ილია ჭავჭავაძის მუზეუმი და ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ილია ჭავჭავაძის მუზეუმი და ძეგლი — ისტორიული და მონუმენტური ხელოვნების ძეგლი. მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ოცდაოთხ ნომერში. მუზეუმი და ძეგლი გაიხსნა 1968 წლის 8 ივნისს. სახლზე არის მემორიალური დაფა ქართული წარწერით: „1868-1873 წლებში აქ დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა დიდი ქართველი მწერალი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე (1837-1907)“. მუზეუმი ერთსართულიანია, დგას ორი ქუჩის შესაყართან, პატარა ეზოს სიღრმეში. შენობა შედგება სამი ოთახისგან, სადაც გამოფენილია ფოტოსურათები. სახლს ეზოს მხრიდან ხის გადახურული აივანი აკრავს, რომელსაც წინიდან ერთმარშიანი კიბე აქვს მიდგმული.

შენობის წინ, ეზოში, გრანიტის სწორკუთხა ფორმის კვარცხლბეკზე დგას მწერლის ბრინჯაოს ბიუსტი. ბიუსტის შესრულებას პორტრეტული მსგავსების სიზუსტე ახასიათებს. ფორმათა დამუშავება დეტალურია, სილუეტი გრაფიკული სიმკვეთრით გამოირჩევა. კვარცხლბეკზე დამაგრებულია მარმარილოს ფილა მწერლის ავტოგრაფით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]