იმერული ცხვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იმერული ცხვარი — ძველი ქართული ცხვრის შთამომავალი. ტანად პატარაა, აქვს თხელი, წაგრძელებული სხეული, მოკლე კონუსისებრი კუდი, მაგარი კიდურები, ხმელი კოსტიტუცია. უფრო ხშირად თეთრია, ზოგჯერ ჭრელი ან ფერადი. ნერბის ცოცხალი მასაა 29,2 (უდიდესი 39) კგ, ვერძისა 34,9 (უდიდესი 45) კგ. მატყლი წმინდა და გარდამავალბეწვიანია, მქისე ბეწვიც ურევია, რბილია. ნერბის კულულის სიგრძეა 13,3 სმ (თივთიკის სართული 10), ვერძისა 17,4 სმ (თივთიკის სართული 11,6). ნერბის ნაპარსია 1,53 კგ, ვერძისა 2,7 კგ. ხორცი გამოსავლიანია, საუკეთესო გემოსი, სპეციფიკური სუნი არ აქვს. იმერული ცხვარი სწრაფად იზრდება და ადრე მწიფდება, მაგ., 6 თვის თოხლი წონით უკვე ზრდასრული ცხვრის 75%-ს აღწევს, 4 თვისა — სქესობრივად მომწიფებულია; 11-13 თვისა 2-5 ბატკანს იგებს, რომელთაგან 2-ს დაუხმარებლად ზრდის. პოლიესტრულია, ე. ი. მრავლდება წლის ყველა სეზონში. მოშენებულია ცალკეულ უბნებში, საუკუნეების მანძილზე ხალხური სელექცია მიმართული იყო 2 წელიწადში 5 დოლისა და მრავალნაყოფიერი თაობის მისაღებად. იმის გამო, რომ ადრეულია, პოლიესტრული და მრავალნაყოფიერი, თაობათა სწრაფი ბრუნვა ახასიათებს, მაგ., 3 წლის ერთი ნერბის შთამომავალი ხშირად 10-20 სულს აღწევს, ხოლო რეკორდული ნერბის შთამომავლობამ 3½ წელში 76 სულს მიაღწია.

სოფლის გასადევრების შემცირების გამო იმერული ცხვრის არეალიც მცირდება. ამჟამად შემორჩენილია იმერეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, სვანეთში. უკანასკნელი 40 წლის მანძილზე დასავლეთ საქართველოში შეიყვანეს თუშური, ჰემფშინური, ყარაჩაული და სხვა ჯიშის ერკემლები, რამაც გააუარესა იმერული ცხვრის ჯიშური თვისებები. დიდი მნიშვნელობა აქვს მისი უნიკალური გენოფონდის გამოყენებას ინდუსტრიულ მეცხვარეობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]