იმერეთის აჯანყება (1819-1820)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იმერეთის აჯანყება 1819-1820)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იმერეთის აჯანყება.

იმერეთის აჯანყება 1819-1820 — ანტიკოლონიური სახალხო აჯანყება დასავლეთ დასავლეთ საქართველოში რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ. აჯანყებამ იმერეთის სახელწოდება მიიღო, რადგან ის იმერეთში დაიწყო, თუმცა უფრო მწვავე და სისხლიანი სახე გურიის სამთავროში მიიღო.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმერეთის რუსეთთან შეერთების (1810) შემდეგ შეწყდა თურქთა თავდასხმები და შეიქმნა მშვიდობიანი განვითარების პირობები, მაგრამ სამაგიეროდ გაჩნდა ბიუროკრატიული აპარატი, გაიზარდა სახელმწიფო გადასახადები და შრომითი ბეგარა, გაუარესდა სამართალწარმოება, ფესვი გაიდგა მექრთამეობამ. რუსეთის მთავრობამ მიზნად დაისახა გაეზარდა სახაზინო შემოსავალი, ამისათვის საჭიროდ მიიჩნიეს საეკლესიო რეფორმების გატარება, რითაც გლეხთა საეკლესიო გადასახადები კიდევ უფრო იზრდებოდა. რეფორმა ითვალისწინებდა იმერეთის ეპარქიების შემცირებასა და საეკლესიო აზნაურებისა და გლეხობის სახაზინო (სახელმწიფო) უწყებაში გადარიცხვას. ამ ღონისძიებას უკმაყოფილოდ შეხვდა მოსახლეობის ყველა ფენა. 1819 ივლისში დაიწყო რეფორმების გატარება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მიტროპოლიტი თეოფილაქტე რუსანოვი.

თავადაზნაურობამ მშვიდობიანი გზით სცადა რეფორმის შეჩერება, მაგრამ უშედეგოდ. შორაპნის მაზრის მოსახლეობა აჯანყდა და რეფორმის გაუქმება მოითხოვა. ასევე აჯანყდა რაჭის მოსახლეობა. რეფორმის გასატარებლად გაგზავნილი მოხელეები ხალხმა გურია-სამეგრელოში არ შეუშვა. მთავრობამ სასწრაფოდ გაგზავნა იმერეთში ჯარის ნაწილები. სამეგრელოს მთავარი, ლევან V დადიანი, ცდილობდა, აჯანყება სამეგრელოში არ გავრცელებულიყო. 1819 წლის 22 მაისს დადიანი საქართველოს მთავარმართებელ ალექსეი ერმოლოვს სწერდა, რომ მიიღო საქართველოს ეგზარქოსისგან რეფორმასთან დაკავშირებული დოკუმენტები და არ იყო წინააღმდეგი საეკლესიო რეფორმისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მის შემოსავლებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა, რადგან ნომინალურად საეკლესიო მამულები რეალურად მთავრის მამულებს წარმოადგენდა. 9 ივლისს თეოფილაქტე იძულებული გახდა თბილისს გამგზავრებულიყო. 11 ივლისს ხელისუფლება სამეგრელოს მთავრს წერდა, რომ არ დაეშვა აჯანყების გავრცელება სამეგრელოში და პირობას აძლევდა, რომ რუსეთის ხელისუფლება არ დაარღვევდა იმ შეთანხმებას, რომლითაც სამეგრელოს სამთავრო რუსეთის მფარველობაში შევიდა. ლევან დადიანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ არ უღალატებდა რუსეთის იმპერატორს.

თეოფილაქტეს გამგზავრებამ მღელვარება შეანელა, მაგრამ როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ აჯანყების საქმის ძიება დაიწყო, მოსახლეობამ კვლავ იარაღს მოჰკიდა ხელი. იმერეთი აჯანყებამ მოიცვა. აჯანყება გავრცელდა რაჭაშიც. მოსახლეობა თავს ესხმოდა რუსთა რაზმებს, შეწყდა გადასახადების გადახდა. აჯანყებამ აამოძრავა ოსმალეთში მყოფი იმერელი ემიგრანტები. ფეოდალთა ნაწილმა განიზრახა ესარგებლა შექმნილი მდგომარეობით და იმერეთში ადგილობრივი სამეფო ხელისუფლება აღედგინა. მათ მოიწვიეს ირანში მყოფი ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე), მაგრამ მასთან მოლაპარაკება გაჭიანურდა (სხვადასხვა მიზეზბის გამო ალექსანდრემ იმერეთში ჩამოსვლა ვერ შეძლო), საბოლოოდ არჩევანი სოლომონ I-ის შვილიშვილ - ივანე აბაშიძეზე - შეჩერდა.

აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმერეთში აჯანყების დაწყებიდან გურიის სამთავროში შედარებით სიმშვიდე იყო, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ეჭვობდა, რომ მამია V გურიელი იმერეთის თავადებსა და აზნაურებს თანაუგრძნობდა, რადგან აბაშიძეს ცოლად ჰყავდა მამია V გურიელის და. აბაშიძემ იცოდა, რომ მისი შეფარებისათვის მამია გურიელს რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაეძაბებოდა. ამიტომ იყო, მან თავი შეაფარა არა ცოლისძმას, არამედ ცოლის ბიძას — ქაიხოსრო გურიელს, რომელსაც რეზიდენცია შემოქმედში ჰქონდა. ქაიხოსრო თავს იმით იმართლებდა, რომ იმერეთიდან დევნილი ივანე აბაშიძე აჭარაში აპირებდა გადასვლას, რის გამოც მან უმჯობესად მიიჩნია თავადი თავისთან მიეწვია და შემდეგ რუსეთის ხელისუფლებასთან შეერიგებინა. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ვერსია არ დაიჯერა, თანაც გავრცელდა ხმები, რომ გურიისა და სამეგრელოს მთავრებს ახალციხის ფაშასთან ჰქონდათ მოლაპარაკება. იმერეთის მმართველ გენერალ-მაიორ ივანე კურნატოვსკის დაევალა დაედგინა გავრცელებული ხმების ნამდვილობა. კურნატოვსკის წარმომადგენელთან შეხვედრისას ახალციხის ფაშამ დაადასტურა გავრცელებული ხმები. ერმოლოვი ძალზე შეაშფოთა ივან კურნატოვსკის 1820 წლის 17 იანვრის მოხსენებამ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ იმერეთში აჯანყება მზადაა და იგი პირველი დაძახილისთანავე დაიწყებაო. იმერეთში თავადებმა და აზნაურებმა კვლავ დაიწყეს გლეხების შეკრება. კურნატოვსკი აღნიშნავდა, რომ ლევან დადიანის, მამია გურიელისა და ზურაბ წერეთლის ნდობა არ შეიძლებოდა. სანდო იყო მხოლოდ თავადი ქაიხოსრო წერეთელი. 1820 წლის 22 იანვარს ერმოლოვმა გასცა ბრძანება დაეპატიმრებინათ თავადი ივანე აბაშიძე. ამასთან, 1820 წლის თებერვალში ერმოლოვმა იმერეთის მმართველი ივან კურნატოვსკი ჩაანაცვლა ეგერთა 44-ე პოლკის მეთაურით, პოლკოვნიკ ივან პუზირევსკით. 1820 წლის 4 მარტს დააპატიმრა ექვთიმე გენათელი, დოსითეოს ქუთათელი, დარეჯან ბატონიშვილი (სოლომონ I-ის ასული) და რამდენიმე გავლენიანი თავადი და აზნაური.

1820 წლის გაზაფხულზე სამეგრელოში ჩავიდა მთავრის ძმის, გიორგი დადიანი, ლეიბგვარდიის პრეობრაჟენსკის პოლკის პოდპორუჩიკი. დადიანი პოლკში დაბრუნებას არ ჩქარობდა. მისი სამეგრელოში ჩასვლისთანავე კი მღელვარება დაიწყო. გიორგის მხარს უჭერდა ბიძა, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, რომელის მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და ასევე მას მხარს უჭერდა ოსმალებთან ურთიერთობაში შემჩნეული ბეჟან დადიანი. რუსეთის სარდლობამ სამეგრელოში ჯარი შეიყვანა და აჯანყებულები დაამარცხა. გიორგი დადიანმა აფხაზეთს შეაფარა თავი. იმერეთში რუსთა დამატებითი ძალები შეიყვანეს გენერალ ველიამინოვის სარდლობით.

პუზირევსკიმ ქაიხოსრო გურიელს აცნობა, რომ თუ იგი ივანე აბაშიძეს რუსებს ნებაყოფლობით გადასცემდა, მას ყველა დანაშაულს აპატიებდნენ და სასჯელად მხოლოდ გადასახლებას დაუწესებდნენ. ქაიხოსრო გურიელის მიერ ივანე აბაშიძის შეფარებამ, ეჭვის ქვეშ დააყენა გურიის მთავრის რუსეთისადმი ერთგულება. მიუხედავად ამისა, ალექსეი ერმოლოვი ცდილობდა მამია გურიელი ბიძის წინააღმდეგ გამოეყენებინა. 1820 წლის 12 აპრილს მან მამია გურიელს მისწერდა, რომ ქაიხოსრო გურიელის მოქმედება მის ავტორიტეტს ვერ შეარყევდაა და რუსეთის ხელისუფლება კვლავაც ნდობას უცხადებდა გურიის მთავარს. ამასთან ერთად, ერმოლოვი აღნიშნავდა, რომ ვერ დაუშვებდა მამია გურიელისათვის ხელისუფლების გაყოფას. ამას მოჰყვა ურთიერთობის დაძაბვა ბიძასა და ძმისშვილს შორის ქაიხოსროს მხარეზე დადგნენ დავით გიორგის ძე გურიელი, დავით ზაალის ძე ერისთავი.

1820 წლის 6 აპრილს ივან ველიამონოვმა ქაიხოსრო გურიელს მოსთხოვა დაუყონებლივ ჩასულიყო ქუთაისში და როცა ამ უკანასკნელისაგან უარი მიიღო, პუზირევსკის უბრძანა გურიის სამთავროში ჯარი შეეყვანა, ქაიხოსრო გურიელი ან შეეპყრო ან გურიიდან განედევნა. პუზირევსკი 44-ე პოლკის 1 ასეულით და 2 ზარბაზნით მარნიდან შემოქმედისაკენ დაიძრა. 1820 წლის 13 აპრილს პუზირევსკიმ ეგერთა ასეული და 2 ზარბაზანი პოდპოლკოვნიკ ზგორელსკის მეთაურობით ჩოხატაურში დატოვა და კაზაკთა მცირე რაზმით შემოქმედის ციხისაკენ გაემართა. პუზირევსკის ციხე საერთოდ დაცლილი დახვდა. ქაიხოსრო ამ დროს მეზობელ სოფელში იმყოფებოდა და სამი ადამიანი გაგზავნა სოფლის მოსახლეობის გასაფრთხილებლად. ეს სამი ადამიანი უკან გამობრუნებული პუზირევსკის გადააწყდა. მათგან ერთმა, აზნაურმა იოთამ ბოლქვაძემ შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა პუზირევსკი. პრაპორშჩიკი ტატიშვილი და თარჯიმანი, ვინმე მერაბი, გურულებმა ტყვედ აიყვანეს. იოთამ ბოლქვაძე ქაიხოსრო გურიელმა ივან პუზირევსკის თოფითა და ხმლით დააჯილდოვა. ივან პუზირევსკის ნაცვლად იმერეთის მმართველად ალექსეი ერმოლოვის ერთ-ერთი უახლოესი თანამოზრე პოლკოვნიკი პიოტრ გორჩაკოვი დაინიშნა.

შეიტყო თუ არა პოლკოვნიკ ივან პუზირევსკის მკვლელობის ამბავი, ჩოხატაურში მყოფი პოდპოლკოვნიკი ზგორელსკი სოფელ მარანში დაბრუნდა და იქ მყოფ ეგერთა 44-ე პოლკის ბატალიონთან ერთად კვლავ გურიაში გაემგზავრა, სადაც მას ეგერთა ერთი ასეული შეუერთდა. ზგორელსკი ქაიხოსრო გურიელის მიერ მოწყობილ ჩასაფრებას წააწყდა, ბრძოლაში რამდენიმე მებრძოლი დაკარგა და იძულებული გახდა უკან დაეხია. 1820 წლის აპრილიდან გურიის დიდ ნაწილში აჯანყება დაიწყო. აჯანყებულთა შეიარაღებულმა რაზმებმა ალყაში მოაქციეს ზგორელსკის ეგერთა 44-ე პოლკის ბატალიონი, რომელიც შემოქმედის ციხისაკენ ცდილობდა გაჭრას. ბრძოლაში რუსებმა 33 ოფიცერი და ჯარისკაცი დაკარგეს, რის შემდეგაც უკან დაიხიეს და ოზურგეთს შეაფარეს თავი. 1820 წლის 19 აპრილს აჯანყებულებმა გააფთრებული ბრძოლის შემდეგ ჩოხატაური დაიკავეს და იქ გამაგრებული რუსების დიდი ნაწილი დახოცეს. 1820 წლის მაისის დასაწყისში აჯანყებულ გურულებს კიდევ რამდენიმე შეტაკება ჰქონდათ რუსეთის ჯართან.

1820 წლის 2 მაისს ზგორელსკიმ ბრძოლაში დაჭრილი რუსი ჯარისკაცები და დაპატიმრებული აჯანყების მონაწილე გურულების ერთი ჯგუფი ეგერთა 2 ასეულისა და 30 კაზაკის თანხლებით შტაბს-კაპიტან ორბელიანის მეთაურობით სოფელ მარნიდან ქუთაისში გაგზავნა. გზაზე რუსები გურულების ჩასაფრებას წააწყდნენ, გაიმართა ხელჩართული ბრძოლა. შტაბსკაპიტანმა ორბელიანმა ქუთაისიდან დამატებითი ძალა გამოითხოვა. ორბელიანის დასახმარებლად მალევე მივიდა რუსთა რაზმი კაპიტან ვოინოვის მეთაურობით. ორბელიანმა და ვოინოვმა აჯანყებულთა დამარცხება ვერ შეძლეს. რუსეთის ჯარის დასახმარებლად ქვეითთა კიდევ 2 ასეული მოვიდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს რუსებმა აჯანყებულთა ალყის გარღვევა და სოფელ მარანში შეღწევა. რუსებმა ბრძოლაში 1 ზარბაზანი დაკარგეს. მართალია აჯანყებულმა გურულებმა ტყვე თანამებრძოლები ვერ გაათავისუფლეს, მაგრამ რუსეთის ჯარს სერიოზული ზიანი მიაყენეს, რამაც კიდევ უფრო წაახალისა აჯანყებულები.

იმერეთის დამორჩილების შემდეგ, 21 მაისს, რუსთა ჯარმა კვარას ციხესთან დაამარცხა აჯანყებული რაჭველები და რაჭა მოარბია. ბრძოლაში დაიღუპა აჯანყების მონაწილე დავით ბაგრატის ძე ბატონიშვილი, სოლომონ I-ის ძმისშვილი; როსტომ სვიმონის ძე რუსეთში გადაასახლეს და რიგითად ჩარიცხეს სუმის ჰუსართა პოლკში. იმერეთის ბაგრატიონთა სხვა წარმომადგენლები — მამუკა, ვახტანგი და ტარიელი თურქეთში გადაიხვეწნენ.

1820 წლის 9 ივლისს კავკასიის კორპუსის შტაბის უფროს გენერალ-მაიორ ალექსეი ველიამინოვის მეთაურობით ქუთაისიდან რუსეთის ჯარი მარნის გავლით გურიისაკენ დაიძრა. ველიამინოვის დაქვემდებარებაში იყო 3200 ქვეითი, 150 კაზაკი, 7 ზარბაზანი. ამჯერად გურულებს რუსეთის ჯარისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. რუსებმა შეიტყვეს, რომ ქაიხოსრო გურიელი ძმასთან, დავით გურიელთან, ერთად შემოქმედის ციხეში იმყოფებოდა. 23 ივლისს რუსეთის ჯარი შემოქმედის ციხისაკენ დაიძრა და მეორე დღეს ციხეს შემოადგა. ქაიხოსრო გურიელი ამ დროს ციხეში არ იმყოფებოდა, იქ მხოლოდ აჯანყებულთა დასახმარებლად მოსული აჭარლები იყვნენ. რუსებმა ზარბაზნების გამოყენებით ციხის კარები შეანგრიეს. იმავდროულად მათ ციხის საიდუმლო კარს მიაგნეს და ციხეში შეიჭრნენ. აღმოჩნდა, რომ დამცველებს ცოტა ხნით ადრე დაეტოვებინათ ციხე. რუსებმა იქ მხოლოდ 5 კაცი იპოვეს, რომლებიც ხიშტებზე ააგეს. რუსებმა ბრძოლაში მოკლულთა სახით 15, ხოლო დაჭრილთა სახით 52 კაცი დაკარგეს. ერმოლოვის ბრძანების თანახმად, შემოქმედის ციხე დაანგრიეს, ხოლო მახლობელი სოფლები გადაწვეს. შემოქმედის ციხის აღების და სოფლების გადაწვაში რუსებს დიდი დახმარება აღმოუჩინა თავადმა კაცია ნაკაშიძემ.

გურიის სამთავროში ველიამინოვის მეთაურობით რუსეთის ჯარის შესვლას უნდობლობით შეხვდა მამია V გურიელი. ერმოლოვის თხოვნის მიუხედავად, იგი ველიამინოვის ბანაკში არ გამოცხადდა და რუსებისათვის არც რაიმე დახმარება აღმოუჩენია. კავკასიის მთავარსარდალი მიიჩნევდა, რომ გურიის მთავრის ასეთი მოქმედება აჯანყებულებს წაახალისებდა. ერმოლოვი მამია გურიელს არწმუნებდა, რომ მის მიმართ რუსეთის ხელისუფლებას არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონდა და არც მის შეპყრობას აპირებდა. იმავდროულად, კავკასიის მთავარსარდალი გურიის მთავარს მოუწოდებდა თავიდან მოეშორებინა რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ადამიანები, მაგალითად, თავადი დავით მაჭუტაძე. მიუხედავად იმისა, რომ მამია გურიელმა რუსებს აშკარა თანადგომა არ გამოუცხადა, იგი იძულებული გახდა ივან პუზირევსკის მკვლელი იოთამ ბოლქვაძე შეეპყრო და რუსებისათვის გადაეცა. იოთამ ბოლქვაძე ჯარისკაცთა მწყობრში გაატარეს და ზუმბების ცემით მოკლეს.

ველიამინოვმა ქაიხოსრო გურიელის ძმის, დავითის წინააღმდეგ გაგზავნილ იქნა მაიორი მიხინი. დავით გურიელმა თავი შეაფარა ფოთს, სადაც ოსმალების გარნიზონი იდგა. რუსებმა აიღეს სოფელი ღვედი. 21 აგვისტოს ველიამინოვი შევიდა ჩოხატაურში და 23 აგვისტოს მაიორი მიხინი გაგზავნა სურებში. მიხინმა 24-25 აგვისტოს დაარბია სურები და დავით ერისთავის მამული. რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა გურიის მთავრის სახლთუხუცესმა დავით მაჭუტაძემ. მან ფოთიდან გამოიხმო დავით გურიელი და სცადა გრიგოლეთის აღება. თავადმა გიორგი ნაკაშიძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იყო, გურიელს და მაჭუტაძეს გრიგოლეთის დაკავების საშუალება არ მისცა. მაჭუტაძემ 200 ადამიანთან ერთად ნიგოზდიდი დაიკავა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსების რაზმი ნიგოზდიდისკენ დაიძრა, ციხე დატოვეს. რუსებმა დაანგრიეს ნიგოზდიდის ციხე და გადაწვეს მაჭუტაძის სახლი. 27 აგვისტოს ნიგოზდიდის მოსახლეობამ რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცა. 28 აგვისტოს ველიამინოვმა ერმოლოვს მოახსენა, რომ აჯანყება გურიაში დამარცხებული იყო.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დააპატიმრეს 70 კაცი, მათგან 10 ჩამოახრჩვეს, ნაწილი კი რუსეთში გადაასახლეს. აჯანყების სხვა მეთაურები ემიგრაციაში წავიდნენ. ოსმალეთში იყვნენ გაქცეულები ქაიხოსრო და დავით გურიელები, დავით მაჭუტაძე და დავით ერისთავი. ბევრი აჯანყებული რუსეთს გადაასახლეს, მათი ქონება ხაზინას გადაეცა. 1820 წლის 31 აგვისტოს მამია გურიელს ოფიციალურად აცნობეს აჯანყებულებისთვის ყმებისა და მამულების ჩამორთმევის შესახებ. ამ მამულებში ხაზინამ მოურავები დანიშნა. მოურავები რუსეთის იმპერიის მოხელები იყვნენ და იმერეთის მმართველს ემორჩილებოდნენ. ამის გამო 1821 წლის 8 და 10 იანვარს მამია გურიელმა საპროტესტო წერილებით მიმართა იმერეთის მმართველის მოვალეობის შემსრულებელს ივანე აფხაზს. გურიელი ერმოლოვის ბრძანების გაუქმებას და ჩამორთმეული მამულების მისთვის გადაცემას ითხოვდა. ერმოლოვი უარზე იყო, ის მამია გურიელის მოთაფვლას ცდილობდა და ის დააჯილდოვა წმინდა ვლადიმერის მეორე ხარისხის ჯვრით, ხოლო ერმლოვისვე შუამდგომლობით მამიას ვაჟი, დავითი მონათლა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა. მაგრამ მამია გურიელი გაჩერებას არ აპირებდა. საბოლოოდ ერმოლოვმა მას დაუთმო ჩამორტეული მამულები, მაგრამ ყოფილმა მოურავებმა თანამდებობის გაუქმების საკომპენსაციოდ მიიღეს ყმები, გიორგი ნაკაშიძემ 20 კომლი, სვიმონ ერისთავმა 7 კომლი, გიგო ერისთავმა 7 კომლი, ხოლო ჩოხატაურში დარჩა რუსეთის ჯარი.

1821 წლის 1 აპრილს პიოტრ გორჩაკოვმა პროკლამაციით მიმართა გურიის მოსახლეობას. მან აჯანყებულებს მოსთხოვა, 11 აპრილამდე გამოცხადებულიყვნენ ჩოხატაურში მაიორ მიხინთან და ეთხოვათ მოწყალება. მოწოდებას თან ერთვოდა გურიიდან განდევნილების სია — თავადები: ქაიხოსრო და დავით გურიელები, დავით, სიკო და მაქსიმე ერისთავები, ვახუშტი გუგუნავა, ამბაკო შალიკაშვილი, გიორგი მაქსიმელიშვილი, ალ. თავდგირიძე; აზნაურები: გურგენ და ეტლია ბებურიშვილები, დურსუნ ბოლქვაძე, ერდიშელ თაყაიშვილი, ზურაბ სეხნიაშვილი, ბუჭუა ჭყონია, მაქსიმე იორაიშვილი, გოგინიკა კალანდარიშვილი. გასასამართლებელთა სიაში იყვნენ: დავით მაჭუტაძე, სოლომონ ერისთავი, ფრიდონ თავდგირიძე და აზნაურები სვიმონ ასათიანი, ლევან ქადაგიძე, ხოსია და კიკო გიგინეიშვილები, გაბრიელ ჩხატარაიშვილი. პროკლამაციის გამოქვეყნების შემდეგ ჩოხატაურში თავისი ნებით გამოცხადდნენ ან დაპატიმრებული მიიყვანეს: ლომინ ერისთავი, ლევან ქადაგიძე, სვიმონ ასათიანი, ზურაბ ქაიხოსროს ძე სეხნიაშვილი. დავით მაჭუტაძე შეურიგდა ხელისუფლებას და გურიაში ცხოვრების უფლება მიიღო.

ივანე აბაშიძე, ქაიხოსრო გურიელი, ვ. ბაგრატიონი და დ. ერისთავი ემიგრაციაში გარდაიცვალნენ. მომდევნო წლებში მათი ნათესავები და მომხრეების ნაწილი რუსეთის მთავრობას შეურიგდა, სამშობლოში დაბრუნდა და ყმა-მამულები დაიბრუნა. ერმოლოვის გეგმით, აჯანყების დამარცხებისთანავე უნდა გაუქმებულიყო გურიის სამთავრო, მაგრამ ერმოლოვმა ეს სხვა მიზეზების გამო ვერ მოახერხა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 113.
  • გურული ვ. „საქართველოს ახალი ისტორია“ (1801-1918) წ I. გვ 374-379