ილია კაკაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ილია (ილიკო) პავლეს ძე კაკაბაძე (დ. 1869, კუხი, ქუთაისის მაზრა — გ. უცნობია) — ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, თუმცა უსახსრობის გამო სწავლის მიტოვება მოუხდა. ახალგაზრდობიდანვე თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, მისი სტატიები ქვეყნდებოდა „კვალში“, „ცნობის ფურცელსა“ და „შრომაში“. სწავლის შეწყვეტის შემდეგ მუშაობდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველობაში. თავდაპირველად დაუახლოვდა „მესამე დასის“ ჯგუფებს, 1900 წლიდან კი მიემხრო გიორგი ზდანოვიჩის იდეებს. 1902 წელს ევროპის ეკონომიკის გასაცნობად წავიდა საზღვარგარეთ. ევროპიდან დაბრუნების შემდეგ მონაწილეობა მიიღო მრეწველთა საბჭოს დაარსებაში ზდანოვიჩთან ერთად. 1904 წლიდან იყო სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრი, შემდგომში მიემხრო სოციალისტ-რევოლუციონერებს. 1905 წლის რევოლუციის დროს იყო ჭიათურა-ყვირილას პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პარტიული წითელი რაზმის მეთაური. 1907 დაიჭირეს ჟანდარმებმა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1907-1908 წლებში იმყოფებოდა მიმალვაში.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ ეწეოდა პარტიულ მუშაობას. 1918 წელს აირჩიეს ქუთაისის ქალაქის ხმოსნად. 1918 წელს საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა სიით გახდა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. იყო ეროვნული საბჭოს საფინანსო კომისიის წევრი. 1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა სიით. საკანდიდატო სიაში 24-ე ნომერი იყო. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირემაძე ი., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 212, თბ., 2018 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]