შინაარსზე გადასვლა

იმპერატორის სასახლე (ტოკიო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმპერატორის სასახლე
ზოგადი ინფორმაცია
შენობის ტიპი სასახლე
ქვეყანა იაპონია
მდებარეობა ტოკიო
მისამართი 〒100-8111 東京都千代田区千代田1番1号
კოორდინატები 35°40′57″ ჩ. გ. 139°45′07″ ა. გ. / 35.682500° ჩ. გ. 139.752111° ა. გ. / 35.682500; 139.752111
დაიწყო 1868
სართულთა რაოდენობა 4
სხვა ინფორმაცია
Map

იმპერატორის სასახლე (იაპონ. 皇居, კო:კიო) — იაპონიის იმპერატორის სასახლე, რომელიც მდებარეობს ტოკიოს მეტროპოლიის სპეციალურ რაიონ ჩიოდაში. ის განთავსებულია ყოფილი ედოს ციხესიმაგრის ტერიტორიაზე. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოიყენება როგორც იმპერატორებისა და საიმპერატორო კარის რეზიდენცია. სასახლე იმყოფება იაპონიის საიმპერატორო კარის სამმართველოს კონტროლის ქვეშ. კომპლექსის შენობების არქიტექტურა შერეულია: ზოგიერთი ნაგებობა ევროპულ, ხოლო დანარჩენები ტრადიციულ სტილშია აშენებული.

ადრეული სასახლეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ნაგებობები „მია“ იძუმოში (იძუმო, შიმანე). ტრადიციულად, იაპონურ ენაზე იმპერატორის ადგილსამყოფელს აღნიშნავდნენ სიტყვით „მია“. ეტიმოლოგიურად, ის შედგება თავაზიანობის პრეფიქსისგან „მი“ და დაბოლოებისგან „ია“, და ნიშნავს პატივცემული პირის საცხოვრისს. ეს სიტყვა ასევე გამოიყენება შინტოისტური სალოცავების აღსანიშნავად, სადაც, იაპონელების წარმოდგენით, ღვთაებები ბინადრობენ. გარდა ამისა, „მია“ გულისხმობს შენობების განსაკუთრებულ ტიპს X-ის ფორმის ორფერდა კონსტრუქციებით, რომლებიც სახურავის ორივე მხრიდანაა გადმოშვერილი. ასეთი ნაგებობები დამახასიათებელია VI-XI საუკუნეების დიდებულთა საცხოვრებლებისა და სალოცავებისთვის. სიტყვიდან „მია“ — „იმპერატორის სახლი“ — მომდინარეობს ძველ იაპონური სიტყვა „მიაკო“ ( „დედაქალაქი“, „იმპერატორის სახლის ადგილი“). ძველად ეს ორი ტერმინი სინონიმებად გამოიყენებოდა.[1]

ძველი იმპერიული სასახლეები „მია“ ხისგან შენდებოდა და ქვის ფუნდამენტი არ გააჩნდა. შენობა ეყრდნობოდა ბოძებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ლპებოდა. ამიტომ, ერთი იმპერატორის მმართველობის პერიოდში სასახლეებს არაერთხელ აშენებდნენ ახალ ადგილას. მათ ასევე გადაიტანდნენ იმპერატორის გარდაცვალების შემთხვევაში. პირველი სასახლეების სახურავი ჩალით იყო დაფარული, რომელიც 642 წლიდან ხის გონტამ ჩაანაცვლა. VII საუკუნემდე სასახლეები იმპერატორების პირად სახლებს წარმოადგენდა. 603 წლიდან მათ ახალი ფუნქცია შეიძინეს და გახდნენ იაპონიის მთავრობის სხდომათა ადგილები. ასე რომ, VII საუკუნის ბოლოს სასახლეში იგულისხმებოდა არა მხოლოდ იმპერატორის საცხოვრებელი, არამედ სამთავრობო შენობების კომპლექსი, რომლის ცენტრს ეს რეზიდენცია წარმოადგენდა. იმპერატორის საცხოვრებელს კედელი ერტყა, რომლის სამხრეთით დიდი კარიბჭე იყო განლაგებული. კარიბჭის მიღმა გადაშლილი იყო ბაღი სამთავრობო სახლებითა და ბეღლებით, რომელიც ასევე კედლით იყო შემოსაზღვრული. ბაღის სამხრეთით მდებარეობდა სამხრეთის კარიბჭე. ბაღში ტარდებოდა საელჩოების მიღებები და სახელმწიფო ცერემონიები.[1]

VIII საუკუნეში იაპონიაში დაიწყო ქვეყნის რეფორმირების კურსი ჩინური საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის ნიმუშის მიხედვით. ამ სისტემის გავლენით, 704 წელს აშენდა პირველი იაპონური დედაქალაქი – ფუძივარა-კიო. ამ დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა იმპერიული სასახლე. მისი სიგანე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ შეადგენდა 1.6 კმ-ს, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ — 1.1 კმ-ს. სასახლე შედგებოდა შინა იმპერიული პალატებისგან, დაირი, სადაც ცხოვრობდა მონარქი, დინასტიური დარბაზისგან, სადაც ის მინისტრებთან ერთად სახელმწიფო საქმეებით იყო დაკავებული, აგრეთვე სამინისტროების შენობებისა და ცენტრალური სამთავრობო უწყებებისგან. სასახლის ტერიტორია გარშემორტყმული იყო დიდი კედლითა და თხრილით. მთელ კომპლექსს ეწოდებოდა სასახლის ციხესიმაგრე ან დიდი შინა იმპერიული პალატები . ფართო გაგებით, იმპერიული სასახლე აღნიშნავდა სასახლის ციხესიმაგრეს — ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრს, ხოლო ვიწრო გაგებით — შინა პალატებს — იმპერატორის საცხოვრებელ ადგილს.[1]

ფუძივარას სასახლის ციხესიმაგრის იდეა მემკვიდრეობით მიიღეს შემდეგმა იაპონურმა დედაქალაქებმა. ასე მაგალითად, ძველ ნარაში არსებობდა ჰეიძიოს სასახლე, ხოლო ძველ კიოტოში – ჰეიანის სასახლე. მათი სასახლის შენობებს ერთნაირი სახელები, მაგრამ განსხვავებული განლაგება ჰქონდათ. კერძოდ, დინასტიური დარბაზი ნარაში მდებარეობდა შინა პალატების სამხრეთით, ხოლო კიოტოში – სამხრეთ-დასავლეთით.[1]

იმ შემთხვევაში, თუ იმპერიული სასახლე ნადგურდებოდა ხანძრის, მიწისძვრის ან ცვეთის შედეგად, მონარქის რეზიდენცია დროებით იმპერიულ სასახლეში გადადიოდა. ის ეწყობოდა ვასალების დიდი მამულების ან ბუდისტური მონასტრების ტერიტორიაზე. ასეთ დროებით საიმპერატორო რეზიდენციას სოფლის შინა პალატები, ეწოდებოდა. კერძოდ, 960 წელს, ხანძრის შემდეგ, რომელმაც ჰეიანის სასახლის შინა პალატები გაანადგურა, იმპერატორის პალატები დროებით ცივი წყაროს დარბაზში გადაიტანეს. 976 წელს მორიგი ხანძარი მოხდა და იმპერიული სასახლე განთავსდა ჰირიკავას მამულში, რომელიც ეკუთვნოდა ფუძივარა-ნო კანემიჩის.[1]

1227 წლის დიდი ხანძრის შემდეგ, რომელმაც დედაქალაქის მთელი სასახლის ციხესიმაგრე ფერფლად აქცია, იმპერატორის სასახლე აღარ აღუდგენიათ. იმპერატორებისთვის ჩვეული გახდა დროებით სასახლეებში ცხოვრება, რომლებიც დედაქალაქის არისტოკრატიის სახლებში იყო აშენებული. 1331 წელს, ერთ-ერთი ასეთი სასახლე — ცუჩიმიკადო — მონარქის მუდმივ საცხოვრისად გადაკეთდა. 1392 წლიდან მან კიოტოს იმპერიული სასახლის სახელი მიიღო. ეს სასახლე ასევე არაერთხელ დაიწვა და გადაკეთდა. ბოლო მსხვილი რესტავრაცია 1855 წელს განხორციელდა.[1][2]

1868 წელს, სიოგუნატის დამხობისა და მეიძის რესტავრაციის შედეგად, დედაქალაქის მორიგი გადატანა მოხდა. ქალაქი ედო — სიოგუნატის ცენტრი და იაპონიის უდიდესი დასახლებული პუნქტი — ტოკიოდ („აღმოსავლეთ დედაქალაქი“) გადაკეთდა. 1869 წელს საქალაქო ციხესიმაგრე იმპერიულ სასახლედ გადააქციეს, ხოლო იმპერიული სახლი დასავლეთ ციხესიმაგრის ეზოში განთავსდა. 1873 წელს ეს ეზო დაიწვა, რის გამოც იმპერატორი გარკვეული დროის განმავლობაში დროებით სასახლეში, აკასაკას რაიონში ცხოვრობდა. 1879 წელს იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა ყოფილი ედოს ციხესიმაგრის დასავლეთ ეზოს აღდგენა და იქ ახალი მონარქის აპარტამენტების აშენება. 1888 წელს ეზოს ტერიტორიაზე გაჩნდა ე.წ. მეიძის სასახლე. ის შედგებოდა სატახტო დარბაზისგან, ფენიქსების დარბაზისგან აუდიენციებისთვის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მისაღებებისგან, მოსავლის დარბაზისგან და დარბაზისგან ბანკეტებისთვის, ასევე შორეული დარბაზისგან. 1945 წლის მაისში მეიძის სასახლე დაიწვა მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-ის არმიის საჰაერო ძალების მიერ ტოკიოს დაბომბვისას.[1]

1959 წელს, იმპერატორის რეზიდენციის მშენებლობის სამთავრობო კომიტეტის სხდომაზე, მიიღეს გადაწყვეტილება, ახალი იმპერატორის სასახლე დამწვარი სასახლის ადგილზე აეგოთ. მომდევნო წელს დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. პროექტის მიხედვით, იმპერატორის პალატები ბაღში და უშუალოდ სასახლე ცალ-ცალკე შენდებოდა. მონარქის პირადი აპარტამენტები აშენდა 1961 წელს. ეს იყო ორსართულიანი რკინაბეტონის შენობა, რომლის ფართობი 1358 მ2 იყო.2[1] ცერემონიალური სასახლის მშენებლობა გრძელდებოდა 1964 წლიდან 1968 წლამდე. ის ასევე რკინაბეტონისგან აშენდა, ჰქონდა ორი მიწისზედა და ერთი მიწისქვეშა სართული და იკავებდა 22,949 მ2 ფართობს.2[1]

სასახლე შედგებოდა იმპერატორის კაბინეტისგან, რომელშიც მონარქი სახელმწიფო საქმეებით იყო დაკავებული; სატახტო დარბაზისგან, რომელიც იყოფოდა ფიჭვის დარბაზად, ბამბუკის დარბაზად და ქლიავის დარბაზად და განკუთვნილი იყო ცერემონიებისთვის; მოსავლის დარბაზისგან ბანკეტებისთვის; გაზაფხულისა და შემოდგომის დარბაზისგან საღამოს მიღებებისთვის; და ასევე ჰარმონიის დარბაზისგან დასვენებისთვის, რომელიც შედგებოდა ფიჭვის ქარის დარბაზისგან და ქვის ხიდის დარბაზისგან. ყველა დარბაზი ერთმანეთთან მართკუთხედის ფორმის გალერეებით იყო დაკავშირებული და გადახურული იყო იაპონური სტილის სახურავით, ძლიერად მოხრილი კრამიტით. სასახლის შუაში განთავსებული იყო შიდა ეზო. სასახლის ინტერიერი, რომელიც ძვირფასი ხის ჯიშებით იყო მორთული, ასევე იაპონურ სტილში იყო შესრულებული.[1]

XXI საუკუნის დასაწყისში ყოფილი ედოს ციხესიმაგრის მთელი ტერიტორია სასახლის ციხესიმაგრედ გადაკეთდა. იმპერატორის პალატებისა და ახალი იმპერატორის სასახლის გარდა, ციხესიმაგრის დასავლეთ ეზოში განთავსდა იაპონიის საიმპერატორო კარის სამმართველო. მთავარი, მეორე და მესამე ციხესიმაგრის ეზოები გადაკეთდა აღმოსავლეთ სასახლის პარკად. ციხესიმაგრის მთავარი კოშკის ფუნდამენტის აღმოსავლეთით მდებარეობს ატმის მუსიკალური დარბაზი. ახალი იმპერატორის სასახლის დასავლეთით განლაგებულია სამი სასახლის სალოცავი: უწმინდესი, მონარქიული და ღვთაებრივი. პირველ სალოცავში თაყვანს სცემენ ღვთაებრივ სარკეს, რომელიც იაპონიის იმპერატორების რელიკვიაა და მზის ქალღმერთის, ამატერასუს (იაპონიის საიმპერატორო გვარის წინაპარი), განსახიერებაა; მეორეში — გარდაცვლილი იმპერატორების სულებს; ხოლო მესამეში — სასახლის რვა ღვთაება-მფარველს და ცისა და მიწის ღვთაებებს. სამი სალოცავის დასავლეთით მდებარეობს საიმპერატორო ლაბორატორია. მთელი სასახლის ციხესიმაგრე ედოს ციხესიმაგრის ფუნდამენტზე დგას და გარშემორტყმულია მაღალი კედლით, კოშკებით და წყლით სავსე ღრმა თხრილებით.[1] სასახლის ბაღები და შენობების უმეტესობა ღიაა საზოგადოებისთვის. იმპერატორის სასახლის მონახულება ხორციელდება საიმპერატორო კარის სამმართველოს სპეციალური ნებართვით.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 [1] Императорский дворец в Токио // Энциклопедия Ниппоника: в 26 т. 2-е издание. — Токио: Сёгакукан, 1994—1997
  2. [2] Императорский дворец в Киото // Энциклопедия Ниппоника: в 26 т. 2-е издание. — Токио: Сёгакукан, 1994—1997
  3. Императорский дворец в Токио // Управление Императорского двора Японии. ციტირების თარიღი: 2014-02-04