ილია სიხარულიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიხარულიძე.
ილია სიხარულიძე
დაბადების თარიღი 28 აგვისტო, 1889(1889-08-28)
დაბადების ადგილი ბუკისციხე (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 7 იანვარი, 1963(1963-01-07) (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი და პედაგოგი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

ილია ლუკას ძე სიხარულიძე (დ. 28 აგვისტო, 1889, ბუკისციხე, ოზურგეთის მაზრა — გ. 7 იანვარი, 1963, თბილისი) — ქართველი პოეტი, პედაგოგი, რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი (1949).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გლეხის ოჯახში. ბავშვობა და ყრმობა სოფლად გაატარა. 1897-1902 წლებში სწავლობდა დიდივანის საეკლესიო ორკლასიან სკოლაში. სკოლის დასრულების შემდეგ ცდილობდა ჩაბარებას ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. გამოცდები ჩააბარა, თუმცა აღნიშნულ სასწავლებელში გლეხთა წოდებისთვის განკუთვნილ მოლოდ ერთ ვაკანტურ ადგილზე კონკურსი ვერ გაიარა. 15 წლის ყმაწვილზე წარუშლელი კვალი დატოვა 1905 წლის რევოლუციამ, რაც აისახა კიდეც მის პირველ ლექსებში. 1909 წელს ჩაირიცხა ხონის სამასწავლებლო სემინარიაში.

პირველი ლექსი „სიმინდის ყანა“ 1912 წელს გამოაქვეყნა ჟურნალ „ნაკადულში“. აქედან მოყოლებული, პოეტი მთელი სიცოცხლის მანძილზე ემსახურებოდა საბავშვო ლიტერატურას და არაერთი შესანიშნავი ქმნილებით გაამდიდრა იგი. 1913 წელს დაასრულა სემინარია და მასწავლებლად დაინიშნა სუჯუნის ორკლასიან სასწავლებელში. 1915 წელს დაიბეჭდა მისი ლექსების პირველი კრებული. 1915-1917 წლებში ასწავლიდა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში. 1917 წლიდან იყო ბათუმის სამოქალაქო სკოლის პედაგოგი 1918 წლის მარტამდე, ოსმალეთის მიერ ქალაქის აღებამდე. 1919-1925 წლებში სწავლობდა მშობლიური უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილებაზე. პარალელურად მასწავლებლობდა თბილისის უფროს დაწყებით სასწავლებელში. 1925-1932 წლებში ასწავლიდა თბილისის ვეტერინარიულ ინსტიტუტში. 1932-1945 წლებში ასწავლიდა თბილისის პირველ საშუალო სკოლაში ქართული ენასა და ლიტერატურას მასწავლებელი. ამავე დროს ნაყოფიერად იღწვოდა საბავშვო მწერლობაში. 1934 წლიდან უძღვებოდა საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო მწერლობის სექციას. 1952 წელს აღინიშნა მისი ლიტერატურული მოღვაწეობის 40 წლის იუბილე.

სიხარულიძის ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა, აგრეთვე რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ საბავშვო ჟურნალებში და ცალკე წიგნებადაც გამოდიოდა. მარტო ქართულ ენაზე გამოცემულია პოეტის 20-მდე კრებული. მისი ლექსები სიმღერებად აქციეს ჩვენმა კომპოზიტორებმა რ. ლაღიძემ და ნ. ექსანიშვილმა. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ეწეოდა თეორიულ მუშაობასაც. 1932-1939 წლებში სკოლებში ქართული ენის გრამატიკა მისი სახელმძღვანელოთი ისწავლებოდა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საბავშვო თამაშობანი ლექსებად — ტფილისი, მე-3 სტამბა, 1925, 67 გვ.
  • პურის მარცვლის თავგადასავალი — ტფილისი, სახელმწიფო გამომცემლობა, 1926, 36 გვ.
  • აიწონა-დაიწონა: საბავშვო ლექსები — თბილისი, საბლიტგამი, 1958, 76 გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (2013) „ილია სიხარულიძე“, მწერალთა ავტობიოგრაფიები, წიგნი I. თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, გვ. 589-593. ISBN 978-99940-28-84-9. 
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 323, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]