ინდიქტიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ინდიქტიონური წელი)

ინდიქტიონი (ბერძ. indiktion, ლათ. indictio — „გამოცხადება“, „განცხადება“) — ქრისტიანულ ქვეყნებში (შუა საუკუნეებისა და ნაწილობრივ ახალი დროის ისტორიის ქრონოლოგიაში) წელთაღრიცხვის 15-წლიან ციკლში წლის რიგითი ნომრის სახელწოდება. პაპიროლოგიის მონაცემებით, ინდიქტიონით წელთაღრიცხვა რომის პერიოდის ეგვიპტეში ჩამოყალიბებულა. რომის იმპერიაში იმპერატორ კონსტანტინე დიდს შემოუღია (312/313 — I ინდიქტიონი). ბიზანტიაში ინდიქტიონის დაწყება სამოქალაქო ახალი წლის დღეს ემთხვეოდა. ინდიქტიონის დასადგენად საჭიროა ახალი წელთაღრიცხვის წელს მივუმატოთ 3 და მიღებული ჯამი გავყოთ 15-ზე, ნაშთი იქნება ინდიქტიონი, რომელიც მნიშვნელოვანი საშუალებაა თარიღების სისწორის დასადგენად. ინდიქტიონით წელთაღრიცხვის დროს გასათვალისწინებელია ინდიქტიონის საწყისი თარიღი: ბიზანტიაში — 23 სექტემბერი, ხოლო V საუკუნის შუა წლებიდან 1 სექტემბერი; რომში 1087 წლამდე — 1 სექტემბერი, შემდეგ კი — 1 იანვარი (ან 25 დეკემბერი); ინგლისსა და გერმანიაში XIV საუკუნის ბოლომდე — 24 სექტემბერი, რუსეთში XVIII საუკუნამდე — 1 სექტემბერი. XVIII საუკუნეში შეწყდა ინდიქტიონით წელთაღრიცხვა, შემორჩა მხოლოდ საეკლესიო აქტებში.

ქართულ წყაროებში ინდიქტიონით აღინიშნებოდა აგრეთვე მეფეთა ტახტზე ასვლიდან I, II, III და ა. შ. წლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]