შინაარსზე გადასვლა

იმპერატორის სასახლე (კიოტო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმპერატორის სასახლე
ზოგადი ინფორმაცია
შენობის ტიპი სასახლე
ქვეყანა იაპონია
მდებარეობა კიოტო
კოორდინატები 35°01′31″ ჩ. გ. 135°45′44″ ა. გ. / 35.02528° ჩ. გ. 135.76222° ა. გ. / 35.02528; 135.76222
დაიწყო 1337
Map
სატახტო დარბაზი

იმპერატორის სასახლე (იაპონ. 京都御所, კიო:ტო გოსიო) — იმპერატორის სასახლე იაპონიაში, თუმცა ის არ არის იაპონიის იმპერატორის რეზიდენცია. იმპერატორი 1869 წლიდან (მეიძის რესტავრაცია) ტოკიოს იმპერატორის სასახლეში ცხოვრობს და 1877 წელს კიოტოს სასახლის კონსერვაციის განკარგულება გასცა. ის მდებარეობს ქალაქ კიოტოს თანამედროვე რაიონ კამიგიოს ტერიტორიაზე. ამჟამად სასახლის ტერიტორია ღიაა საზოგადოებისთვის და იაპონიის საიმპერატორო კარის სამმართველო დღეში რამდენჯერმე აწყობს ექსკურსიებს. სასახლემ მრავალი ფუნქცია დაკარგა მეიძის რესტავრაციის დროს, როდესაც 1869 წელს დედაქალაქი ტოკიოში გადაიტანეს. თუმცა, იმპერატორები ტაისიო და სიოვა კიოტოში ეკურთხნენ (ტახტზე ავიდნენ).

794 წელს, იაპონიის დედაქალაქის ხეიანში (მომავალი კიოტო) გადატანის შემდეგ, ქალაქის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში აშენდა იმპერატორის სასახლე. VIII-XIII საუკუნეების განმავლობაში ის არაერთხელ იყო რესტავრირებული ცვეთისა და ხანძრის გამო. ასეთ შემთხვევებში, იმპერატორის რეზიდენცია გადაჰქონდათ დროებით სასახლეში, რომელიც ვასალი ფეოდალების მამულებში ეწყობოდა. კიოტოს იმპერატორის სასახლე სწორედ ერთ-ერთი ასეთი დროებითი სასახლეა, რომელიც იმპერატორისა და მისი კარის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იქცა XIV საუკუნეში ხეიანის სასახლის საბოლოო დაცემის შემდეგ.

კიოტოს სასახლე მდებარეობდა ცუჩიმიკადოს მცირე სასახლის ტერიტორიაზე. იმპერატორის სახლის ჩრდილოეთ და სამხრეთ დინასტიებად გაყოფის დროს, ის 1331 წლიდან გამოიყენებოდა როგორც ჩრდილოეთ დინასტიის იმპერატორების რეზიდენცია. 1392 წელს ორი დინასტიის გაერთიანების შემდეგ, კიოტოს სასახლე იაპონიის იმპერატორების ძირითად ადგილსამყოფელად იქცა. ის ორჯერ დაიწვა (1401 და 1443 წლებში), დიდი ხნის განმავლობაში ფინანსების უკმარისობის გამო არ რესტავრირდებოდა და საბოლოოდ დაინგრა ონინის სამურაის შფოთის დროს, რომელიც 1467-1476 წლებში მიმდინარეობდა.

1569 წელს კიოტოს იმპერიული სასახლის აღდგენა დაიწყო ფეოდალმა ოდა ნობუნაგამ, რომელმაც კიოტო დაიპყრო. მან ააგო ძირითადი მონარქის პალატები. რესტავრაცია განაგრძეს მისმა პოლიტიკურმა მემკვიდრეებმა, ტოიოტომი ჰიდეიოსიმ და ტოკუგავა იეიასუმ, რომლებმაც სასახლე გააფართოვეს. იმპერატორის რეზიდენციის მშენებლობა საბოლოოდ 1620-1640-იან წლებში დასრულდა. კიოტოს სასახლე არაერთხელ დაიწვა: 1653, 1661, 1673, 1708, 1788 წლებში. 1789 წელს სიოგუნატის მთავრობის თავმჯდომარემ, მაცუდაირა სადანობუმ, ნაწილობრივ მოახდინა მისი რესტავრაცია, ააშენა რა რამდენიმე შენობა ხეიანის სასახლის სტილში, ურამაცუ მიცუიოს პროექტის მიხედვით. ამის მიუხედავად, 1854 წელს იმპერიული სასახლე კიდევ ერთხელ დაიწვა და მომდევნო წელს ის კვლავ სრულად აღადგინეს. ამ სახით სასახლე დღემდეა შემორჩენილი.

მცირე დარბაზი

კიოტოს სასახლის სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ შეადგენს 450 მეტრს, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ — 250 მეტრს. მისი ტერიტორია შემოფარგლულია თეთრი კედლით, რომელსაც ექვსი კარიბჭე აქვს.

სამხრეთით მდებარეობს კენრეის საპარადო კარიბჭე, რომელიც გადის სამხრეთ ეზოზე; ეს უკანასკნელი შემოსაზღვრულია სამი გალერეით: სიომეიმონი, ნიკამონი და გეკამონი. ეზოს ჩრდილოეთ მხარეს დგას მთავარი სატახტო დარბაზი სისინი, ხოლო მის ჩრდილო-დასავლეთით კი — მონარქის პალატები სეირიო. დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს მცირე სასახლე კოგოსიო, სასწავლო დარბაზი და დარბაზი ცუნენოგოდენ. მათ აღმოსავლეთით განთავსებულია იმპერიული აუზი. კიოტოს სასახლის ჩრდილოეთ ნაწილშია იმპერატორის მეუღლის, პრინცებისა და პრინცესების დარბაზები.

კიოტოს სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს იმპერატორის დედის სასახლე, რომელიც 1867 წელს აშენდა, და ყოფილი იმპერატორის სასახლე, აშენებული 1852 წელს. კიოტოს სასახლესთან ერთად მათ კიოტოს იმპერიულ ბაღს უწოდებენ. XX საუკუნის შუა ხანებამდე ბაღის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა იმპერატორის სასახლის გასწვრივ აშენებული დედაქალაქის არისტოკრატებისა და იმპერიული ოჯახის მამულები. 1994 წლის მდგომარეობით, მათგან შემორჩენილია რეიძენის საგვარეულო მამული, რომელიც შეტანილია იაპონიის ძვირფასი კულტურული მიღწევების სიაში. კიოტოს იმპერატორის სასახლე ყოველწლიურად ღიაა დასათვალიერებლად აპრილის პირველ დეკადაში და ოქტომბრის მეორე დეკადაში. სხვა დღეებში სასახლის მონახულება შესაძლებელია იაპონიის საიმპერატორო კარის სამმართველოს განსაკუთრებული ნებართვის არსებობის შემთხვევაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]