იმიერკავკასიის ვაკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იმიერკავკასიის ვაკე (რუს. Предкавказская равнина) — ვაკე ჩრდილოეთ კავკასიაში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით, აზოვის ზღვიდან (დასავლეთი) კასპიის ზღვამდე (აღმოსავლეთი), ჩრდილოეთიდან შემოფარგლულია კუმა-მანიჩის ღრმულით. გადაჭიმულია დაახლოებით 900 კმ-ზე, სიგანე 300 კმ-მდე. იმიერკავკასიის ვაკის დიდი ნაწილი ეპიჰერცინულ ბაქანზე მდებარეობს. მდინარეების ყუბანისა და თერგის ქვემოთი ალპური გეოსინკლინის კიდური როფის ქვაბულია. იმიერკავკასიის ვაკე სამ ნაწილად იყოფა - დასავლეთი იმიერკავკასიის ვაკე მოიცავს ყუმბან-აზოვისპირა დაბლობს, ყუბანის დელტასა და ტამანის ნახევარკუნძულს; შუა ნაწილშია სტავროპოლის მაღლობი, თერგ-სუნჯის მაღლობი; აღმოსავლეთ იმიერკავკასიის ვაკეში შედის თერგ-კუმის დაბლობი (კასპიისპირა დაბლობის სამხრეთ-დასავლეთი კიდე). იმიერკავკასიის ვაკის შუა და დასავლეთ ნაწილებში მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო რაიონებია. აღმოსავლეთ ნაწილში გაბატონებულია ნახევარუდაბნოს ლანდშაფტი. სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება ნავთობი და აირი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]