ინო (მითოლოგია)
ინო | |
---|---|
![]() ლეიკოთეა (1862) | |
მითოლოგია: | ძველი საბერძნეთის რელიგია |
სქესი: | მდედრობითი |
მამა: | კადმოსი |
დედა: | ჰარმონია |
და-ძმა: | სემელე, პოლიდოროსი, აგავე, ავტონოე |
მეუღლე: | ათამასი |
შვილები: | ლეარქოსი მელიკერტესი |
გამოსახულებები |
ინო (/ˈaɪnoʊ/ EYE-noh; ძვ. ბერძნ. Ἰνώ) — თებელი პრინცესა ბერძნული მითოლოგიიდან, რომელიც მოგვიანებით ბეოტიის დედოფალი გახდა. მისი გარდაცვალებისა და გაღმერთების შემდეგ მას მოიხსენიებდნენ როგორც ქალღმერთ ლეიკოთეას, („თეთრ ქალღმერთს“). ალკმანმა მას „ზღვის დედოფალი“ (θαλασσομέδουσα thalassomédousa)[1] უწოდა, რაც, თუ ჰიპერბოლად არ იგულისხმებოდა, ინოს ამფიტრიტეს პარალელ ქალღმერთად აქცევდა.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინო თებეს მეფე კადმოსისა და დედოფალ ჰარმონიას მეორე ქალიშვილი და სემელეს, დიონისეს მოკვდავი დედის სამი დიდან ერთ-ერთი იყო. მისი ერთადერთი ძმა პოლიდოროსი, თებეს მომავალი მმართველი გახლდათ. ორ დასთან, აგავესთან და ავტონოესთან ერთად, ისინი დიონისეს მომვლელები და ღვთაებრივი აღმზრდელები იყვნენ:
ინო უპირველესი დიონისელი ქალი, ღმერთის მედდა და ღვთაებრივი მენადა იყო. (Kerenyi 1976, გვ. 246)
ინო იყო მინიელთა მეფის, ათამასის მეორე ცოლი, ლეარქოსის და მელიკერტესის დედა და ფრიქსეს და ჰელეს დედინაცვალი.
მითოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იასონისა და ოქროს საწმისის ლეგენდის სიუჟეტში, ფრიქსეს და ჰელეს, ათამასისა და ნეფელეს ტყუპ შვილებს, დედინაცვალი, ინო, მთელი გულით სძულდათ. ინომ მზაკვრული გეგმა შეიმუშავა, რათა ტყუპები თავიდან მოეცილებინა, და ბეოტიის უკლებლივ ყველა სათესად გამზადებული ხორბლის თესლი გაანადგურა (გამოაშრო), რათა ნაყოფი არ გამოეღოთ.[2] შემდეგ მან ორაკულთან გაგზავნილი კაცები მოისყიდა, რომ მათ მოეტყუებინათ და ეთქვათ, რომ კარგი მოსავლისათვის, ორაკული, ფრიქსეს სახით შესაწირავს მოითხოვდა. ათამასი უხალისოდ დათანხმდა.
სანამ მოკვდებოდა, ფრიქსე და ჰელე მფრინავმა ოქროს ვერძმა გადაარჩინა, რომელიც მათმა დედამ, ნეფელემ გამოგზავნა. ჰელე ვერძიდან ჰელესპონტში (რომელსაც მისი სახელი ეწოდა - „ჰელეს ზღვა“) ჩავარდა და დაიხრჩო, მაგრამ ფრიქსემ კოლხეთამდე მიაღწია, სადაც მეფე აიეტმა ის შეიფარა, კეთილად მოეპყრო, და ცოლად თავისი ქალიშვილი, ქალკიოპე გაატანა. მადლობის ნიშნად ფრიქსემ მეფეს ვერძის ოქროს საწმისი აჩუქა, რომელიც აიეტმა თავის სამეფოში, ხეზე ჩამოკიდა.
მოგვიანებით, ინომ, დიონისე, საკუთარი დისშვილი, სემელესა და ღმერთ ზევსის ვაჟი აღზარდა, რამაც ჰერას ძლიერი ეჭვიანობა გამოიწვია. შურისძიების მიზნით ჰერამ ათამასი სიგიჟით დასაჯა. მეფე ჭკუიდან შეცდა, თავისი ერთ-ერთი ვაჟი, ლეარქოსი მოკლა, და ინოს გაედევნა. მისგან თავის დასაღწევად ინო შვილ მელიკერტესთან ერთად ზღვაში გადახტა. ორივეს წყლის ღვთაებად შეირაცხა - ინო ლეიკოთეად („თეთრი ქალღმერთი“) და მელიკერტე პალემონად.
ისტორიის სხვა ვარიაციით, ინოც გაგიჟდა და მელიცერტესი ქვაბში მოხარშა, შემდეგ კი ზღვაში მკვდარ შვილთან ერთად გადახტა. ზევსს ინოს სიკვდილი არ სურდა, და ის და მელიკერტესი ლეიკოთეად და პალემონად აქცია.
ინოს, ათამასისა და მელიკერტესის ამბავი აქტუალურია ასევე ორი სხვა საკითხის კონტექსტშიც. ინო, კადმოსის და ჰარმონიას ქალიშვილი, ისევე ტრაგიკულად დაიღუპა, როგორც მისი და-ძმები: სემელე, ზევსის შვილზე ორსული, საკუთარმა სიამაყემ და თავისი საყვარლის მიმართ უნდობლობამ დაღუპა; აგავემ საკუთარი ვაჟი, მეფე პანთეუსი, დიონისური სიგიჟის წამოვლისას მოკლა, ხოლო აქტეონი, ავტონოეს ვაჟი და მესამე დედმამიშვილი, თავისივე მწევრებმა დაგლიჯეს. ინოსა და ათამასის სიგიჟე, შეიძლება დიონისესთან კონტაქტით აიხსნას, რომლის ახლოს ყოფნას ამ დაავადების გამოწვევა შეუძლია, რადგან, მითების თანახმად, ღვინის ღმერთის ძლევამოსილებას ვერავინ გაექცევა.
ინოს გაუჩინარების შემდეგ, მისმა ზოგიერთმა მხლებელმა ჰერას შეურაცხყოფა დაიწყო, ამიტომ ქალღმერთმა ისინი (ოვიდიუსის მიხედვით) ჩიტებად აქცია.[3][4]
როდესაც ათამასი თავის მეორე ცოლს, ინოს დაუბრუნდა, თემისტომ (მისმა მესამე ცოლმა) შურისძიება სცადა, საკუთარ შვილებს თეთრი ტანსაცმელი ჩააცვა, ინოს შვილებს კი - შავი, და შავში ჩაცმული ბავშვების მკვლელობა მოითხოვა. ინომ, თემისტოსაგან საიდუმლოდ, სამოსელი ბავშვებს შორის გადაცვალა და ამის გამო თემისტომ საკუთარი შვილების მკვლელობა გამოიწვია. ინოსა და თემისტოს ამბავი პიესა „ინოს“, ევრიპიდეს დაკარგული ნაშრომის მთავარი თემა გახლდათ. ევრიპიდეს პიესის მანამდე უცნობი ფრაგმენტები 2022 წელს აღმოაჩინეს და ისინი 2024 წელს გამოქვეყნდა.[5]
ქალღმერთ ლეიკოთეად გარდაქმნილი ინო ასევე წარმოადგენს ოდისევსისთვის ღვთაებრივი დახმარების მრავალი წყაროდან ერთ-ერთს „ოდისეაში“ (5:333), რითიც ის პირველად ჩნდება ლიტერატურაში. მას ჰომეროსი ახასიათებს, როგორც:
„მშვენიერკოჭიანი ინო-ლეოკოთეა [καλλίσφυρος], კადმუსის ასული, რომელიც ოდესღაც მოკვდავი იყო, რომელიც ადამიანთა ენით ლაპარაკობდა, ახლა კი ზღვის მარილიან წყლებში ღმერთების მიერ პატივცემულია“.
ის ოდისევსს საბურავს აწვდის და ეუბნება, გადააგდოს საკუთარი მოსასხამი და ჯოხი, შემდეგ ასწავლის, როგორ მიანდოს თავი ტალღებს და მიაგნოს ხმელეთს, და საბოლოოდ მიაღწიოს კუნძულ შერიას (კერკირა), ფეასინების მიწას.
ისტორიულ ეპოქაში, დიონისეს სამსახურში მყოფი თებეს მენადების დადნაფიცები თავიანთ თავებს ინოს შთამომავლებად მიიჩნევდნენ.[6]
გალერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
„ათამასი და ინო“ (XVII საუკუნე)
-
„გიჟი ათამასი ლექარუსს კლავს, ხოლო ინო და მელიკერტორი ზღვაში ხტებიან“, ვილჰელმ იანსონი
-
„ტისიფონე ათამასსა და ინოს აგიჟებს“; (XVII საუკუნე)
-
„ათამასი გლეჯს საკუთარ ვაჟებს“, გოდფრიდ მაე
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- pseudo-Apollodorus (1921). Bibliotheca. Harvard University Press / William Heinemann Ltd.. (2 volumes). — Greek text.
- Burkert, Walter (1992). The Orientalizing Revolution: Near Eastern influence on Greek culture in the early Archaic Age. Harvard University Press.
- Campbell, David A. (1988). Greek Lyric, Loeb Classical Library. Harvard University Press.
- Dalby, Andrew (2005). The Story of Bacchus. British Museum Press, გვ. 36–42, 151. (US ISBN 0-89236-742-3)
- Hesiod (1914). The Homeric Hymns and Homerica. Harvard University Press / William Heinemann Ltd.. Greek text also available.
- Kerenyi, K. (1976). Dionysus: Archetypal image of indestructible life. Bollingen.
- Kerenyi, K. (1951). The Gods of the Greeks. Thames and Hudson.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ἀλκμάν (1988). რედ. Campbell: Alcman Fragments, Loeb Classical Library. Harvard University Press, გვ. 428, 429.
- ↑ pseudo-Apollodorus, 1921
- ↑ Janan, Micaela (22 October 2009). Reflections in a Serpent's Eye: Thebes in Ovid's Metamorphoses. Oxford New York: Oxford University Press, გვ. 93. ISBN 978-0-19-955692-2.
- ↑ Aratus (10 June 2004). Aratus: Phaenomena, Classical Texts and Commentaries. Cambridge University Press, გვ. 293. ISBN 0-521-58230-X.
- ↑ Uncovered Euripides fragments are 'kind of a big deal' (1 August 2024). ციტირების თარიღი: 10 August 2024
- ↑ Burkert, 1992, pg. 44