იზაბელა როსელინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იზაბელა როსელინი
Isabella Rossellini.jpg
როსელინი 1992 წელს
დაბადების თარიღი 18 ივნისი, 1952 (1952-06-18) (68 წლის)
რომი, იტალია
მოქალაქეობა
  • იტალია
  • აშშ
საქმიანობა
  • მსახიობი
  • ავტორი
  • ფილანტროფი
აქტიური 1976-დღემდე
მეუღლე(ები)
პარტნიორ(ებ)ი დევიდ ლინჩი (1986–1991)
გარი ოლდმენი (1994–1996)

იზაბელა ფიორელა ელეტრა ჯოვანა როსელინი (იტალ. Isabella Fiorella Elettra Giovanna Rossellini; დ. 18 ივნისი, 1952) — იტალო-ამერიკელი მსახიობი, მწერალი, ფილანტროპი და ყოფილი მოდელი, შვედი მსახიობის, ინგრიდ ბერგმანისა და იტალიელი კინორეჟისორის, რობერტო როსელინის, ქალიშვილი. მსახიობის შემოქმედებაში ყველაზე ცნობილი ფილმებია ლურჯი ხავერდი და სიკვდილი მას უხდება. 1996 წელს როსელინმა ფილმში საუკუნის დანაშაული შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსის ნომინაცია მოიპოვა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსელინი რომში დაიბადა. მისი მშობლები შვედი მსახიობი, ინგრიდ ბერგმანი და იტალიელი კინორეჟისორი, რობერტო როსელინი იყვნენ. იზაბელა რომსა და პარიზში გაიზარდა. მან ლიბერალური კათოლიკური განათლება მიიღო.[1]

ხუთი წლის ასაკში როსელინს აპენდიციტის დიაგნოზი დაუსვეს და ოპერაცია ჩაუტარეს, ხოლო 11 წლის ასაკში მას სქოლიოზი დაუდგინდა, რასაც 18 თვის მანძილზე მკურნალობდა.

19 წლის ასაკში როსელინი ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ფინჩის კოლეჯში სწავლობდა, პარალელურად კი მთარგმნელად და ტელერეპორტიორად მუშაობდა.[2] აგრეთვე პერიოდულად იტალიურ სატელევიზიო შოუში L'altra Domenica გამოდიოდა. 1979 წელს როსელინი რეჟისორ მარტინ სკორსეზეზე დაქორწინდა, რომელიც ინტერვიუს დროს გაიცნო.[3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოდელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზაბელამ სამოდელო კარიერა 28 წლის ასაკში დაიწყო, როცა ფოტოგრაფმა ბრიუს ვებერმა იგი ბრიტანული ვოგისთვის, ხოლო ბილ კინგმა ამერიკული ვოგისთვის გადაიღო. კარიერის მანძილზე როსელინს მრავალ ცნობილ ფოტოგრაფთან უმუშავია, მათ შორის არიან რიჩარდ ავედონი, სტივენ მეისელი, ჰელმუტ ნიუტონი, პიტერ ლინდბერგი, ნორმან პარკინსონი, ივ არლონდი, ფრანჩესკო სკავულო და ენი ლეიბოვიცი. მოდელის სურათები დაბეჭდილა ისეთი ჟურნალების გარეკანზე, როგორებიცაა Marie Claire, Harper’s Bazaar, Vanity Fair და Elle. 1988 წელს პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში როსელინის ფოტოების გამოფენა სახელწოდებით „ქალის პორტრეტი“ ჩატარდა.

1982 წელს როსელინი ფრანგული კოსმეტიკური ბრენდის, ლანკომის, ექსკლუზიური სპიკმოდელი გახდა. 1996 წელს, 43 წლის მოდელი ბრენდიდან ასაკის გამო გაათავისუფლეს.[4] 2016 წელს ლანკომის ახალმა ხელმძღვანელმა, ფრანსუა ლემანმა, 63 წლის როსელინი ბრენდის გლობალური ამბასადორის პოზიციაზე დანიშნა.[4]

როსელინის ფოტოები გვხვდება მადონას 1992 წლის წიგნში „სექსი“. მოდელმა აგრეთვე მონაწილეობა მიიღო მადონას მუსიკალურ კლიპში სიმღერისთვის Erotica.[5]

სატელევიზიო და კინოკარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1885 წელს როსელინმა მონაწილეობა მიიღო ფილმში თეთრი ღამეები. 1886 წელს მსახიობმა დევიდ ლინჩის ფილმში ლურჯი ხავერდი ღამის კლუბის მომღერლის, დოროთი ვალენსის, როლი შეასრულა, რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა. 1990-იანი წლების პერიოდის როსელინის გამორჩეულ ფილმებს შორისაა რობერტ ზემეკისის 1992 წლის კომედია სიკვდილი მას უხდება და 1994 წლის ბიოგრაფიული დრამა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ცხოვრების შესახებ უკვდავი საყვარელი. 1996 წელს იგი ტელესერიალი მეგობრების მესამე სეზონის მეხუთე სერიაში გამოჩნდა.

2003 წელს როსელინმა მონაწილეობა მიიღო ამერიკულ ტელესერიალში ჯაშუში. 2004 წელს მსახიობი მონაწილეობდა ტელესერიალში ზღვამიწეთის ლეგენდა, რომელიც ურსულა ლე გუინის ზღვამიწეთის ციკლის რომანების ადაპტაციას წარმოადგენს.

2007 წელს როსელინმა მონაწილეობა მიიღო სატელევიო შოუს სტუდია 30 ორ ეპიზოდში, რომელშიც მან ალეკ ბოლდუინის პერსონაჟის ყოფილი მეუღლის როლი შეასრულა.[6]

მსახიობმა მონაწილეობა მიიღო დენი ვილნიოვის ნეო-ნუარის ჟანრის ფსიქოლოგიურ თრილერში მტერი, რომელიც 2013 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგინეს.

2011 წელს როსელინი ბერლინის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი იყო.[7] 2015 წელს მსახიობი კანის კინოფესტივალის განსაკუთრებული ხედვის სექციის ჟიურის პრეზიდენტი იყო.[8]

როსელინმა მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო სერიალში დახუჭული თვალი, რომელიც 2016-2017 წლებში გამოვიდა.

აქტივიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსელინი აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვის საკითხებში. იგი ჰოვარდ გილმენის ფონდის პრეზიდენტი და ხელმძღვანელია, რომელიც საქმიანობას ველური გარემოს დაცვის, ხელოვნების, ფოტოგრაფიისა და ქორეოგრაფიის მიმართულებით ეწევა. როსელინი აგრეთვე ველური გარემოს დაცვის კავშირის საბჭოს წევრია.[9] ამ ორგანიზაციებში საქმიანობისას გარემოს დაცვაში გაწეული წვლილისთვის როსელინმა დისნეისგან 100 ათასი ამერიკული დოლარი მიიღო.[10]

როსელინი UNICEF-ის აშშ-ის ფონდის ეროვნული წარმომადგენელია.[11]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსელინმა 1987 წელს ფილმში ლურჯი ხავერდი შესრულებული როლისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში დამოუკიდებელი სულის ჯილდო მიიღო. 1997 წელს მსახიობი სატელევიზიო სერიალისთვის საუკუნის დანაშაული წარდგენილი იყო ოქროს გლობუსზე. იმავე წელს მან სერიალში ჩიკაგოს იმედი შესრულებული როლისთვის ემის ჯილდოს ნომინაცია მიიღო. 1998 წელს როსელინმა ფილმისთვის დარჩენილი ბარგი ბერლინის 48-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო ხსენება დაიმსახურა.[12] 2013 წელს მსახიობმა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო, ბერლინალეს კამერა, მიიღო.[13] 2016 წელს როსელინი მონრეალის კვებეკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა.[14]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსელინი როგორც იტალიის, ასევე აშშ-ის მოქალაქეობას ფლობს.

1979-1982 წლებში მსახიობი დაქორწინებული იყო რეჟისორ მარტინ სკორსეზეზე. 1983 წელს იგი ჯონ ვიედემენზე დაქორწინდა, რომელსაც 1986 წელს გაეყარა.[15] თანაცხოვრების პერიოდში წყვილს ქალიშვილი, ელეტრა როსელინი ვიედემენი, შეეძინა. როსელინს ერთი ვაჟი, რობერტო როსელინი, ჰყავს, რომელიც 1993 წელს იშვილა.[16]

1994-1996 წლებში როსელინი ინგლისელ მსახიობ გარი ოლდმენზე იყო დანიშნული.[17]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hoffman, Barbara. „Isabella Rossellini Goes Into Training To Play A Jewish Mother Weighty Cultural Baggage“. New York Post.
  2. Martone, Eric (2016) Italian Americans: The History and Culture of a People. ABC-CLIO. ISBN 9781610699952. 
  3. Wolf, William. „Heiress to Greatness“. New York Magazine. New York Media, LLC.
  4. 4.0 4.1 „Lancôme Celebrates Timeless Beauty With Isabella Rossellini“. Brandchannel. 23 February 2018.
  5. Madonna - Erotica.
  6. Maureen Ryan. „Pee-wee, Isabella Rossellini and Pete's temptation: This week's '30 Rock'. Chicago Tribune.
  7. „Isabella Rossellini to head Berlin Film Festival jury“. BBC News.
  8. Isabella Rossellini, President of the Un Certain Regard Jury. Festival de Cannes.
  9. About WCN.
  10. Animal Planet — Famous Conservationists.
  11. National Ambassadors for the U.S. Fund for UNICEF.
  12. Berlinale: 1998 Prize Winners. Berlin International Film Festival.
  13. Berlinale Camera 2013 for Isabella Rossellini and Rosa von Praunheim. Berlin International Film Festival.
  14. „Isabella Rossellini honoured by University of Quebec“. CTV News. 2016.
  15. In Conversation: Isabella Rossellini.
  16. Roberto Rossellini.
  17. „In Search of Gary Oldman : The Actor's Onscreen Intensity Belies His Lighter Side“. Los Angeles Times. New York.