ინსტერბურგის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინსტერბურგის ციხესიმაგრე
Замок Инстербург

ციხესიმაგრე 1911 წელს.
კოორდინატები 54°39′39″N 21°48′27″E / 54.660965° ჩ. გ. 21.80756° ა. გ. / 54.660965; 21.80756
მდებარეობა ჩერნიახოვსკი, კალინინგრადის ოლქი, რუსეთი
თარიღდება 1336
მდგომარეობა ნანგრევები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3910222000

ინსტერბურგის ციხესიმაგრე (რუს. Замок Инстербург, გერმ. Burg Insterburg) — ტევტონთა ორდენის უძველესი პრუსიული ციხესიმაგრე, მდებარეობს ქალაქ ჩერნიახოვსკში (1946 წლამდე - ინსტერბურგი) კალინინგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

ციხესიაგრე დააარსეს 1336 წელს ტევტონთა ორდენის მაგისტრის დიტრიხ ფონ ალტენბურგის ბრძანებით ქალაქ უნზეტრაპის ადგილზე, რომელიც 1256 წელს დაანგრიეს ნადროვიაში ორდენის სამხედრო კამპანიის პერიოდში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინსტერბურგის ციხესიმაგრე განეკუთვნება ე. წ. „წყლის“ ციხესიმაგრეების ჯგუფს, რომელიც გარშემოტყმულია წყლის მასებით. ციხესიმაგრე აგებული იყო მუხის ძელებისაგან ადგილობრივი პრუსიელების ფინანსებით და კენიგსბერგელი ორდენის ობერსტ-მარშლის ხელმძღვანელობით.

ზუსტი ცნობები თუ როდის მოხდა ხის ციხესიმაგრის გადაკეთება ქვის ციხესიმაგრედ, უცნობია. ციხესიმაგრე თავდაპირველი სახით შემორჩენილი არ არის, რადგან იგი ორჯერ დაანგრიეს და დაწვეს: 1376 წელს ლიტველთა ძალებმა თავად სვერდეიკის მეთაურობით და 1457 წელს პრუსიული ქალაქების ომის პერიოდში.

დანიშნულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინსტერბურგის ციხესიმაგრეს ჰქონდა ორმაგი დანიშნულება: იყო ბასტიონი ლიტველი მტრების თავდასხმის პერიოდში და ამავდროულად კარიბჭე ორდენის სამხევრო ლაშქრობების დროს.

ციხესიმაგრეს ჰქონდა აღმოსავლეთ პრუსიის შუა საუკუნეების თავდაცვითი სტრუქტურების ტიპის დამახასიათებელი თავისებურებები, რომელიც აერთიანებდა საბრძოლო ციხის ფუნქციებს და რაინდთა კომპლექსის ერთიან კომპლექსს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხესიმაგრე XX საუკუნის დასაწყისში

ციხესიმაგრის კომპლექსი შედგება ციტადელისა და ფორბურგისაგან. ციტადელი კვადრატული, ორსართულიანი ნაგებობაა დაგეგმარებაში, სქელი ყრუ კედლებით და შიდა ეზოთი, სადაც მდებარეობს ჭა. ციტადელს ჰქონდა ერთადერთი თაღოვანი გასასვლელი დასავლეთის მხარეს. ფორბურგი წარმოადგენს შემოღობილ სათავდაცვო კედლებს.

საომარი მოქმედებების საზღვარზე მდებარე ციხესიმაგრე დიდი ხნის განმავლობაში სამოქალაქო მოსახლეობისათვის არ იყო საცხოვრებლად მიმზიდველი. ციხესიმაგრის გარშემო დასახლების შესახებ პირველად ინფორმაცია ჩნდება 1466 წელს. ამ პერიოდისათვის აქ არსებობდა სამი დასახლება: ფრაიჰაიტი - ციხესიმაგრის სამხრეთ კედელთან, ჰაკელვერკი ტრაქტირით, ჭაობის სამხრეთ მხარეს და პრუსიული დასახლება შპარგე მდინარე ანგრაპის ზემო დინებაში. მათი მაცხოვრებლები დაკავებული იყვნენ ვაჭრობითა და მიწათმოქმედებით.

1525 წლიდან ციხესიმაგრე გადაიქცა ინსტერბურგის ოლქის მთავარი სამმართველოს რეზიდენციად. პირველ მმართველად დაინიშნა იოჰან პაინი. 1583 წლის 10 ოქტომბერს მარკგრაფ გეორგ ფრიდრიხ ფონ ანსბახის (1539-1603 წწ.) პირადი სიგელით ინსტერბურგმა ქალაქის პრივილეგიები მიიღო, ჰქონდა საკუთარი სასამართლო, ქალაქის გერბი და ბეჭედი.

არეულ XVII საუკუნეში ციხესიმაგრე მუდმივი თავდასხმების ეპიცენტრში იყო. 1679 წელს ციხესიმაგრემ ვერ გაუძლო შვედების თავდასხმას და 1 იანვარს აიღეს შვედებმა.

ამ პერიოდში მას ზოგჯერ სტუმრობდა მმართველი კურფიურსტი, ხოლო შვედეთის დედოფალი ელეონორა მარია ავსტრიელი ციხესიმაგრეში ცხოვრობდა 1642 წლიდან, რათა ხელი შეეწყო ქალაქის განვითარებისათვის.

XVIII-XIX საუკუნეებში ციხესიმაგრეში რიგრიგობით განთავსებული იყო კარის სასამართლო, სამხედრო აღჭურვილობის საწყობი, ლაზარეთი 200 საწოლზე (ნაპოლეონის კამპანიის დროს), ესკადრილიების ყაზარმა. ყველაფერი ამის გამო ხდებოდა ციხესიმაგრის არაერთგზის გადაკეთება და რეკონსტრუქცია. XIX საუკუნის შუა წლებში ყოფილი კომპლექსიდან შემონახული იყო მხოლოდ ციტადელის კედელი და ერთი კუთხის კოშკი პაინ-ტურმი, რომელზეც დამონტაჟებული იყო საათი. XIX საუკუნის განმავლობაში ფორბურგი არაერთხელ გადააკეთეს, რის გამოც თავდაცვითი კედლის ნაწილი განადგურდა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ციხესიმაგრის ციტადელში განათავსეს ინსტერბურგის სიძველეთა საზოგადოების მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

1945 წელს ციხესიმაგრეზე მიიტანეს შტურმი და ძლიერ დაზიანდა გაჩენილი ხანძრის გამო. სავარაუდოდ, ციტადელის დარჩენილი ნაწილი 1949 წელს გაჩენილმა ხანძარმა სრულიად გაანადგურა. 1950-იან წლებში ციხესიმაგრის ტერიტორია გადაეცა № 1 სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს.

ჩვენს ეპოქამდე ციხესიმაგრემ ნახევრად დანგრეული სახით მოაღწია. დაანგრიეს ასევე უკანასკნელი კუთხის კოშკი პაინ-ტურმი. არ შემონახულა ფორბურგის ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთის კედლები, გადარჩენილია თავდაცვითი კედლის მხოლოდ ნაწილი და მიმდებარე ციტადელი.

1997 წლიდან ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მოქმედებს ენთუზიასტების დაჯგუფება „სახლი-ციხესიმაგრე“, 2003 წლიდან ორგანიზაცია ფედერალური მნიშვნელობის ისტორიის ძეგლის „ინსტერბურგის ციხესიმაგრის“ ოფიციალური მფლობელია. 2010 წლის 28 ოქტომბრიდან ციხესიმაგრე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Tomasz Torbus: Die Konventsburgen im Deutschordensland Preußen. Oldenbourg, München 1998, ISBN 3-486-56358-0.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]