იკოთის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იკოთის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ იკოთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი, რომელიც დგას ფიცხელაურის კარ-მიდამოში სხვადასხვა ზომის რიყის ქვითაა ნაგები. მრგვალი კოშკის გეგმარება სწორკუთხაა. ნაგებობა შემორჩენილია სამი სართულის დონეზე. პირველი სართულის ჩრდილოეთ კედელში ერთი თაღოვანი და ერთი არქიტრავული ნიშაა. აღმოსავლეთ კედლის ცენტრში მოწყობილი იყო ბუხარი, რომელიც ამჟამად ამოშენებულია. ბუხრის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. სამხრეთ კედელში ერთი თაღოვანი ნიშაა მოთავსებული. სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში შეისრულთაღიანი შესასვლელია, აქვეა მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. პირველი სართულის გადახურვა კამაროვანია; კამარა ქართული აგურით არის გადაყვანილი, რომელიც მოგვიანებით შებათქაშებულ-შეთეთრებულია. პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა. მეორე სართული გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, მისი გადახურვაც კამაროვანია. შეისრულთაღიანი შესასვლელი დასავლეთ კედელშია მოთავსებული. შესასვლელის სამხრეთით სწორკუთხა, ხოლო ჩრდილოეთით შეისრული ფორმის ნიშებია. ჩრდილოეთი კედლის ნიშებში გაჭრილია სათოფურები. აღმოსავლეთ კედელში მოწყობილია თაღოვანი ბუხარი, რომლის ორივე მხარეს თითო შეისრული ნიშაა. ნიშებში სათოფურებია გაჭრილი. სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მესამე სართულზე ასასვლელი კიბეა. მესამე სართულის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამონგრეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 95-96