და ურთიერთობის რევოლუციური სახეცვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, „კიბერსივრცე, სხვა დანარჩენთან ერთად, არის 21-ე საუკუნის საჯარო მოედანი“.[33] დღეს ჩვენ ვხედავთ ინტერნეტსა და შეკრების თავისუფლებას შორის მჭიდრო კავშირის ზრდას. ცნობილია, რომ ონლაინ-პეტიციის ხელმოწერაც კი შეიძლება დაპატიმრების საფუძველი გახდეს ხოლო ინტერნეტი კი, გადაიქცა დემონსტრაციების და საპროტესტო მოძრაობების ორგანიზაციის ხელსაყრელ საშუალებად.[33]

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ თუ არა ინტერნეტისა და ისეთი სოციალური ქსელების წვლილი, როგორებიცაა ტვიტერი და ფეისბუკი, უკანსაკნელი პოლიტიკური მოვლენები როგორებიცაა უკრაინული მაიდანი და არაბული გაზაფხული ვერ მოხდებოდა, ან სულ მცირე არ იქნებოდა ასეთი მასშტაბის.[34][35] ამ პლატფორმებმა თავისი როლი შეასრულეს კომუნიკაციის და საპროტესტო მოძრაობების მასობრივი გავრცელების საშუალების მიცემით.

ინტერნეტთან წვდომა საკვანძო ფაქტორი აღმოჩნდა ასევე მოძრაობაში „დაიკავე“. მოძრაობაში ჩართულმა ჟურნალისტთა კოლექტივმა ინტერნეტთან წვდომის შესახებ განაცხადა, „ღია საკომუნიკაციო პლატფორმებთან წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანთა ევოლუციისა და გადარჩენისთვის“.[36]

რეალიზაცია და სირთულეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანერგვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერნეტთან წვდომის უფლების დანერგვა შეიძლება განხორციელდეს უნივერსალური მომსახურების მომწოდებლებისთვის (პროვაიდერებისთვის) განსაზღვრული მინიმალური კავშირის უზრუნველყოფის დავალდებულებით, ყველა მსურველი საშინაო მომხმარებლისთვის იმ ქვეყნის რეგიონებში, სადაც ისინი საქმიანობენ.

ესპანურენოვანი ქვეყნების დიდი ნაწილი 2005 წლიდან ზეიმობს „ინტერნეტის დღეს“, ინტერნეტიზაციის გასაზრდელად მიმართულ ბევრ სხვა ინიციატივასთან ერთად. პანამაში ფუნქციონირებს 214 „ინფოპლაზა“,[37] სადაც ინტერნეტთან უფასოდ დაკავშირებაა შესაძლებელი.

ინტერნეტთან წვდომის უფლების კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერნეტთან წვდომის ადამიანის ერთ-ერთ უფლებად განსაზღვრის წინააღმდეგ შესამჩნევი კრიტიკის ავტორია ვინტ სერფი, რომელიც ხშირად „ინტერნეტის მამად“ მოიხსენიება. სერფი მიიჩნევს, რომ ინტერნეტთან წვდომა თავისი არსით არ შეიძლება იყოს უფლება. სერფი საკუთარი არგუმენტების შეჯამებისას აცხადებს, „ტექნოლოგია ეს არის უფლების საშუალება, და არა თვით უფლება“. ეს განიხილება როგორც ფაქტების ვიწრო ინტერპრეტაცია ადამიანის უფლებათა სფეროს კომენტატორების, მათ შორის Amnesty International-ის მიერ.[38]

სერფი აღიარებს, რომ ინტერნეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამოქალაქო მონაწილეობაში რის საფუძველზეც იგი ასკვნის, რომ ინტერნეტი უნდა იყოს სამოქალაქო უფლება, თუმცა იგი არ ეთანხმება ადამიანის უფლების უფრო მაღალი სტატუსის მინიჭებას ინტერნეტისთვის.[35]

აღნიშნულმა მოსაზრებამ ონლაინ-დებატები გამოიწვია, რომლის დროსაც განიხილავდნენ ადამიანის უფლებათა მასშტაბებს და უნდა ჰქონდეს თუ არა ინტერნეტთან წვდომას ამგვარი სტატუსი.

ბევრმა სერფის არგუმენტის სისუსტეზე მიანიშნა. სერფი აღნიშნავს, რომ ინტერნეტწვდომის დავალდებულება სახელმწიფოთვის, მისთვის დამამძიმებელი იქნება, და სახელმწიფო ზოგადად არ არის ვალდებული თავის ყველა მოქალაქეს მიაწოდოს კომუნიკაციის სხვა ფორმები, მაგალითად სატელეფონო კავშირი. ეგვიპტელი უფლებადამცველი შერიფ ელსაიდ-ალი ამბობს, რომ უფლების ცნებას აქვს ცვლილების თვისება სოციალური კონტექსტის ცვლილებასთან ერთად. იგი ამტკიცებს, რომ როდესაც ვსაუბრობთ უფლებაზე, უნდა შევხედოთ მას როგორც უფლებაზე რომელიც არ ექნება მსოფლიოს ხალხს, რაც ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად დააზარალებს. ელსაიდ-ალი მიიჩნევს, რომ ინტერნეტის გარეშე ჩვენს განვითარებაში ჩვენ უკან გადავდგამთ ნაბიჯს, რამეთუ სიახლეების და ინოვაციების გავრცელებას მსოფლიოში ბევრად დიდი დრო დასჭირდება ისეთი მნიშვნელოვანი სფეროებიდან, როგორებიცაა ჯანდაცვა და ტექნოლოგიები.[22]

ასევე კრიტიკის ობიექტად იქცა სერფის მიერ ინტერნეტის უფრო უმნიშვნელო საგნად წარმოჩენამ ვიდრე „წამებისგან თავისუფლების ან სინდისის თავისუფლების“ უფლებებია, რამეთუ ინტერნეტთან წვდომა უფრო მნიშვნელოვან უფლებად გამოიყურება თუ მას შევადარებთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლს, სადაც წერია: „უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით...“.[39] ორგანიზაცია A Human Right -მა ყურადღება მიაქცია სერფის იმ განცხადებასაც, რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ ტექნოლოგიის ადამმიანის უფლებათა პანთეონში მოთავსება შეცდომაა, რადგან „საბოლოოდ ჩვენ არასწორ რაღაცებს მივანიჭებთ ღირებულებას“. ორგანიზაცია ამბობს, რომ „პროტოკოლების, სადენების და ბიტების პოპური, რომლებიც ქმნიან ინტერნეტს, არაფრით განსხვავდება ჩაქუჩისა და ლურსმნებისგან რომლითაც სახლი იგება, და მათი კლასიფიკაცია ადამიანის უფლებად ნამდვილად შეცდომა იქნებოდა. თუმცა, ისევე როგორც სახლი უფრო მეტია ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილები, ასევეა ინტერნეტიც.[40]

ბრაიან შეფსი, სერფის კოლეგა გუგლიდან, სერფის დასკვნას ამართლებს, ვინაიდან, მისი აზრით, ინტერნეტის ადამიანის უფლებად ჩამოყალიბების მომხრეები ადამიანის უფლების ცნებას არასწორად განმარტავენ. შეფსის თქმით, ადამინის უფლება უნდა იცავდეს მხოლოდ ისეთ საგნებს, რომლებიც აუცილებელია პოლიტიკურ საზოგადოებაში წევრობისთვის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საზოგადოების ცხოვრებაში, იგი არ უნდა დავინახოთ როგორც საკუთრივ ადამიანის უფლება, ვინაიდან იგი არ არის აუცილებელი საზოგადოების წევრობისთვის. ინტერნეტის ადამიანის უფლებად გამოცხადებით, უფლებადამცველები ადამიანის უფლებების ეფექტიანობას, როგორც გამამართლებელ იარაღს, აუფასურებენ გლობალურ პოლიტიკურ არენაზე, და ამ პროცესს ეწოდება „ადამიანის უფლებათა ინფლაცია“.[41]

სხვებს, ინტერნეტის ადამიანის უფლებებისთვის მიკუთვნება სასაცილოდ მიაჩნიათ, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერნეტის გამოგონებამდე ადამიანი თავისი ერთ-ერთი ფუძემდებლური უფლებისგან მოკლებული იყო, რაც შეუძლებელი იქნებოდა თუ იგი ბუნებრივი და ხელშეუვალი უფლება იქნებოდა.

სხვები აქცენტს აკეთებენ იმ ფაქტზე, რომ საკუთრივ ინტერნეტი კი არ არის უფლება, არამედ ინტერნეტთან წვდომაა უფლება და იგი კანონმდებლობით უნდა გამყარდეს. ევროკავშირის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვივიან რედინგმა განაცხადა, რომ „წესები ითვალისწინებენ, რომ ნებისმიერი მიღებული ზომები, რაც ეხება სერვისებთან წვდომას ან გამოყენებას, შესაბამისობაში უნდა იყოს ფიზიკური პირის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებთან, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციასთან წვდომის და განათლების უფლებებთან.[42] ამ უფლების წართმევამ ცენზურის დაწესებით ან სერვისის გათიშვის გზით, შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის რამდენიმე უფლების დარღვევა, რომლებიც რეალიზდება ინტერნეტით.

ამგვარად, ლა-რიუ ხაზს უსვამს, რომ „თითოეულმა სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს კონკრეტული და ეფექტიანი პოლიტიკა ინტერნეტის ფართოდ ხელმისაწვდომობისთვის მოსახლეობის ყველა ნაწილისთვის“.

სამი დარტყმის სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საავტორო უფლებების დარღვევების საპასუხოდ, რომლისთვისაც ხშირად პირინგული პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება, კრეატორთა ინდუსტრია, რომელიც საავტორო უფლებების დაცვაზეა დამოკიდებული, მხარს უჭერს „დოზირებული პასუხის“ სახელით ცნობილ რეგულაციებს. აღნიშნული კანონი ითვალისწინებს მომხმარებლის გათიშვას რამდენიმე გამაფრთხილებელი წერილის შემდეგ საავტორო უფლებების არამართლზომიერი გამოყენების შესახებ. კონტენტური ინდუსტრია მიისწრაფოდა პროვაიდერებთან თანამშრომლობისკენ, და სთხოვდნენ მომხმარებელთა ინფორმაციის გამხელას IP-მისამართებით იდენტიფიცირებისთვის, რადგან ისინი საავტორო უფლებების დარღვევით არიან დაკავებულები.[43] სამი გაფრთხილების იდეა, რომელსაც ბოლოს მომხმარებლისთვის ინტერნეტის გათიშვა მოყვებოდა,თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც „სამი დარტყმა“, რაც ბეისბოლის წესიდან გამომდინარეობს. შემდეგ ამ მიდგომას „დოზირებული პასუხი“ დაერქვა. პრესის ყურადღება მიიპყრო ამ წესის იმპლემენტაციის მცდელობებმა საფრანგეთში (HADOPI)[44] და დიდ ბრიტანეთში (Digital Economy Act 2010), მაგრამ ეს მეთოდი, ან მისი სახეცვლილი ვარიანტი დაინერგა სხვა რამდენიმე ქვეყანაშიც, ან მიმდინარეობს მომზადება ამისთვის.[45]

ინტერნეტის მომავალი რეგულაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერნეტი მთლიანობაში განიხილება როგორც გარემო, რომელიც არც ერთი ქვეყნის იურისდიქციას არ ექვემდებარება, მაშინ როცა ინტერნეტის გარკვეული ნაწილები კანონების და რეგულაციების საგნებია იმ ქვეყნებში, სადაც ისინი მოქმედებენ.[46] მიმდინარეობს საერთაშორისო დიალოგები ინტერნეტის რეგულირების გვარობის თაობაზე.

ადამიანის უფლებათა დამცველები მხარს უჭერენ უფლებების დასაცავად გამიზნულ ნებისმიერ რეგულაციას ინტერნეტში, გარდა ინტერნეტთან წვდომის შეზღუდვისა.[47] ნებისმიერ მცდელობას დარეგულირდეს „მავნე“ ან უკანონო ქმედებები ინტერნეტში, შეიძლება შეხვდეს სირთულეები საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან სახელმწიფოები ერთმანეთისგან განსხვავებულად განსაზღვრავენ როგორც „მავნეს“, ასევე „უკანონოს“.[29]

გარანტირებული უზრუნველყოფის მოცულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანონით გამყარებული წვდომის სახეობა და მოცულობაც შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს, იმ მთავრობებს კი, რომლებმაც ფართოზოლიანი კავშირის უფლების დაკანონებას მიაღწიეს, ხშირად, ერთი შეხედვით, სიჩქარის, საშინაო დაერთებების რაოდენობის და უზრუნველყოფის სახეობის ადეკვატური მინიმალური მნიშვნელობები აქვთ განსაზღვრული.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Declaration of Principles", WSIS-03/GENEVA/DOC/4-E, World Summit on the Information Society, Geneva, 12 დეკემბერი, 2003
  2. 2.0 2.1 Klang, Mathias; Murray, Andrew (2005). Human Rights in the Digital Age. Routledge. p. 1.
  3. BBC გამოკითხვაში ინტერნეტმომხმარებლად მიიჩნევს პირს, რომელსაც უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში ჰქონდა ინტერნეტთან ურთიერთობა.
  4. "BBC Internet Poll: Detailed Findings", BBC World Service, 8 მარტი, 2010
  5. "Internet access is 'a fundamental right'", BBC News, 8 მარტი, 2010
  6. 6.0 6.1 VI. Conclusions and recommendations, Report of the Special Rapporteur on the promotion and protection of the right to freedom of opinion and expression, Frank La Rue, Human Rights Council, Seventeenth session Agenda item 3, United Nations General Assembly, 16 მაისი, 2011
  7. Wilson, Jenny (7 ივნისი, 2011). "United Nations Report Declares Internet Access a Human Right". TIMETechland.
  8. Kravets, David (3 ივნისი, 2011). "U.N. Report Declares Internet Access a Human Right". Wired.
  9. "Internet should remain as open as possible – UN expert on freedom of expression". Geneva: UN Office of the High Commissioner for Human Rights. 3 ივნისი, 2011.
  10. "Global Internet User Survey 2012 დაარქივებული 2013-03-14 საიტზე Wayback Machine. ", Internet Society, 20 ნოემბერი, 2012
  11. 11.0 11.1 Vincent, James (2016-07-04). "UN condemns internet access disruption as a human rights violation". The Verge.
  12. "Judgement 12790 of the Supreme Court", File 09-013141-0007-CO, 30 ივლისი, 2010.
  13. "Estonia, where being wired is a human right", Colin Woodard, Christian Science Monitor, 1 ივლისი, 2003
  14. "Finland makes 1Mb broadband access a legal right", Don Reisinger, CNet News, 14 ოქტომბერი, 2009
  15. "Top French Court Declares Internet Access 'Basic Human Right'". London Times. Fox News. 12 ივნისი, 2009.
  16. C onstitution of Greece As revised by the parliamentary resolution of May 27th 2008 of the VIIIth Revisionary Parliament, English language translation. Hellenic Parliament
  17. "Conexión de 1 Mbps, un derecho en 2011". Tecnologyc. 18 ნოემბერი, 2009.
  18. Sarah Morris (17 ნოემბერი,r 2009). "Spain govt to guarantee legal right to broadband". Reuters.
  19. კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი დაარქივებული 2017-08-11 საიტზე Wayback Machine. . საქართველოს პარლამენტი.
  20. კონსტიტუციის პროექტით, ინტერნეტზე წვდომა მოქალაქის უფლებად არის აღიარებული“. ტაბულა. 20 აპრილი, 2017
  21. UN declares Stephanie Borg Psailia, "Internet access a human right’ – does it really?"
  22. 22.0 22.1 22.2 Sherif Elsayed-Ali, "Internet access is integral to human rights"
  23. 23.0 23.1 Paul Scrom "SOPA & PIPA: Human Rights in Intellectual Property & Freedom of Speech დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine. "
  24. Emily Parker. "Russia Is Trying to Copy China’s Approach to Internet Censorship". Slate Magazine.
  25. "Russia internet blacklist law takes effect". BBC. 1 ნოემბერი, 2012
  26. "Russians are getting years in jail for their social media ‘likes’". New York Post. 31 მაისი, 2016
  27. Thomas Grove. "Russian Wikipedia closes site to protest Internet law". Reuters. 10 ივლისი, 2012
  28. Doha Centre for Media Freedom, "Internet access - a human right? დაარქივებული 2014-01-02 საიტზე Wayback Machine. "
  29. 29.0 29.1 Yaman Akdenian "Freedom of Expression on the Internet". 15 დეკემბერი, 2011
  30. Brendan Greeley and Eric Ombok (8 September 2011), "In Kenya, Securing Cash on a Cell Phone", Business Week. 17 აგვისტო, 2012
  31. Huffington Post: Internet Access Is A Human Right, United Nations Report Declares. 4 აგვისტო, 2013
  32. A Human Right. 17 აგვისტო, 2012
  33. 33.0 33.1 Douglas Rutzen and Jacob Zenn, "Association and Assembly in the Digital Age დაარქივებული 2013-10-15 საიტზე Wayback Machine. "
  34. Jillian York, "Middle East memes: a guide"
  35. 35.0 35.1 Vinton Cerf, "Internet Access Is Not a Human Right"
  36. "What Does Occupy Wall Street Have To Do With Internet Freedom and Media Reform? Everything![მკვდარი ბმული]". Center for Media Justice
  37. Measuring the Contribution of Internet Plazas დაარქივებული 2017-09-29 საიტზე Wayback Machine. . ITID Journal
  38. Scott Edwards, "Is Internet Access A Human Right? დაარქივებული 2012-01-15 საიტზე Wayback Machine. "
  39. Universal Declaration of Human Rights
  40. Our Response To Vint Cerf დაარქივებული 2013-10-15 საიტზე Wayback Machine. . 16 იანვარი, 2016
  41. "Is There a Human Right to the Internet?", Brian Skepys, Journal of Politics and Law, Vol. 5, No. 4 (ნოემბერი, 2012), pages 15-29, Canadian Center of Science and Education, ISSN 1913-9047, doi: 10.5539/jpl.v5n4p15.
  42. Don Reisinger, "Vint Cerf: Internet access isn't a human right"
  43. Klosek, Jacqueline (9 ოქტომბერი, 2009). "United States: Combating Piracy And protecting privacy: A European Perspective". Mondaq
  44. N. Lucchi, "Access to Network Services and Protection of Constitutional Rights: Recognizing the Essential Role of Internet Access for the Freedom of Expression დაარქივებული 2013-10-21 საიტზე Wayback Machine. ", Cardozo Journal of International and Comparative Law (JICL), Vol. 19, No. 3, 2011.
  45. Anderson, Nate. "IFPI: "Three strikes" efforts hit worldwide home run". Ars Technica. 19 აგვისტო, 2008
  46. Balancing Internet regulation and human rights. 23 იანვარი, 2012
  47. Gerrit Eicker. Internet Access: a Human Right? 6 იანვარი, 2012