იზაბელა მედიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იზაბელა მედიჩი
დაბადების თარიღი 31 აგვისტო, 1542
ფლორენცია, ტოსკანა
გარდაცვალების თარიღი 16 ივლისი, 1576, (33 წლის)
კარეტო, ტოსკანა
ეროვნება იტალიელები
წოდება ბრასიანოს ჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) პაოლო ჯორდანო I ორსინი
შვილ(ებ)ი ფრანჩესკა ელეონორა
ვირჯინიო
მშობლები მამა: კოზიმო I მედიჩი
დედა: ელეონორ ტოლედოელი

იზაბელა დე’ მედიჩი (იტალ. Isabella de' Medici; დ. 31 აგვისტო, 1542 — გ. 16 ივლისი, 1576) — მედიჩის დინასტიის წარმომადგენელი. ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო I-ისა და ელეონორა ტოლედოელის ასული. ბრასიანოს ჰერცოგინია როგორც პაოლო ჯორდანო I-ის მეუღლე და ჰერცოგ ვირჯინიო ორსინის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზაბელა დაიბადა 1542 წლის 31 აგვისტოს ფლორენციაში. იგი იყო ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო I-ისა და მისი პირველი ცოლის, ელეონორ ტოლედოელის შუათანა ქალიშვილი. იგი თავის და-ძმებთან ერთად იზრდებოდა ჯერ ვეჩოს, შემდეგ კი პიტის სასახლეში. ის ასევე დიდ დროს ატარებდა მამამისის მშობლიურ კასტელოს სასახლეში. მედიჩის ბავშვები ბრწყინვალე განათლებას იღებდნენ სახლში, სადაც მათ დაქირავებული და კვალიფიციური პედაგოგები ასწავლიდნენ. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდანვე, იზაბელამ გამოავლინა აშკარა მიდრეკილება მუსიკისადმი. სამეფო კარზე ლამაზი, მოხდენილი, დახვეწილი, მხიარული და მოქნილი იზაბელა არისტოკრატიაზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

1553 წელს, 11 წლის იზაბელა დანიშნეს 12 წლის პაოლო ჯორდანო ორსინიზე, ტოსკანის სამხრეთში მდებარე ბრასიანოს საჰერცოგოს ტახტის მემკვიდრეზე. მედიჩებს ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ორსინებთან და ეს ქორწინება ამ კავშირის გამყარებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამხრეთში მოკავშირის შეძენას. ეს ქორწინება 1558 წელს შედგა კასტელოს სასახლეში. იზაბელას მამამისმა მზითვში 50,000 სკუდო გაატანა და ამასთან მას სრული თავისუფლებაც მიანიჭა, რაც იმ დროის ქალებში არც ისეთი ხშირი იყო.

1562 წელს, დედამისის გარდაცვალების შემდეგ, იზაბელა ფლორენციის პირველი ლედი გახდა, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა მედიჩების პოლიტიკაზე. მიუხედავად ამისა, იგი დიდხანს ვერ აჩენდა ბავშვს. აღსანიშნავია, რომ მას დაორსულების პრობლემა არ ჰქონია, თუმცა ყოველთვის ეშლებოდა მუცელი. ასე იყო, სანამ ოცი წელი არ შეუსრულდა. მისი პირველი ქალიშვილი ფრანჩესკა ელეონორა (აგრეთვე ცნობილი როგორც ნორა), 1571 წელს დაიბადა. მოგვიანებით იგი ცოლად თავის ბიძაშვილ ალესანდრო სფორცას შერთეს. სულ ერთ წელიწადში, 1572 წელს დაიბადა მისი მეორე ვაჟი, სახელად ვირჯინიო, რომელიც მამის მემკვდრე გახდა.

1576 წლის 16 ივლისს, იზაბელა მოულოდნელად ცხენიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა კარეტოში ნადირობის დღესასწაულზე. ცნობილია, რომ როცა მის ქმარს მისი დაღუპვის შესახებ ამცნეს, იგი მუხლებზე დაეცა. ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს ყოველივე დაკვეთილი მკვლელობა იყო. ამასვე ადასტურებდა ფერარას ელჩიც, რომელიც იქ იყო, როცა იზაბელა გარდაიცვალა. მისი ვერსიით, იზაბელა მისივე ქმრის ბრძანებით მოკლეს, რომელიც ეჭვობდა, რომ მის ცოლს რომანი ჰქონდა ტრიოლო ორსინთან, ამის ეჭვს ისიც ბადებდა, რომ პაოლო ჯორდანოს პირადი ექიმების ინფორმაციით იზაბელა ბუნებრივად გარდაიცვალა, რაც ასე არ ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Langdon, Gabrielle. Medici Women: Portraits of Power, Love, and Betrayal in the Court of Duke Cosimo I. University of Toronto Press, 2006.
  • Mori, Elisabetta (2011): L'onore perduto di Isabella de' Medici. Garzanti. ISBN 978881174119-0
  • Murphy, Caroline P. Murder of a Medici Princess. Oxford: Oxford University Press, 2008. ISBN 978-0-19-531439-7
  • Reiss, Sheryl; Wilkins, David. Beyond Isabella: Secular women patrons of art in Renaissance Italy. Truman State University Press, 2001. ISBN 0-943549-88-4