შინაარსზე გადასვლა

ინა ბურდუჩენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინა ბურდუჩენკო
დაბადების თარიღი 31 მარტი, 1939(1939-03-31)[1]
დაბადების ადგილი ჩერნიჰივი
გარდაცვალების თარიღი 15 აგვისტო, 1960(1960-08-15)[1] (21 წლის)
გარდაცვალების ადგილი დონეცკი
დასაფლავებულია ბაიკოვეს სასაფლაო
საქმიანობა კინომსახიობი, თეატრის მსახიობი და მსახიობი
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი Kyiv National I. K. Karpenko-Kary Theatre, Cinema and Television University
Magnum opus Ivanna

ინა ბურდუჩენკო (უკრ. Бурдученко Інна Георгіївна, დ. 31 მარტი, 1939, ჩერნიგოვი — გ. 15 აგვისტო, 1960, დონეცკი) — საბჭოთა თეატრისა და კინოს მსახიობი. მან პოპულარობა მოიპოვა ფილმში „ივანა“ შესრულებული მთავარი როლით. ახალგაზრდა მსახიობი ტრაგიკულად დაიღუპა ფილმის „ყვავილი ქვაზე“ გადაღებების დროს.

ინა ბურდუჩენკო დაიბადა 1939 წლის 31 მარტს, ჩერნიგოვში. ბავშვობაში დიდ ინტერესს იჩენდა ლიტერატურის მიმართ და აქტიურად იყო ჩართული მხატვრულ ტანვარჯიშში. მშობლებს სურდათ, რომ მათი ქალიშვილი ექიმი გამხდარიყო, ხოლო ზოგიერთს სწამდა, რომ მას წარმატებული სპორტსმენის მომავალი ელოდა. თუმცა, სკოლის დამთავრების შემდეგ, ინამ აირჩია თეატრალური ხელოვნების გზა და ჩაირიცხა კიევის კარპენკო-კაროს სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.

შერჩევის შემდეგ ინა სტუდენტთა სიაში ვერ მოხვდა და იძულებული გახდა, სახლში დაბრუნებულიყო. თუმცა, თეატრის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოედგინა, ამიტომაც მუშაობა დაიწყო ოლქის თეატრში, სცენის რეკვიზიტორის თანამდებობაზე. სიამოვნებით მონაწილეობდა მასობრივ სცენებში და მოგვიანებით სპექტაკლში „ოვოდი“ შეასრულა ჯემას როლი. ეს იყო მისი პირველი წარმატება. 1957 წელს კი ინა უკვე ჩაირიცხა თეატრალური ინსტიტუტის ვლადიმირ ნელის სახელოსნოში.

მესამე კურსის სტუდენტობისას ინა ფილმში „ივანა“ გადაღებაზე მიიწვიეს. რეჟისორის ასისტენტმა ის სრულიად შემთხვევით შენიშნა კიევის ერთ-ერთ ქუჩაზე და მაშინვე შესთავაზა მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი როლის მოპოვებას ბევრი მსახიობი ცდილობდა, რამდენიმე სინჯის შემდეგ არჩევანი ინაზე შეჩერდა. გადაღებების დროს მას ხშირად უწევდა რამდენიმე დღე მშიერ-მწყურვალი ყოფნა.

1959 წლის დეკემბრის ბოლოს, ოქტომბრის სასახლეში ფილმ „ივანას“ პრემიერა გაიმართა. ინა ბურდუჩენკოს შესრულებამ მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა — იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს მისი გმირი რეალურად არსებობდა. 1960 წელს ფილმმა სსრკ-ის საყოველთაო კინოფესტივალზე მეორე პრემია მოიპოვა, რაც დიდ წარმატებად იქცა. სწორედ იმ წლებში ინას ნამდვილი დიდება ეწვია: მას ყოველდღიურად უამრავი წერილი და ათეულობით მოწვევა მისდიოდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კინოსტუდიიდან. ერთ-ერთ პრემიერაზე ინა შეხვდა თავის თაყვანისმცემელს, იგორ კირილიუკს, და მალე ისინი დაქორწინდნენ.

1960 წელს ფილმი „ივანა“ კათოლიკურ პოლონეთშიც გამოვიდა ეკრანებზე, თუმცა იქ პაპმა იოანე XXIII-მ იგი ანათემას გადასცა.[2]

1960 წლის 30 ივლისს, ფილმის „ყვავილი ქვაზე“ (სამუშაო დასახელება — „ასე ჯერ არავის ყვარებია“) გადაღებების დროს, რომლებიც დონბასში მიმდინარეობდა, ერთ-ერთ სცენაში ინას გმირი ცეცხლმოდებულ ბარაკში შედის დროშის გადასარჩენად. გადაღებებისას სცენის რამდენიმე დუბლი გაკეთდა. ხის შენობას უხვად ასხამდნენ ბენზინს და აალებდნენ, რის შედეგადაც მისი კონსტრუქცია ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ზიანდებოდა.

ფილმის რეჟისორმა, ანატოლი სლესარენკომ, გადაწყვიტა, რომ მიღებული მასალა საკმარისი არ იყო და ინას კიდევ ერთი დუბლის გადაღება მოსთხოვა. ახალგაზრდა მსახიობი კვლავ შევარდა ბარაკში, დროშა ხელში აიღო, მაგრამ გამოქცევა ვეღარ შეძლო — ფეხსაცმლის ქუსლი იატაკის ფიცრებს შორის გაეჭედა, იმავე წამს კი მის წინ ცეცხლმოკიდებული სახურავი ჩამოინგრა. მასობრივ სცენებში მონაწილე შახტიორი, სერგეი ივანოვი, ინას გადასარჩენად გაექანა და ბარაკიდან გამოიყვანა, თავად კი მძიმე დამწვრობები მიიღო. ინა სტალინოში (დღევანდელი დონეცკი) დამწვრობის განყოფილებაში მოათავსეს. სხეულის 78% მძიმე დამწვრობით იყო დაზიანებული — მხოლოდ სახე გადაურჩა, რადგან ინამ ინსტინქტურად ხელებით დაიფარა, ასევე უვნებლად დარჩა ის უბნები, რომლებიც საცვლებით იყო დაფარული. სსრკ-ის კულტურის მინისტრის, ეკატერინა ფურცევას განკარგულებით, სამედიცინო პერსონალს ინას განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა დაევალა. უამრავი ადამიანი მოდიოდა დონორად, რათა მისთვის სისხლი და კანის ქსოვილი მიცათ.[3] სამწუხაროდ, 1960 წლის 15 აგვისტოს, ინა ბურდუჩენკო გარდაიცვალა მძიმე დამწვრობების შედეგად. ის სამი თვის ორსული იყო.

ინა ბურდუჩენკო-კირილიუკი დაკრძალეს კიევში, ბაიკოვოს სასაფლაოზე. მისი ცხედარი თვითმფრინავით ჩაიტანეს ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში. გამოსამშვიდობებელი ცერემონია კიევის კინოსტუდიაში გაიმართა, სადაც ინას ასობით ადამიანი ემშვიდობებოდა. ფილმის რეჟისორი სამსახურებრივ გულგრილობაში სცნეს დამნაშავედ და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ინას მეუღლე იგორ კირილიუკი (1936-1963) ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა და მეუღლის გვერდით, კიევში, ბაიკოვოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

  • 1959 — „ივანა“ — ივანა სტავნიჩაია
  • 1960 — „ყვავილი ქვაზე“ — ქრისტინა
  • Беляев В. Инна Бургученко // Актёры советского кино. — М. : Искусство, 1966. — Вып. 2. — С. 52-61.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. Александр Федоров. Анализ советских антирелигиозных фильмов. ციტირების თარიღი: 2021-10-16
  3. Профиль на сайте RusActors.Ru. ციტირების თარიღი: 2012-12-29