ინდონეზიის ფლორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩიბოდასის ბოტანიკური ბაღი

ინდონეზიის ფლორა—მუდმივად მაღალი ტემპერატურისა და უხვი ნალექების დამსახურებით მეტად მდიდარია.  გამოირჩევა ტროპიკული მცენარეების მრავალი უნიკალური სახეობით.  ინდონეზია  მეორე  ადგილს იკავებს მსოფლიოში ბიომრავალფეროვნებით.

მცენარეული სამყარო წარმოადგენს აზიური, ავსტრალიური და ადგილობრივი სახეობების ერთგვარ ნაზავს. ეს განპირობებულია ინდონეზიის გეოგრაფიით, რომელიც მდებარეობს ორ კონტინენტს შორის. არქიპელაგი შედგება მრავალი რეგიონისგან დაწყებული  ჩრდილოეთის დაბლობის ტროპიკული და სამხრეთ დაბლობის სეზონური ტყეებიდან, მაღალმთიანი და მთიანი მცენარეებიდან, სუბალპური ბუჩქების მცენარეულობამდე. სანაპირო ზოლის სიგრძით ინდონეზია მეორე ადგილზეა მსოფლიოში.  ქვეყანაში ასევე არის ვრცელი ჭაობები და სანაპირო მცენარეული ზონები. ისინი ერთად ქმნიან მცენარეთა უზარმაზარ ბიომრავალფეროვნებას. ინდონეზიაში დაახლოებით 28000 სახეობის ყვავილოვანი მცენარეა, მათ შორის 2500 სხვადასხვა სახის ორქიდეა, 6000 სახეობის სამკურნალო მცენარეა, რომლებიც გამოიყენება  ჯამუს ტრადიციულ  მედიცინაში. აქ არის 122 სახეობის ბამბუკი, 350-ზე მეტი სახეობის რატანგი, 400 სახის დიპეროკარპუსი, ებონი, სანდალის ხე და ჩაი. ინდონეზიაში ასევე ბინადრობს არაჩვეულებრივი სახეობები, როგორიცაა მტაცებელი, მწერიჭამია მცენარეები. ერთი განსაკუთრებული სახეობა ცნობილია როგორც Rafflesia arnoldi, სახელად სერ თომას სტამფორდ რაფლზისა და დოქტორ თომას არნოლდის სახელით, რომლებმაც აღმოაჩინეს ბენგუკლუს პროვინციაში სამხრეთ-დასავლეთ სუმატრაზე. ამ პარაზიტულ მცენარეს აქვს დიდი ყვავილი, არ ისხამს ფოთლებს და იზრდება გარკვეულ ლიანაზე ტროპიკული ტყის ძირში.  კიდევ ერთი უჩვეულო მცენარეა —Amorphophallus titanum სუმატრადან. არსებობს მწერიჭამია მცენარეები (ნეპენტები), რომლებიც იზრდება ბორნეოზე, სუმატრასა და ინდონეზიის არქიპელაგის სხვა კუნძულებზე.[1][2]

ინდონეზიის ფლორის წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდონეზიის ფლორის წარმოშობაზე  დიდი გავლენა  იქონია აზიისა და ავსტრალიის კონტინენტებზე (ახლანდელი ავსტრალია) გეოგრაფიულმა და გეოლოგიური მოვლენებმა. ახლანდელი კუნძული ახალი გვინეა ოდესღაც ავსტრალიის ამჟამინდელ კონტინენტთან იყო დაკავშირებული და ქმნიდა სუპერკონტინენტს, რომელსაც გონდვანის სამხრეთ სუპერკონტინენტს უწოდებენ. ამ სუპერკონტინენტმა დაშლა დაიწყო 140 მილიონი წლის წინ და ახალი გვინეის რეგიონმა (ადრე ცნობილი როგორც საჰული) დაიწყო მოძრაობა ეკვატორისკენ. შედეგად, ახალი გვინეის ცხოველები აღმოჩნდნენ ავსტრალიის კონტინენტზე, ასევე  ავსტრალიის ცხოველები მოხვდნენ ახალ გვინეაზე,  შექმნეს მრავალი სახეობა, რომლებიც სხვადასხვა ეკოსისტემებში ცხოვრობენ. ეს პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რადგან ორი რეგიონი ბოლომდე არ არის გამიჯნული. აზიის კონტინენტის გავლენა, სუპერკონტინენტის ლავრაზიას რეფორმაციის შედეგია, რომელიც როდინიას დაშლის შემდეგ არსებობდა დაახლოებით 1 მილიარდი წლის წინ. დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ, სუპერკონტინენტი ლავრაზია მთლიანად გაიყო და შექმნა ლაურენტიის (ახლანდელი ამერიკა) და ევრაზიის კონტინენტები. მიუხედავად იმისა, რომ  მოხდა განცალკევება, ევრაზიის კონტინენტი, მათ შორის ჩინეთი, მთლიანად არ იყო გამოყოფილი ინდონეზიის არქიპელაგისგან. შედეგად, ევრაზიის მატერიკიდან მცენარეები  გამრავლდნენ არქიპელაგზე და სხვადასხვა ეკოსისტემებში ჩამოყალიბდა ახალი სახეობები. მეცხრამეტე საუკუნეში ალფრედ რასელ უოლესმა შემოგვთავაზა Wallace Line- ის იდეა, რომელიც ინდონეზიის არქიპელაგს ყოფს ორ რეგიონად: აზიის ბიოგეოგრაფიულ რეგიონი სანდალენდი (Sandaland) და ავსტრალიის ბიოგეოგრაფიულ რეგიონში უოლესია (Wallaceia). ხაზი გადის ინდონეზიის არქიპელაგზე, ბორნეოსა და სულავესსა და ბალისა და ლომბოკს შორის. [3]

ინდონეზიის არქიპელაგი, სადაც მდებარეობს "სანელებლების კუნძულები" (მოლუკა), ცნობილი იყო უძველესი დროიდან, როგორც სანელებლების წყარო, როგორიცაა მიხაკი, ჯავზი და წიწაკა მეთვრამეტე საუკუნის ბოლომდე მოლუკა იყო ეკონომიკურად მნიშვნელოვანი სანელებლების ერთადერთი წყარო. კოლონიურ ხანაში, მიხაკი და ჯავზი ყველაზე ძვირფასი საქონელი იყო ევროპელების უმეტესობისთვის, ოქროსა და ვერცხლის შემდეგ. ინდონეზიაში ჰოლანდიის კოლონიური ეპოქის დროს ჰოლანდიელებმა გააშენეს ყავის, ჩაის და შაქრის ლერწმის პლანტაციები, ძირითადად იავაზე.

ასევე, მეზღვაურებმა ინდოეთიდან, ჩინეთიდან და ევროპიდან არქიპელაგზე ჩამოიტანეს მცენარეთა ახალი სახეობები. არსებობს მცენარეთა სახეობები, რომლებიც არ არის დამახასიათებელი არქიპელაგისათვის, მაგალითად, ჩაი, ყავა და კაუჩუკის ხეები.

მცენარეთა სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცენარეული საფარის გადანაწილება ინდონეზიის ტერიტორიაზე

ინდონეზიის ხმელეთის ფლორა შეიძლება გაერთიანდეს  მცენარეთა ჯგუფებად ცალკეული მახასიათებლების მიხედვით. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია წვიმა, შემდეგ ტემპერატურა, რაც გავლენას ახდენს წყლის ხელმისაწვდომობაზე.  ინდონეზიის ფლორაში ჭარბობს ფოთლოვანი მარადმწვანე ტყეები. ეს ძირითადად შეიმჩნევა იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ჯერ კიდევ შედარებით დაბალია. ეს რეგიონებია: სუმატრა, ბორნეო, სულავესი და დასავლეთ პაპუა. იავასა და ბალიზე მცენარეულობაში დომინირებს კულტივირებული მცენარეები. სანაპიროს გასწვრივ გვხვდება ჭაობის ტყეები, მანგროვებისა და Nypa fruticans ტყეები. მთიან ადგილებში სუბალპური და ალპური მცენარეულობა ჭარბობს. ბალახები რეგულარულად გვხვდება ზუნდას პატარა კუნძულებზე, სადაც ნალექები არც ისე მაღალია, როგორც ინდონეზიის სხვა ნაწილებში. დიდი ფართობი უკავია მარადმწვანე ტროპიკულ ტყეებს. სავეგეტაციო პერიოდი მთელი წლის განმავლობაში ვრცელდება. მკვეთრადაა გამოხატული მცენარეთა ვერტიკალური ზონალობა. ბევრია ბამბუკი, გიგანტური ევკალიპტისა და ძვირფასი ჯიშის ხეები.

ბიომრავალფეროვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვავილი Amorphophallus titanum- ბოგორის ბოტანიკური ბაღი
ევკალიპტის ყვავილები

Conservation International– ის თანახმად, ინდონეზიას აქვს ორი ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი: უოლესია და სუნდალენდი. ასევე ძალიან მრავალფეროვანია დასავლეთ პაპუასა და პაპუას პროვინციები. ლორენცის ეროვნული პარკი, რომელიც პაპუას პროვინციაში მდებარეობს, 1999 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა. [4][5]

სუნდალენდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდონეზიის არქიპელაგის დასავლეთ ნაწილში მდებარე სუნდალენდი შეიცავს 25000-მდე სხვადასხვა მცენარეულ სახეობას. მათგან 15,000 რეგიონისათვის ენდემურია და სხვაგან არ გვხვდება.

Scyphostegiaceae ერთი მცენარეული ოჯახია, რომელიც წარმოდგენილია სახეობით— Scyphostegia borneensis და  ენდემურია ბორნეოზე. ამ კუნძულის ენდემია კიდევ 155 დიპტეროკარპუსის სახეობა. ბორნეოს ასევე აქვს 2000-ზე მეტი ორქიდეის სახეობა. სუმატრას ტყეებში 100-ზე მეტი სახეობაა დიპტეროკარპუსი, მათგან ათზე მეტი ამ კუნძულის ენდემია. კუნძულ იავაზე დაახლოებით 270 ენდემური ორქიდეის სახეობაა.  ბიომრავალფეროვნების   ცხელი წერტილის რეგიონში  მინიმუმ 117 მცენარის სახეობა ენდემურია. მათგან 59 ბორნეოზეა, ხოლო 17 — სუმატრაზე. ამ რეგიონის უნიკალური მცენარეები მსგავსია აზიის კონტინენტის მცენარეებისა, როგორიცაა Rafflesia arnoldii, მწერიჭამია მცენარეები და იავური ედელვაისი (Anaphalis javanica).

უოლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დადგენილია, რომ  ბიომრავალფეროვნების ამ ცხელ წერტილში დაახლოებით 10 000 მცენარის სახეობაა. დაახლოებით 1200 სახეობა და 12 გვარი ენდემურია. კუნძულ სულავესზე ენდემური მცენარეების 500-მდე სახეობაა. მალუკუს კუნძულებზე დაახლოებით 300 ენდემური მცენარის სახეობაა, ხოლო მცირე სუნდას კუნძულებზე მინიმუმ 110 ენდემური სახეობაა. ამ რეგიონის ფლორის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მაგალითებად მოყვანილია  უნიკალური სამი სახეობა: Agathis, Pterocarpus indicus და Eucalyptus deglupta.

დასავლეთ პაპუა და პაპუა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ რეგიონის ფლორას აქვს გარკვეული გავლენა ავსტრალიის კონტინენტზე. იგი მოიცავს უწყვეტ მონაკვეთს თოვლიანი მთებიდან, დაბლობების ჭარბტენიანი  ტერიტორიიდან  (წყალ-ჭაობიანი ადგილი) ტროპიკულ საზღვაო გარემომდე. ეს იდეალური ადგილია მცენარეთა უზარმაზარი მრავალფეროვნებისთვის. დადგენილია, რომ პაპუასა და დასავლეთ პაპუაზე შეიძლება  20 000 – დან 25 000 – მდე სისხლძარღვოვანი მცენარის სახეობა იყოს , რომელთაგან  60-90% შეიძლება ენდემურია. ეს რეგიონი ცუდად არის შესწავლილი , ამიტომ ენდემური სახეობების რეალური რაოდენობა უცნობია.

ინდონეზიის ეროვნული ყვავილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთის ეროვნული ყვავილია ჟასმინი (Jasminum sambac) — პატარა თეთრი ყვავილი ტკბილი არომატით, რომელიც Anggrek Bulan  Padma (Phalaenopsis Amabilis)-სა და Raksasa Rafflesia (Rafflesia Arnold)-თან ერთად აირჩია პრეზიდენტმა სუჰარტომ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 1990 წლის 5 ივნისს. ასევე ეროვნული ფერების ჩამონათვალშია Bunga Bangkai (Titan arum). ინდონეზიის თითოეულ პროვინციას ასევე აქვს საკუთარი ყვავილების ემბლემა.[6][7]

ფლორისა და ფაუნის სიყვარულის ეროვნული დღე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდონეზიის ფლორისა და ფაუნისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გასამყარებლად, მთავრობამ 5 ნოემბერი ფლორისა და ფაუნის სიყვარულის ეროვნულ დღედ გამოაცხადა.საგნობრივი საფოსტო მარკები  ყოველწლიურად გამოდის. მათზე გამოსახულია მცენარეები და ცხოველები, რომლებიც ენდემურია ან უნიკალურია და მხოლოდ ინდონეზიის კონკრეტული რეგიონისთვისაა დამახასიათებელი.

აქტუალური საკითხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტყეების გაჩეხვა ქვეყნის მთავარი პრობლემაა. ამჟამინდელი მაჩვენებელი წელიწადში 2 მილიონი ჰექტარის ზარალია. მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში, რომელსაც აქვს სწრაფი ინდუსტრიალიზაციის ტენდენცია, ასევე იზრდება მოთხოვნა ბუნებრივ რესურსებზე და მიწებზე. არაერთი ხანძარი ინდონეზიასა და მეზობელ ქვეყნებში მწვავე დაკვამლიანებას იწვევს.

ინდონეზიის სატყეო დეპარტამენტის მონაცემებით, ამჟამად ინდონეზიაში 174 ენდემური მცენარეა.

ბალანსის დაცვა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საჭიროებასა და მისი ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებას  შორის ადვილი საქმე არ არის. სხვა განვითარებადი ქვეყნების მსგავსად, ინდონეზია ამჟამად ცდილობს შეინარჩუნოს ეს ბალანსი. ეკოტურიზმი შეიძლება ამ პრობლემის ერთ-ერთი გამოსავალი იყოს. ბიომრავალფეროვნების გამოყენებით ინდონეზიას შეუძლია გააუმჯობესოს იზოლირებული რეგიონების ეკონომიკური მდგომარეობა.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Flora-The Embassy of The Republic of Indonesia in New Zealand[მკვდარი ბმული]. The Embassy of The Republic of Indonesia (Administrator). მიმართვის თარიღი: 1 მაისი 2007.
  2. "Indonesia - Flora". Encyclopedia of the Nations. Encyclopedia of the Nations. Retrieved 12 October 2006.
  3. Zubi. The Wallacea Line (25 აგვისტო 2006). მიმართვის თარიღი: 12 ოქტომბერი 2006.
  4. Biodiversity . მიმართვის თარიღი: 12 ოქტომბერი 2006. დაარქივებულია 1 ოქტომბერი 2002 .
  5. UNESCO- Lorentz National Park. მიმართვის თარიღი : 12 ოქტომბერი 2006.
  6. "ASEAN National Flowers". ASEAN. Archived from the Original on 20 January 2012. Retrieved 8 June 2007.
  7. "ASEANWEB – ASEAN National Flowers". Asean.org. Archived from the original on 31 October 2011. Retrieved 23 October 2011.
  8. "Indonesian Departement of Forestry". Retrieved 12 October 2006.