ინსექტიციდები
ინსექტიციდები (< ლათ. insectum — „მწერი“ და caedo — „მოკვლა“) — ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებები მწერების წინააღმდეგ საბრძოლველად; მიეკუთვნება პესტიციდებს. ინსექტიციდებს იყენებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების, მარცვლეულის მარაგების, მერქნის, ქსოვილების და სხვა პროდუქტების მავნებელი მწერებისგან დასაცავად, დაავადებათა გადამტანებისა და ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ საბრძოლველად, საყოფაცხოვრებო მწერების გასანადგურებლად.[1]
კლასიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინსექტიციდების უმეტესობა მწერებს აზიანებს განვითარების გარკვეულ სტადიებზე. არსებობს:
- ოვიციდები (ლათ. ovum — „კვერცხი“), რომლებიც ანადგურებს მწერების კვერცხებს;
- ლარვიციდები (ლათ. larva — „ლარვა“), რომლებიც კლავს მათ ლარვებს;
- იმაგოციდები (ლათ. imago — „ზრდასრული ინდივიდი“), რომლებიც მომაკვდინებლად მოქმედებს ზრდასრულ მწერებზე.
მოქმედების ფართო სპექტრის ინსექტიციდების გარდა, რომლებიც აზიანებენ სხვადასხვა რიგის მწერებს, არსებობს ვიწრო სპექტრის (ე.წ. სელექციური) ინსექტიციდები. მაგალითად, ბუგრების წინააღმდეგ გამოიყენება აფიციდები (ლათ. aphis — „ბუგრი“). მწერის ორგანიზმში შეღწევის გზების მიხედვით, ინსექტიციდები იყოფა კონტაქტურ (შეღწევა ხდება სხეულის საფარველზე მოხვედრით), ნაწლავურ (შედის საკვებთან ერთად), კონტაქტურ-ნაწლავურ ინსექტიციდებად და ფუმიგანტებად (შედის სასუნთქი ორგანოების გავლით). ზოგიერთი ინსექტიციდი (ე.წ. სისტემური) გადაადგილდება მცენარის გამტარ სისტემებში და მცენარეებს ტოქსიკურს ხდის მწერებისთვის. სისტემურ ინსექტიციდებს ასევე იყენებენ ვეტერინარიაში: პრეპარატის შეყვანის შემდეგ ცხოველის სისხლი ტოქსიკური ხდება პარაზიტებისთვის.[1]
მოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინსექტიციდების მოქმედება ეფუძნება მწერის ორგანიზმში ამა თუ იმ ფიზიოლოგიური პროცესის დარღვევას. ინსექტიციდების უმეტესობა მოქმედებს მწერის ნერვულ სისტემაზე, ხელს უშლის ნერვული იმპულსის გადაცემას (ნერვული აგზნების გადაცემაში მონაწილე ფერმენტების მოქმედების ინჰიბირებით ან დათრგუნვით, იონური მიმოცვლის პროცესების დარღვევით და სხვ.) და იწვევს დამბლას; ცალკე ჯგუფად გამოყოფენ ფეხსახსრიანთა ზრდის, განვითარებისა და გამრავლების რეგულატორებს. ინსექტიციდები ძირითადად ორგანული ნაერთებია (ქლორორგანული, ფოსფორორგანული და სხვ.). ბევრი ინსექტიციდი (პირეტროიდები, ნეონიკოტინოიდები და სხვ.) წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის ტოქსიკური ნივთიერებების სინთეზურ ანალოგებს. ასევე იყენებენ ენტომოპათოგენური მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედების პროდუქტების საფუძველზე დამზადებულ ინსექტიციდებს; მაგალითად, მაღალი ეფექტურობით (მათ შორის აკარიციდული და ნემატოციდური) გამოირჩევა ავერმექტინები, რომლებიც შეიცავს აქტინომიცეტ Streptomyces avermitilis-ის ცხოველმოქმედების პროდუქტებს. ცალკე ჯგუფს შეადგენს ენტომოპათოგენური მიკროორგანიზმების (ვირუსები, ბაქტერიები, უმარტივესები და სხვ.) საფუძველზე დამზადებული ინსექტიციდები, ამ მიკროორგანიზმებს მწერის ორგანიზმში განვითარებით შეუძლიათ გამოიწვიონ მისი სიკვდილი.[1]
გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მემცენარეობაში ინსექტიციდებს იყენებენ ნიადაგში გრანულირებული პრეპარატების შეტანით, მცენარეებზე სითხის შესხურებით, შენობებში ფუმიგანტების გაფრქვევით, თესლის შეწამვლით, სარგავი მასალის დამუშავებით და სხვ. ცხოველებს ინსექტიციდებით ამუშავებენ ძირითადად შესხურებით, შეფრქვევით, სპეციალურ აბაზანებში ბანაობით; ზოგიერთი ინსექტიციდი შეჰყავთ ინიექციით. მავნებელი მწერების ცალკეულმა სახეობებმა შეიძინეს რეზისტენტობა ინსექტიციდების ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ, რაც ამცირებს მათი გამოყენების ეფექტურობას. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად ან მის დასაძლევად იყენებენ სხვადასხვა ტოქსიკური მოქმედების მექანიზმის მქონე ინსექტიციდების მონაცვლეობის სპეციალურ სქემებს, ასევე მათ ნარევებს.[1]
უსაფრთხოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინსექტიციდების უმეტესი მიეკუთვნება ადამიანისთვის ზომიერად საშიშ ნივთიერებებს, ნაწილი — საშიშს, ხოლო ფუმიგანტები და კარბამინის მჟავას ზოგიერთი წარმოებული — უკიდურესად საშიშს. ბევრი ინსექტიციდი ტოქსიკურია თბილსისხლიანი ცხოველების, ქვეწარმავლების, ამფიბიების, თევზებისა და წყლის სხვა ორგანიზმების, წვიმის ჭიების მიმართ. ღია გრუნტში ინსექტიციდები არატოქსიკურ ნაერთებად იშლება ძირითადად 20–30 (ზოგჯერ 40–90) დღეში. ინსექტიციდების არასასურველი ზემოქმედების (წყალსატევებში მოხვედრა, დამამტვერიანებელი და სხვა სასარგებლო მწერების მოწამვლა, ცხოველურ, მცენარეულ პროდუქტებში და საკვებში დაგროვება და სხვ.) თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მათი შენახვის, გამოყენებისა და ტრანსპორტირების ინსტრუქციების მკაცრად დაცვა.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Попов С. Я. Инсектициды // Большая российская энциклопедия. т. 11. — М., 2008. — стр. 407.