ინგიგერდა
ინგიგერდა | |
---|---|
შვედ. Ingegerd Olofsdotter | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 1001[1] |
დაბ. ადგილი | შვედეთი |
გარდ. თარიღი | 10 თებერვალი, 1050 |
გარდ. ადგილი | დიდი ნოვგოროდი |
დასაფლავებულია | კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი |
საქმიანობა | დიდი მთავარი |
მეუღლე | იაროსლავ ბრძენი[2] [3] [4] [5] |
მამა | ოლოფ სკიოტკონუნგი[2] [3] [4] [5] |
დედა | Estrid of the Obotrites[5] |
შვილ(ებ)ი | Elisiv of Kiev[5] , Anastasia of Kyiv[5] , ანა კიეველი[5] , იზიასლავ I, სვიატოსლავ II კიეველი, Vsevolod I of Kiev[5] , Igor Yaroslavich, Vladimir of Novgorod, Vyacheslav Yaroslavich, Ilja Jaroslavič და Agatha, wife of Edward the Exile |
ინგიგერდა — (შვედ. Ingegerd Olofsdotter, რუსეთში ცნობილი როგორც ირინა, ასევე ანა; დაბ.1001, სიგტუნა, შვედეთი — გარდ. 1050) — კიევის დიდი მთავარიშალი, დიდი მთავრის იაროსლავ ბრძენის მეორე მეუღლე, პირველი ქრისტიანი შვედი მეფის, ოლოფ შიოტკონუნგის და ობოტრიტების დედოფლის — ესტრიდის (ასტრიდის, შვედ. Estrid) ქალიშვილი.[1] იგი იყო დიდი მთავრების —იზიასლავის, სვიატოსლავის და ვსევოლოდის — დედა.[2]
რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში აღიარებულია როგორც წმინდა ანა ნოვგოროდელი. მისი ხსენების დღეებია:23 თებერვალი და 17 ოქტომბერი (თავის შვილთან, წმინდა მთავარ ვლადიმირ იაროსლავის ძესთან ერთად), იულიუსის კალენდრის მიხედვით. მართლმადიდებლურ ტრადიციაში ასევე ცნობილია როგორც მთავარიშალი ირინა.
მან, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სახელმწიფო საქმეებში, განსაკუთრებით კი კიევის რუსეთსა და ჩრდილოეთ ევროპულ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. ასევე, მან დადებითი წვლილი შეიტანა პოლოცკის სამთავროსთან ურთიერთობების განვითარებაში. ინგიგერდამ კიევში დააარსა პირველი ქალთა მონასტერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ინგიგერდა, შვედეთის პრინცესა, თავდაპირველად უნდა გაჰყოლოდა ცოლად ნორვეგიის მეფე ოლაფ II-ს — როგორც შვედეთსა და ნორვეგიას შორის მშვიდობის უზრუნველყოფის გარანტი ტინგის გადაწყვეტილებით, რომელიც უპსალაში 1017 წელს გაიმართა. ქორწილი დაგეგმილი იყო იმავე წლის შემოდგომაზე, ორი სახელმწიფოს საზღვარზე — ელვის სანაპიროზე. შეთანხმებების შესაბამისად, 1018 წლის შემოდგომაზე ოლაფ II საზღვართან მივიდა, რათა შეხვედროდა საცოლესა და მის მამას, თუმცა ისინი ადგილზე არ იყვნენ. შვედეთში გაგზავნილმა დესპანებმა თან მოიტანეს უსიამოვნო ცნობა: იმავე წლის ზაფხულში ოლაფ შიოტკონუნგთან ჩავიდნენ დესპანები ნოვგოროდელი „კონუნგი იარიცლეივისგან“ — შვედმა მეფემ თავისი ქალიშვილი გააყოლა მომავალ კიეველ მთავარს, იაროსლავ ბრძენს, ვლადიმირ დიდის ძეს, რომელიც იმ დროისათვის, ნოვგოროდს მართავდა. მოგვიანებით ოლაფ II-მ ცოლად შეირთო ინგიგერდას დედინაცვალი და მისი ნახევარ-და — ასტრიდ ოლაფსდოტირი.
ინგიგერდა ნოვგოროდში ჩავიდა 1019 წლის ზაფხულში.
სნორი სტურლუსონის „საგების მიხედვით წმინდა ოლაფზე“, ინგიგერდამ მზითევად მიიღო ქალაქი ალდეიგობორგი (დღევანდელი ლადოგა), მიმდებარე მიწებთან ერთად. ანდრეი შიოგრენის ჰიპოთეზით, სწორედ ამ მიწებმა მიიღეს შემდგომში დასავლეთში სახელწოდება ინგერმანლანდია (ინგიგერდას მიწები, ფინურად — ინკერინმაა). ინგიგერდას თხოვნით, ლადოგაში (ალდეიგობორგში) იარლის ანუ პოსადნიკის პოსტი დაიკავა ვესტერგეტლანდელმა იარლმა — რიონგვალდ ულვსონმა, რომელიც მისი ნათესავი იყო დედის მხრიდან.[6][7]
„საგა ეიმუნდზე“ ინგიგერდას მზითებზე არაფერს ამბობს; მხოლოდ აღნიშნულია, რომ იარლმა რიონგვალდმა ალდეიგობორგს — ლადოგას ფლობა შეინარჩუნა მას შემდეგაც კი, რაც იაროსლავსა და ბრატისლავს შორის მშვიდობა დამყარდა.
ნოვგოროდში ინგიგერდამ მიიღო მართლმადიდებლობა და მიიღო სახელი ირინა (ხმოვნურად ახლოს ინგიგერდასთან).
ინგიგერდა იაროსლავის მეორე მეუღლე იყო, რადგან მისი პირველი ცოლი 1018 წელს ბოლესლავ I-მა ტყვედ წაიყვანა და იაროსლავის დებთან ერთად პოლონეთში გადაასახლა. სავარაუდოდ, სწორედ იმ პირველმა ცოლმა შვა იაროსლავის ვაჟი — ილია, რომელიც ბავშვობაში გარდაიცვალა.
როლი სახელმწიფო საქმეებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობს მოსაზრება, რომ ინგიგერდა აქტიურად იყო ჩართული მეუღლის — იაროსლავის — პოლიტიკასა და სახელმწიფო საქმეებში. საგა ეიმუნდზე მოგვითხრობს, რომ იაროსლავმა ინგიგერდა სათავეში ჩაუყენა ლაშქარს, რომელიც მან ბრაჩისლავის წინააღმდეგ გაგზავნა. მოგვიანებით, მან, ტყვეობაში მყოფმა, (თუმცა იძულებით) შეასრულა შუამავლის როლი იაროსლავსა და ბრაჩისლავს შორის, რომლებიც საბოლოოდ დაეთანხმნენ მის გადაწყვეტილებას. ინგიგერდა ასევე დაინიშნა ამ ორი მთავრის მომავალი დაპირისპირების არბიტრად.
ამავე საგის მიხედვით, ინგიგერდამ იარლ რიონგვალდ ულვსონის გვერდით პირადად მიიღო მონაწილეობა კონუნგ ეიმუნდის მოკვლის მცდელობაში. მკვლელობის მცდელობამდე ეიმუნდი მასზე ამბობდა:
![]() |
„ არ ვენდობი, რადგან ის უფრო ჭკვიანია, ვიდრე კონუნგი (იარისლეივი-იაროსლავი), თუმცა არ მინდა საუბარს თავი ავარიდო.“
|
როლი საერთაშორისო ურთიერთობებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინგიგერდას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა კიევის რუსეთსა და ჩრდილოეთ ევროპულ ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე.
1016 წელს ინგლისის დაპყრობის შემდეგ, ინგლისის მეფის, ედმუნდის, შვილები და მეფე ედუარდის ძმიშვილები — ინგლისელი პრინცები ედუარდი და ედმუნდი — თავდაპირველად ლადოგაში გაემგზავრნენ, შემდეგ ნოვგოროდში, და ბოლოს კიევში — იაროსლავთან და ინგიგერდასთან. შემდგომ მათ გზა უნგრეთისკენ გააგრძელეს.
ნოვგოროდში ხანგრძლივად ცხოვრობდა ინგიგერდას ყოფილი საცოლე, ნორვეგიის მეფე ოლაფ II, თავის მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ოლაფთან ყოფნისას ინგიგერდამ მასთან „ფარული სასიყვარულო კავშირი“ დაამყარა.[8] ინგიგერდამ ოლაფი დაარწმუნა, რომ თავისი ვაჟი — მაგნუსი — რუსეთში დაეტოვებინა. პრინცი მაგნუსი ნორვეგიაში მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ინგიგერდა დარწმუნდა, რომ ნორვეგიელები მზად იყვნენ, ეღიარებინათ იგი როგორც მეფის მემკვიდრე. მისი მამა მალევე დაიღუპა ნორვეგიაში დაბრუნების შემდეგ, 1030 წელს.

ზოგიერთი ვერსიით, ინგიგერდამ თავისი შვილები სკანდინავიური ენების სწავლებით გაზარდა და ისინი იცნობდნენ საგურ ლიტერატურასაც.
ქრისტიანობაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დიდმა მთავარიშალმა ინგიგერდამ დააარსა კიევში პირველი ქალთა მონასტერი — ირინინსკის მონასტერი, თავისი მფარველი წმინდანის — წმინდა ირინეს სახელზე. იმ დროის ჩვეულების თანახმად, ის არა მხოლოდ ზრუნავდა მონასტერზე, არამედ თავადაც ხელმძღვანელობდა მას.
1045 წელს იაროსლავი და ინგიგერდა კიევიდან ნოვგოროდში გაემგზავრნენ |სოფიის ტაძრის საძირკვლის ჩასაყრელად.
ერთი ვერსიის მიხედვით, ინგიგერდა გარდაიცვალა ნოვგოროდში 1050 წლის 10 თებერვალს (ზოგიერთ წყაროში მითითებულია 1049–1051 წლები). სხვა ვერსიით, იგი დაქვრივების შემდეგ, 1054 წელს, აღიკვეცა მონაზვნად სახელით ანა, და გარდაიცვალა ნოვგოროდში 1056 წლის 10 თებერვალს, სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე კი აღიკვეცა სქიმაში. ინგიგერდას მონაზვნად აღკვეცა პირველი შემთხვევა იყო დიდმთავრულ ოჯახში და საფუძვლად დაედო შემდგომში რუსი მთავრებისა და მთავარიშლების მონაზვნად აღკვეცის ტრადიციას, როგორც საერო მოვალეობის დასრულების ნიშნად.[9]
კულტად შერაცხულ მთავარიშალს — ანას, იაროსლავ ბრძენის მეუღლეს, რომელიც დაკრძალულია ნოვგოროდში სოფიის ტაძარში, პატივს სცემენ რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში. მისი ხსენება დააწესა ნოვგოროდის მიტროპოლიტმა ევფიმი II-მ 1439 წელს. იგი ითვლება წმინდა მთავრის — ვლადიმირ იაროსლავის ძის დედად. ანა აღიარებულია დიდი ნოვგოროდის ზეციერ მფარველად.
1991 წელს ნოვგოროდის სოფიის ტაძარი დაუბრუნდა მართლმადიდებელ ეკლესიას, რის შემდეგაც წმინდა ანას წმინდა ნაწილები ხელმისაწვდომი გახდა მლოცველთათვის.
გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი, რომ ინგიგერდა და ანა შესაძლოა სხვადასხვა პიროვნებები იყვნენ. შესაძლებელია, იაროსლავის პირველი მეუღლე (1019 წლამდე, შესაძლოა ანა), 1018 წელს კიევში ტყვედ აიყვანა ბოლესლავ მამაცმა და მისი დებთან ერთად პოლონეთში წაიყვანა[10], ან გარდაიცვალა და დაკრძალულია ნოვგოროდის სოფიის ტაძარში. ამ ვერსიით, ინგიგერდა — ვლადიმირ იაროსლავის ძის დედა — იყო იაროსლავის მეორე მეუღლე და დაკრძალულია კიევის სოფიის ტაძარში იაროსლავთან ერთად ერთ მარმარილოს სარკოფაგში,[11] თუმცა დღემდე არც იაროსლავის და არც ინგიგერდას ნეშტები არ არის აღმოჩენილი.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვლადიმირ იაროსლავის ძე, ნოვგოროდის მთავარი.
- იზიასლავ I იაროსლავის ძე, ცოლად შეირთო პოლონეთის მეფის — მეშკო II — ქალიშვილი, მთავარიშალი გერტრუდა პოლონელი.
- სვიატოსლავ II იაროსლავის ძე, ჰყავდა ხუთი ვაჟი ორი ქორწინებიდან.
- ვსევოლოდი იაროსლავის ძე, ცოლად შეირთო ბიზანტიელი პრინცესა ანასტასია (სხვა წყაროებით — მარია); ამ ქორწინებიდან დაიბადა ვლადიმირ მონომახი.
- ვიაჩესლავ იაროსლავის ძე, ცოლად ჰყავდა გერმანელი პრინცესა ოდა ლეოპოლდოვნა, შტადენის გრაფინია.
- იგორ იაროსლავის ძე, ცოლად შეირთო გერმანელი პრინცესა კუნიგუნდა, ორლამუნდის გრაფინია.
ერთ-ერთი ვაჟის ცოლის — გერმანელი პრინცესა ოდას, ლეოპოლდის ასულის — წარმომავლობა საკამათო საკითხია: არსებობს მოსაზრებები, რომ იგი ეკუთვნოდა შტადენის დინასტიას (ჩრდილოეთის მარკის მმართველებს) ან ბაბენბერგებს (ავსტრიის მმართველებს ჰაბსბურგებამდე). ასევე საკამათოა, ვისი ცოლი იყო ოდა — ვლადიმირის, სვიატოსლავის თუ ვიაჩესლავის. თანამედროვე მკვლევართა შორის ჭარბობს მოსაზრება, რომ ოდა ლეოპოლდოვნა სვიატოსლავის მეუღლე იყო და წარმოშობით ბაბენბერგების საგვარეულოდან მოდიოდა.[12]
ქალიშვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ელისაბედი (ქორწინებაში — ელისივი), გახდა ნორვეგიის მეფის — ჰარალდ მკაცრის — მეუღლე.
- ანასტასია (ქორწინებაში — აგმუნდა), გახდა უნგრეთის მეფის — ანდრაშ I|ანდრაშ I-ის]] — ცოლი.
- ანა, ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფეს — ანრი I-ს.საფრანგეთში ცნობილი იყო როგორც ანა (აგნესი) კიეველი ან ანა (აგნესი) რუსი.
ერთ-ერთი ვერსიით, იაროსლავს ჰყავდა ქალიშვილი სახელად აგატა (აგაფია) კიეველი.
გენეალოგიის საკამათო საკითხები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხ. დეტალურად — იაროსლავ ბრძენის სტატიაში.
ინგიგერდას სახე კინოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „იაროსლავ ბრძენი“ (1981, სსრკ), რეჟისორი — გრიგორი კოხანი, ინგიგერდას როლში — ლუდმილა სმოროდინა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lars O. Lagerqvist (1982). "Sverige och dess regenter under 1.000 år" (in Swedish). Albert Bonniers Förlag AB. ISBN 91-0-075007-7.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #131870068 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 Анна // Русский биографический словарь — СПб: 1900. — Т. 2. — С. 155.
- ↑ 3.0 3.1 Анна, святые русские // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. Ia. — С. 791–792.
- ↑ 4.0 4.1 А. П. Анна, Анна (святые) // Православная богословская энциклопедия: А — Архелая — СПб: 1900. — Т. 1. — С. 790–791.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 Kindred Britain
- ↑ ჯექსონი, ტ.ნ. სკანდინავიური ქორწინებები იაროსლავის და მისი შთამომავლების ისტორიაში // ვებსაიტი «რუსეთი ფერებში»
- ↑ კარამზინი, ნ.მ. რუსეთის სახელმწიფოს ისტორია, ტ. 2, თავი II. // პროექტი «Хронос»
- ↑ „საგა ეიმუნდზე“
- ↑ წმინდა კეთილმსახური მთავარი (მონაზონი) ანა ნოვგოროდელი — ცხოვრება
- ↑ თითმარ მერსებურგელი. ქრონიკა. წიგნი 8, თავი 32
- ↑ ა. ვ. ნაზარენკო. ანა // მართლმადიდებელი ენციკლოპედია, ტ. 2
- ↑ ნაზარენკო ა. ვ. — იაროსლავ ბრძენის ვაჟების დინასტიური კავშირები
- დაბადებული 1001
- შვედეთში დაბადებულები
- გარდაცვლილი 10 თებერვალი
- გარდაცვლილი 1050
- კიევის დიდი მთავარიშალები
- მართლმადიდებელი მონაზვნები
- წმინდანები ანბანის მიხედვით
- ნოვგოროდელი წმინდანების დასი
- კეთილმსახური წმინდანები
- XI საუკუნის ქრისტიანი წმინდანები
- კანონიზებული მთავრები
- წმინდანები, კანონიზებულნი XV საუკუნეში
- უკრაინის წმინდანები
- შვედეთის პრინცესები
- მუნსიოს დინასტია
- დაკრძალულნი ნოვგოროდის წმინდა სოფიას ტაძარში
- XI საუკუნის მმართველთა ცოლები
- გარდაცვლილი 1005
- კიევის ისტორია