შინაარსზე გადასვლა

ინო ანასტასია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინო ანასტასია
ავგუსტა

ანასტასიასა (მარჯვნივ) და ტიბერიუსის (მარცხნივ) გამოსახულებიანი მონეტა
ბიზანტიის იმპერატორის მეუღლე
მმართ. წლები: 578-582
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: VI საუკუნე
გარდ. თარიღი: 593
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი (ახლა თურქეთი)
მეუღლე: იოანე
ტიბერიუს II
შვილები: უცნობი[1]
კარიტო
კონსტანტინა[2]
სრული სახელი: ელია ანასტასია ავგუსტა
დინასტია: იუსტინიანთა

ინო (ბერძ.  Ἰνώ), შემდგომ ელია ანასტასია (გ. 593) — ბიზანტიის იმპერატორ ტიბერიუს II კონსტანტინეს (მმართვ. 578–582) მეუღლე და ავგუსტა 578 წლიდან გარდაცვალებამდე.

ბავშვობა და ქორწინება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოანე ეფესელის გადმოცემის მიხედვით, ინო დაფნუდიუმიდან, შესაძლოა კუნძულ დაფნოზიადან ყოფილიყო.[3] იგი პირველად ოპტიო იოანეზე, ბიზანტიის არმიის დაბალი რანგის ოფიცერზე დაქორწინდა. მათ შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც ტიბერიუსზე გათხოვებას უპირებდნენ. ინოს ქმარი და ქალიშვილი საქორწინო გარიგების დადებამდე დაიღუპნენ, და ამის ნაცვლად, თავად ინო დაქორწინდა მომავალ იმპერატორზე.[3]

იოანე ეფესელი აღნიშნავს, რომ ინოს და ტიბერიუსს სამი შვილი შეეძინათ. ქალიშვილები - კონსტანტინა და კარიტო სახელებით არიან ცნობილნი. მესამე შვილი სავარაუდოდ ტიბერიუსის მიერ კეისრის წოდების მიღებამდე დაიღუპა.[3]

ტიბერიუსი იუსტინე მეორის დროს ექსკუბიტორთა მეთაურის თანამდებობაზე მსახურობდა. გავრცელებული ინფორმაციით, იუსტინეს დროებითი სიგიჟე აწუხებდა და თავის მოვალეობებს ჯერ კიდევ 573 წლის ნოემბერში, სასანიანთა იმპერიის მმართველ ხოსრო პირველის ხელში მნიშვნელოვანი დარას ციხესიმაგრის ჩავარდნის დროს ვერ ასრულებდა.[4] აღმოსავლეთ რომაელი ისტორიკოსები, მათ შორის ევაგრიოს სქოლასტიკოსი და მენანდრე პროტიქტორი, ახსენებენ, რომ იუსტინეს ცოლის, სოფიას ძალაუფლების ზრდასთან ერთად, ტიბერიუსის გავლენაც იზრდებოდა.[5] რეგენტად გახდომის შემდეგ, სოფიამ ტიბერიუსის კეისრის წოდებაზე დანიშვნა მოითხოვა.[4]

თეოფანე აღმსარებლის ქრონიკის მიხედვით, ტიბერიუსი კეისრად იუსტინეს მიერ, 574 წლის 7 დეკემბერს დაინიშნა;[4] იმპერატორმა ის იშვილა კიდეც, და ამით ტახტის მემკვიდრე გახადა.[6] ამ დროს, ინოს, კესარისას, იმპერიაში მეორე უმნიშვნელოვანესი ქალბატონის ტიტული მიენიჭა.[7]

იოანე ეფესელის საეკლესიო ისტორია და თეოფანე აღმსარებლის მატიანე აღნიშნავენ, რომ სოფია ტიბერიუსზე დაქორწინებაზეც ფიქრობდა.[6] ტიბერიუსის ინოზე ქორწინება იუსტინეს მეუღლეს მეტად შეურაცხყოფდა, ამიტომ ინო და მისი ქალიშვილები კონსტანტინოპოლის სასახლეშიც არ შეუშვა, და სანაცვლოდ, ჰორმისდასის რეზიდენციაში დაასახლა, სადაც იუსტინიანე პირველი ტახტზე ასვლამდე ცხოვრობდა.[3] იოანე ეფესელის ცნობით, ტიბერიუსი ყოველ საღამოს ოჯახთან მიდიოდა, ხოლო ყოველ დილას სასახლეში ბრუნდებოდა. სოფია სამეფო კარის ქალებს ინოსა და მის ქალიშვილებთან სტუმრობის უფლებასაც არ აძლევდა.[7]

საბოლოოდ, სოფიას უკმაყოფილებისაგან თავის დაღწევის მიზნით, ინომ და მისმა ქალიშვილებმა კონსტანტინოპოლი დატოვეს და ქალის მშობლიურ დაფნუდიუმში გაემგზავრნენ.[3] იოანე ეფესელის ცნობით, როდესაც ინო ლოგინად ჩავარდა, ტიბერიუსმა კონსტანტინოპოლი დატოვა და მეუღლე მოინახულა.[7]

578 წლის სექტემბერში ტიბერიუსი იუსტინეს თანაიმპერატორად დაინიშნა, ხოლო 578 წლის 5 ოქტომბერს იუსტინე გარდაიცვალა და ინოს მეუღლე ერთადერთი იმპერატორი გახდა. იოანე ეფესელის თქმით, სოფიამ ტიბერიუსს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ევტიქი მიუგზავნა, რათა ის ინოსთან განქორწინებაში დაერწმუნებინა, და საცოლედ თავად სოფია ან სოფიას ქალიშვილი, პრინცესა არაბია შეეთავაზებინა. ტიბერიუსმა უარი თქვა.[7]

როგორც ჩანს, ტიბერიუსი გრძნობდა, რომ მის ცოლსა და ქალიშვილებს საფრთხე მოელოდათ. იოანე ეფესელი იუწყება, რომ სამი ქალი კონსტანტინოპოლში ნავით, გვიან ღამე, ფარულად შეაპარეს. ინო უსაფრთხოდ აღმოჩნდა ქალაქში და ქმარმა ევტიქიოსთან და ბიზანტიის სენატის სხვა წევრებთან მოუწყო შეხვედრები. სახალხო ცერემონიაზე ქალი დედოფლად გამოცხადდა და ავგუსტას წოდება მიიღო.[7]

მისი სახელი შესაძლოა ქრისტიანი დედოფლისათვის შეუფერებლად ჩათვლილიყო, რადგან ის ელინურად მიიჩნეოდა.[8] იოანე ეფესელის თქმით, ინომ ანასტასია (ოფიციალურად ელია ანასტასია), ლურჯი ეტლების მრბოლელი ფრაქციის შეთავაზების გათვალისწინებით დაირქვა. მათმა კონკურენტმა მწვანეეტლიანებმა სახელი ელენე შესთავაზეს.[3][8]

ანასტასია ერთადერთი ავგუსტა არ იყო. სოფიამ თავისი წოდება შეინარჩუნა და სასახლიდან არ გადასულა. ანასტასიას რელიგიური შეხედულებები უცნობია. იოანე ეფესელის თქმით, იგი მტრულად იყო განწყობილი მონოფიზიტების მიმართ, მაგრამ მისი რწმენა გაურკვეველი რჩება.[7]

582 წლის 14 აგვისტოს ტიბერიუსი გარდაიცვალა. მის შემდეგ გამეფდა მავრიკიოსი, კონსტანტინაზე დანიშნული გენერალი. კონსტანტინასა და მავრიკიოსის ქორწინება 582 წლის შემოდგომაზე შედგა. კონსტანტინა ასევე ავგუსტა გახდა. იოანე ეფესელი ახსენებს, რომ სამივე ავგუსტა სასახლეში ცხოვრობდა.[6]

თეოფანე ანასტასიას გარდაცვალებას 593 წელს იწერს. ის წმიდა მოციქულთა ეკლესიაში, ქმართან ერთად დაკრძალეს.[3][7]

  • Martindale, John R.; Jones, A.H.M.; Morris, J. (1992). The Prosopography of the Later Roman Empire. Vol. IIIa. Cambridge University Press. pp. 60–61. ISBN 0-521-20160-8.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. John of Ephesus, Ecclesiastical History 3.3.7
  2. John of Ephesus, Ecclesiastical History 3.5.13
  3. 1 2 3 4 5 6 7 Martindale, John R.; Jones, A.H.M.; Morris, J. (1992) The Prosopography of the Later Roman Empire. Cambridge University Press, გვ. 60–61. ISBN 0-521-20160-8. 
  4. 1 2 3 Evans, James Allan. Justin II (565-578 A.D.). De Imperatoribus Romanis.
  5. Evagrius, Ecclesiastical History, 5.11; Menander Protector, 18
  6. 1 2 3 Garland, Lynda. Sophia, Wife of Justin II. De Imperatoribus Romanis.
  7. 1 2 3 4 5 6 7 Garland, Lynda. Ino Anastasia, wife of Tiberius II Constantine. De Imperatoribus Romanis.
  8. 1 2 Garland, Lynda. Constantina, wife of Emperor Maurice. De Imperatoribus Romanis.