ილუზია-თოვლიან-მეჟენის მღვიმური სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილუზია-თოვლიან-მეჟენის მღვიმური სისტემა
კოორდინატები: 43°15′53″ ჩ. გ. 40°43′06″ ა. გ. / 43.26472° ჩ. გ. 40.71833° ა. გ. / 43.26472; 40.71833
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გუდაუთის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 2390 მ
სიგრძე 24080 მ
სიღრმე 1760 მ
ილუზია-თოვლიან-მეჟენის მღვიმური სისტემა — საქართველო
ილუზია-თოვლიან-მეჟენის მღვიმური სისტემა
ილუზია-თოვლიან-მეჟენის მღვიმური სისტემა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ილუზია-თოვლიან-მეჟენის მღვიმური სისტემა

ილუზია-თოვლიან-მეჟენის მღვიმური სისტემა — კარსტული უფსკრული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის კირქვული მასივის ეგრეთ წოდებულ „გამყოფ შტოქედზე“, ზღვის დონიდან 1960–2000–2390 მ-ზე. მორფომეტრიული მონაცემებით შედის საქართველოს 1000 მ-ზე ღრმა კარსტული უფსკრულების პირველ ათეულში. გამომუშავებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ასაკის კირქვების, გადოლომიტებული კირქვებისა და შეცემენტებული კონგლომერატების წყებებში. მღვი­მური სისტემის ჯამური სიღრმეა 1760 მ, სიგრძე 24 080 მ, ფსკერის ფართობი 150 000 მ², საერთო მოცულობა 2 000 000 მ³.

თოვლიანი უფსკრულის ძირითადი მაგისტრალი ხუთი დიდი გალერეისგან შედგება, რომლებიც, თავის მხრივ, რიგ განშტოებებს შეიცავს. მღვიმის ყველაზე დიდ დარბაზს წარმოადგენს ზედაპირიდან 1300 მ სიღრმეზე მდებარე „იქს“ დარბაზი, რომლის სიგრძეა 220 მ, სიგანე 70 მ, ხოლო სიმაღლე 50 მ აღემატება.

მეჟენის უფსკრული შედგება მკვეთრად გამოხატული ვერტიკალური და ჰორიზონტული ნაწილებისგან, რომლებიც ერთმანეთს მოკლე დერეფნებით უკავშირდება. თოვლიანი და მეჟენის უფსკრულები ერთმანეთს ჩასასვლელიდან 630 მ სიღრმეზე უერთდება, 410 მ-ით მაღლა მდებარე უფსკრული „ილუზია“ თოვლიან-მეჟენს შეუერთდა, რითაც მღვიმური სისტემის ჯამურმა სიღრმემ 1753 მ შეადგინა და მსოფლიოს უღრმეს უფსკრულთა სიაში მე-2 ად­გილ­ზე გადაინაცვლა. ამჟამად თოვლიანი უფსკრული 1760 მ სიღრმით მსოფლიოს უღრმეს უფსკრულთა სიაში მე-4 ადგილზეა.

მღვიმურ სისტემაში არის ნაირგვარი სტალაქტიტ-სტალაგმიტები, ტრავერტინები, ჰელიქტიტები, მღვიმური თოვლი. მიწისქვეშა მყინვარის ფართობი 6000 მ² აღწევს. სისტემაში გაედინება მიწისქვეშა ნაკადი მრავალრიცხოვანი შენაკადებით, რომელთაც დონეების ძლიერი რყევა ახასიათებთ. სხვა­და­სხვა მონაკვეთებში ბინადრობენ ობობები, მრავალფეხიანები და სხვა. მღვიმური სისტემა აღმოჩენილია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპელეორაზმის მიერ 1971 წელს. შესწავლასა და გამოკვლე­ვაში სხვადასხვა წლებში მონაწილეობდნენ რუსი და ევროპელი გამოცდილი სპელეორაზმები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 234–235.
  • ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.