შინაარსზე გადასვლა

ინოკენტი სმოკტუნოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინოკენტი სმოკტუნოვსკი
დაბადების თარიღი 28 მარტი, 1925
ტატიანოვკა, რსფსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 3 აგვისტო, 1994 (69 წლის)
ოდინცოვოს რაიონი, მოსკოვის ოლქი, რუსეთი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთი
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები ლენინის ორდენი ლენინის ორდენი ლენინის ორდენი ლენინური პრემია სოციალისტური შრომის გმირი სამამულო ომის I ხარისხის ორდენი ხალხთა მეგობრობის ორდენი
სსრკ სახალხო არტისტი

ინოკენტი მიხეილის ძე სმოკტუნოვსკი (სმოკტუნოვიჩი) (რუს. Инноке́нтий Миха́йлович Смоктуно́вский (Смоктуно́вич); დ. 28 მარტი, 1925, ტატიანოვკა, რსფსრ, სსრკ – გ. 3 აგვისტო, 1994, ოდინცოვოს რაიონი, მოსკოვის ოლქი, რუსეთი) – საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვრული კითხვის ოსტატი (მკითხველი). სსრკ სახალხო არტისტი (1974). სოციალისტური შრომის გმირი (1990). სამგზის ლენინის ორდენის კავალერი. ლენინური პრემიის (1965) და რსფსრ ძმები ვასილიევების სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971). დიდი სამამულო ომის მონაწილე.

სმოკტუნოვსკის მიერ სცენაზე შექმნილი სახეები - პრინცი მიშკინი მოსკოვის დიდ დრამატულ თეატრში, მეფე ფიოდორ იოანეს ძე მცირე თეატრში, ჩეხოვის ივანოვი და პორფირი გოლოვლევი მოსკოვის სამხატვრო თეატრში - შევიდა რუსული თეატრალური ხელოვნების „ოქროს ფონდში“.[1] [2]

სმოკტუნოვსკის საბჭოთა კინოს პირველ ინტელექტუალურ მსახიობად აღიარებდნენ. მან თავისი საუკეთესო როლები შეასრულა ფილმებში „ჯარისკაცები“, „ერთი წლის ცხრა დღე“, „ჰამლეტი“, „ჩაიკოვსკი“, „ქალბატონების მკერავი“ და ელდარ რიაზანოვის ლირიკულ კომედიაში „უფრთხილდი ავტომობილს“.[3]

ინოკენტი სმოკტუნოვსკი დაიბადა 1925 წლის 28 მარტს სოფელ ტატიანოვკაში (ამჟამად ტომსკის ოლქის შეგარსკის რაიონი) მიხაილ პეტრეს ძე სმოკტუნოვიჩის (1899-1942) და ანა აკიმის ასულ მახნევას (1902-1985) ოჯახში, რომელშიც ის ექვსი შვილიდან მეორე იყო.[4]

ინოკენტი და მისი ძმა ვალოდია დეიდასთან ერთად

არსებობს ვერსია, რომ სმოკტუნოვიჩები (პოლ. Smoktunowicz) მომდინარეობენ ვოლინიელი დიდგვაროვნების უძველესი ოჯახიდან, რომლებიც გადაასახლეს ციმბირში 1863 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო. თუმცა, თავად მსახიობის თქმით, მისი ბაბუა არც დიდგვაროვანი იყო და არც პოლონელი, თვითონ კი ბელარუსია. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ისაუბრა თავის ბაბუაზე, ნიკოლაი სმოკტუნოვიჩზე (ბელარ. Смактуновіч): „ის მსახურობდა მესაქონლედ ბელოვეჟის ტევრში და 1861 წელს მოკლა დომბა. ვიღაცამ დაასმინა და მთელ ოჯახთან ერთად ციმბირში გადაასახლეს“.

კინოსა და ტელევიზიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინოკენტი სმოკტუნოვსკის ყოველთვის ცნობადი ხმა ისმოდა კადრს მიღმა ბევრ მხატვრულსა და დოკუმენტურ ფილმში, მათ შორის ანდრეი ტარკოვსკის „სარკეში“, სადაც მან გაახმოვანა მთავარი გმირის როლი, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში ეკრანის მიღმა რჩება. მან გაახმოვანა ჩარლი ჩაპლინი ფილმებში „რამპის ჩირაღდნები“ და „მეფე ნიუ-იორკში“. ინტენსიურად მუშაობდა რადიოში და ტელევიზიაში, როგორც მსახიობი და როგორც მხატვრული კითხვის ოსტატი. მის თეატრალურ რეპერტუარს ამშვენებდა როზა სიროტას „ჩვენი განსაცდელის ზამთარი“, ლეონიდ ხეიფეცის „ალუბლის ბაღი“, ალექსანდრე ბელინსკის „კეისარი და კლეოპატრა“ და სხვა სატელევიზიო სპექტაკლებში შესრულებული როლები.

1965 წელს, როდესაც ჰკითხეს, რას ანიჭებდა უპირატესობას, თეატრს თუ კინოს, სმოქტუნოვსკიმ უპასუხა: „ორივე ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ ჩემს გულს ორმაგი დატვირთვის გაძლება არ შეუძლია“. 60-იან წლებში აირჩია კინო, 70-იან წლებში - თეატრი. სცენაზე დაბრუნების შემდეგ მან განაგრძო მსახიობობა ყველაზე ცნობილ საბჭოთა რეჟისორებთან, მათ შორის სერგეი გერასიმოვთან და სერგეი ბონდაჩუკთან ერთად, მაგრამ უფრო ხშირად მცირე როლებში. მაგრამ ეპიზოდურ როლებს შორისაც იყო რამდენიმე დასამახსოვრებელი, მაგალითად, პლიუშკინი „მკვდარი სულებში“ და მოისეი მოისეევიჩი „სტეპებში“.

კინემატოგრაფისტებმა არ დაივიწყეს სმოკტუნოვსკი იმ წლებშიც კი, როცა რუსეთში თითქმის არაფერს იღებდნენ. მაგრამ არჩევანი გაცილებით შემცირდა და ამ რთულ პერიოდში ყველა რუსი მსახიობისთვის მათ ძირითადად ფულის შოვნის მიზნით უნდა ემოქმედათ. ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო ისააკი ლეონიდ გოროვეცის ფილმში „ქალბატონების მკერავი“, რომლისთვისაც 1990 წელს მიენიჭა ნიკას პრემია, როგორც მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებელს; ხოლო მისი ყველაზე ცნობილი როლი იყო კრიმინალური ავტორიტეტი გილია ვიქტორ სერგეევის ფილმში „გენიოსი“, „ადამიანი აშკარად შერყეული ფსიქიკის მქონე“, როგორც თავად მსახიობი ახასიათებდა გმირს. სმოკტუნოვსკის ბოლო კინო როლი იყო პოლკოვნიკი ფრილი ფილმში „ბაბუაწვერას ღვინო“, მსახიობმა მისი გახმოვანება ვეღარ მოასწრო.

ინოკენტი სმოკტუნოვსკი გარდაიცვალა 1994 წლის 3 აგვისტოს, 70 წლის ასაკში, მოსკოვის რეგიონში ჰერცენის სახელობის სანატორიუმში, სადაც მკურნალობდა გულის შეტევის შემდეგ. გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა 6 აგვისტოს მოსკოვის ჩეხოვის სახელობის სამხატვრო თეატრში. მსახიობი ბოლო გზაზე აპლოდისმენტებით, უფრო სწორად, ოვაციებით გააცილეს.[5] მაშინ ასეთი დამშვიდობება რუსეთში ჯერ არ იყო მიღებული. ბევრს გაუკვირდა, ზოგი კი შოკში ჩავარდა, ზოგმა მიიჩნია, რომ უნიკალურ მსახიობს ყველასგან განსხვავებულად აცილებდნენ: „ამ ბოლო დღეს, - წერდა ნატალია ბარაბაში, - ინოკენტი მიხეილის ძისთვის ყველაფერი ისე იყო, როგორც ყოველთვის“. ნეჟდანოვას ქუჩაზე მდებარე აღდგომის წმინდა ტაძარში წესის აგებ შემდეგ, მსახიობი ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალეს (ნაკვეთი № 10).[6]

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ინოკენტი სმოკტუნოვსკი და ანასტასია ვერტინსკაია ფილმში „ჰამლეტი“ სსრკ-ის 1966 წლის საფოსტო მარკაზე
  • სანკტ-პეტერბურგში, სახლზე, სადაც მსახიობი ცხოვრობდა 1958 წლიდან 1971 წლამდე (მოსკოვის გამზირი № 75), დამონტაჟდა მემორიალური დაფა.
  • 2007 წლის სექტემბერში მსახიობის მშობლიურ სოფელ ტატიანოვკაში, შეგარსკის ოლქში, ტომსკის რეგიონში, გაიხსნა ინოკენტი სმოკტუნოვსკის მუზეუმი. გამოფენა ეფუძნება სკოლის მოსწავლეების მიერ შეგროვებულ მასალებს - საგაზეთო და ჟურნალის მასალებს, ასევე ფოტოგამოფენას, რომელიც ეძღვნება მსახიობის მშობლიურ ადგილებში ვიზიტს 1985 წელს ტომსკში თეატრთან ერთად გასტროლების დროს. 2022 წლის ნოემბერში მუზეუმი ძლიერ დაზიანდა ხანძრის შედეგად.
  • სმოკტუნოვსკის პატივსაცემად, № 4926 ასტეროიდს დაერქვა მისი სახელი.
  • Иннокентий Смоктуновский. Жизнь и роли / Автор-составитель Дубровский В. Я. / Под ред. Б. М. Поюровского. — М.: Искусство, 2002. — 383 с. — ISBN 5-210-01434-7.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Горфункель Е. И. Смоктуновский. — М.: Искусство, 1990. — 238 с. — ISBN 5-210-00180-6.
  2. Иннокентий Смоктуновский. Жизнь и роли / Автор-составитель Дубровский В. Я. / Под ред. Б. М. Поюровского. — М.: Искусство, 2002. — 383 с. — ISBN 5-210-01434-7. с. 356—357.
  3. Соловьёва И., Шитова В. Иннокентий Смоктуновский // Актёры советского кино: Вып. 2. — М.: Искусство, 1966. — С. 222—237.
  4. Иннокентий Смоктуновский. Жизнь и роли / Автор-составитель Дубровский В. Я. / Под ред. Б. М. Поюровского. — М.: Искусство, 2002. — 383 с. — ISBN 5-210-01434-7. с. 7.
  5. Иннокентий Смоктуновский. Жизнь и роли, 2002, с. 352—353, 356—357.
  6. Иннокентий Смоктуновский. Жизнь и роли, 2002, с. 356—357.
  7. Память народа - Смоктуновский Иннокентий Михайлович