იზეთ ორუჯოვა
| იზეთ ორუჯოვა | |
|---|---|
| აზერ. İzzət Orucova | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 16 სექტემბერი, 1909 |
| დაბ. ადგილი | ბაქო |
| გარდ. თარიღი | 22 აპრილი, 1983 (73 წლის) |
| გარდ. ადგილი | ბაქო |
| მოქალაქეობა |
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა |
| საქმიანობა | მსახიობი და ქიმიკოსი |
| ალმა-მატერი | აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის აკადემია |
| სამეცნიერო ხარისხი | ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი |
| ჯილდოები | აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და Honoured Worker of Science and Technology of the Azerbaijan SSR |
იზეთ ორუჯოვა (აზერ. İzzət Mirzəağa qızı Orucova, დ. 16 სექტემბერი, 1909, ბაქო — გ. 22 აპრილი, 1983, ბაქო) — აზერბაიჯანელი საბჭოთა ქიმიკოსი, აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. პირველი აზერბაიჯანელი ქალი, რომელმაც ითამაშა მხატვრულ კინოში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1909 წლის 16 სექტემბერს ბაქოში. ოჯახში ხუთი შვილი იყო, რომელთაგან იზეთი ყველაზე უფროსი გახლდათ. მირზა აღას ქალიშვილები პირველები იყვნენ თავიანთ ქუჩაზე, ვინც ჩადრი მოიხსნა. რევოლუციამდელ წლებში ამ ქუჩას სწორედ ჩადროვას ეძახდნენ.
იზეთმა დაამთავრა ცხრა კლასი. 1932 წელს დაასრულა აზერბაიჯანის ნავთობის ინსტიტუტი, სადაც ნავთობის ქიმიას სწავლობდა.[1] ამავე წლიდან დაიწყო მუშაობა ლაბორანტად აზერბაიჯანის ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. სამსახურის შემდეგ კი სკოლაში ასწავლიდა. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, ოჯახის დასახმარებლად, ორუჯოვა მუშაობდა მანქანათმწერლად „აზნეფტში“.[2] სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მან კინოში გადაღებაც. იმ დროის ცნობილმა აზერბაიჯანელმა დრამატურგმა ჯაფარ ჯაბარლიმ იგი პირადად მიიწვია მთავარ როლზე ფილმში „სევილი“, რომელიც მისი ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით შეიქმნა.[3]
1929 წელს ფილმი ეკრანებზე გამოვიდა და იმ წლებში უდიდესი გავლენა მოახდინა მრავალი აზერბაიჯანელი ქალის გათავისუფლებაზე. 1935 წელს ორუჯოვამ ითამაშა ფილმში „ალმასი“, რომელიც ასევე ჯაბარლის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით იყო გადაღებული.
იზეთ ორუჯოვა აზერბაიჯანის ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში 1949 წლამდე მუშაობდა. 1949 წლიდან 1965 წლამდე პერიოდში ის მუშაობდა აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნავთობქიმიური პროცესების ინსტიტუტში. 1967 წელს იგი გახდა აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული და ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი და ამ თანამდებობაზე 1971 წლამდე დარჩა. იმავე წლიდან, ორუჯოვა მუშაობდა აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის დანამატების ქიმიის ინსტიტუტში.
იზეთ ორუჯოვას ნაშრომები ძირითადად საცხებ-საპოხი ზეთების თვისებების შესწავლას ეძღვნება. მისი კვლევები მოიცავს ნედლეულის ტიპის, მისი გადამუშავების მეთოდებისა და სხვადასხვა დანამატის ზეგავლენის ანალიზს საცხებ მასალების თვისებებზე. მან შეიმუშავა დანამატების წარმოების რამდენიმე ტექნოლოგიური მეთოდი. ის ასევე მუშაობდა სხვადასხვა დანამატის გამოყენებით ძრავის ზეთების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
1947 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საცხებ-საპოხი ზეთების გაუმჯობესების გზები“. 1962 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სახელწოდებით: „ახალი თვისებების მქონე ენერგეტიკული ზეთების შექმნა“.[3]
1970 წელს გახდა აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.[3] 1972 წელს კი მიენიჭა აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის წოდება.
გარდაიცვალა 1983 წლის 22 აპრილს. დაკრძალულია ბაქოში, საპატიო დაკრძალვის II ხეივანში.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1935 წელს იზეთ ორუჯოვა დაქორწინდა თავის მეზობელზე, მოვსუმ ისმაილზადეზე. მალევე წყვილს ვაჟი, ილმაზი შეეძინა. 1937 წელს მოვსუმი ხალხის მტრის ბრალდებით დააპატიმრეს. საკუთარი დაპატიმრების მოლოდინში, ის ცოლს გაშორდა, რათა ოჯახი რეპრესიებისგან ეხსნა. გადასახლებიდან დაბრუნებულ ისმაილზადეს აეკრძალა ბაქოში ცხოვრება და ის მინგეჩაურში დასახლდა, სადაც მეორედ დაქორწინდა.[4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Белецкая В., Судьба Иззет-ханум, 1970, № 31, გვ. 18—19.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Оруджева, Иззет Мирза Ага-кызы, Большая биографическая энциклопедия, 2009.
- ↑ Белецкая 1970.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Белецкая 1970.
- ↑ Kazımzadə A., Bir səhnə, iki qadın, bir tale…(აზერბაიჯანული), Discovery Azerbaijan, დაარქივებულია ორიგინალიდან (22 თებერვალი, 2017)
- დაბადებული 16 სექტემბერი
- დაბადებული 1909
- ბაქოში დაბადებულები
- გარდაცვლილი 22 აპრილი
- გარდაცვლილი 1983
- ბაქოში გარდაცვლილები
- აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ლენინის ორდენის კავალრები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- ქალები ათასწლეულის მიხედვით
- ქალები ეროვნებისა და როლის მიხედვით
- აზერბაიჯანელი აკადემიკოსები
- ქიმიკოსი ქალები
- ქალები ეროვნებისა და საქმიანობის მიხედვით