შინაარსზე გადასვლა

ივან ფილიპ ვეზდინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივან ფილიპ ვეზდინი
დაბ. თარიღი 25 აპრილი, 1748(1748-04-25)[1] [2]
დაბ. ადგილი Hof am Leithaberge
გარდ. თარიღი 7 იანვარი, 1806(1806-01-07) (57 წლის)
გარდ. ადგილი რომი
საქმიანობა ისტორიკოსი, მისიონერობა და ენათმეცნიერი

ივან ფილიპ ვეზდინი, აგრეთვე ცნობილი როგორც წმინდა ბართლომეს პაულინუსი (ხორ. van Filip Vezdin, გერმ. Johann Philipp Wesdin, Paulinus von Heilig Bartholomäus), დ. 25 აპრილი, 1748, ჰოფ-ამ-ლაიტაბერგე ავსტრია — გ. 7 იანვარი, 1806, რომი, იტალია) — ფეხშიშველი კარმელიტების ორდენის (OCD) ბერი, კათოლიკე მღვდელი, მისიონერი და აღმოსავლეთმცოდნე. იგი ცნობილია, როგორც ევროპის ინდოლოგიის ფუძემდებელი.

ივან ფილიპ ვეზდინი დაიბადა 1748 წლის 25 აპრილს ავსტრიაში, სოფელ კიმოვში (თანამედროვე ჰოფი), ხორვატული წარმოშობის ოჯახში — მამა, იური ვედზინი (ან ვესდინი), და დედა, ელენა ბრეგუნიკი. მშობლებმა იგი სასწავლებლად გაგზავნეს ბურგენლანდის ქალაქ შოპრონში, საიდანაც სწავლა გააგრძელა ლინცში. ძალიან ახალგაზრდა ასაკში შევიდა „ფეხშიშველი კარმელიტების ორდენის“ მონასტერში, სადაც მონაზვნური სამოსი ჩაიცვა და ახალი სახელი მიიღო — პაოლინა წმინდა ბართლომესი.

შემდეგ ახალგაზრდა ბერმა სწავლა გააგრძელა პრაღასა და რომში, სადაც აღმოსავლურ ენებს ეუფლებოდა. 1774 წელს იგი აკურთხეს მღვდლად, ხოლო როგორც ენობრივი ნიჭით გამორჩეული პირი, გაგზავნეს მისიონერად ინდოეთში, მალაბარის რეგიონში. ორი წლის შემდეგ დაინიშნა გენერალურ ვიკარიუსად და მისიონერ აპოსტოლურ ვიზიტატორად. ამ მსახურებას იგი 1789 წლამდე ასრულებდა. ინდოეთში ყოფნისას პაულინმა შეისწავლა სანსკრიტი და გახდა ერთ-ერთი პირველი ევროპელი მეცნიერი, ვინც ყურადღება გაამახვილა ამ ენის მსგავსებაზე ინდოევროპულ ენებთან.

სამეცნიერო საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთიდან დაბრუნების შემდეგ პაულინმა გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი, რომლებიც ამ ქვეყანას ეხებოდა. პუბლიკაციების გამოცემა დააფინანსა კარდინალმა სტეფანო ბორჯიამ. მისი პირველი ნაშრომი გამოქვეყნდა 1790 წელს რომში და წარმოადგენს სანსკრიტის გრამატიკის სახელმძღვანელოს — „Sidharubam seu Grammatica Samscrdamica“.[3]

მოგვიანებით მან შექმნა სანსკრიტის კიდევ ერთი გრამატიკა და ლექსიკონი. 1798 წელს გამოიცა მისი ტრაქტატი პერული, ინდური და გერმანული ენების სიძველისა და ნათესაობის შესახებ, რომელიც დაწერილია უილიამ ჯონსის იდეებით შთაგონებული.[4]

პაულინის მიერ ინდოეთში მოგზაურობის შესახებ დაწერილი წიგნი — „Viaggio alle Indie Orientali“ — თარგმნული იქნა ყველა ძირითად ევროპულ ენაზე.

1798 წელს, საფრანგეთის ზეწოლის გამო, პაულინი იძულებული გახდა გადასულიყო ვენაში, თუმცა 1800 წელს კვლავ დაბრუნდა იტალიაში. იგი დაინიშნა რწმენის გავრცელების კონგრეგაციის განათლების განყოფილების პრეფექტად რომში და ეს თანამდებობა სიკვდილამდე, 1806 წლის 7 იანვრამდე ეკავა. პაულინი გარდაიცვალა მხოლოდ ორი წლით გვიან, ვიდრე მისი მფარველი — კარდინალი ბორჯია.

ვეზდინის სამეცნიერო და მისიონერული საქმიანობა დიდ გავლენას ახდენდა ინდოლოგიის განვითარებაზე ევროპაში. 1999 წელს, ინდოეთის კერალას შტატში, ტრივანდრუმის მუზეუმში, დაიდგა მემორიალური დაფა, რომელიც ეძღვნება ვეზდინის ღვაწლს ინდოეთისა და ხორვატიის კულტურათა შორის ხიდის აშენებაში .

  • Giuseppe Barone, Vita, precursori ed opere del P. Paolino da S. Bartolommeo (Filippo Werdin) : contributo alla storia degli studi orientali in Europa. Napoli: A. Morano, 1888
  • Max von Heimbucher, Die Orden und Kongregationen der katholischen Kirche, II (2nd ed., Paderborn: Schoningh, 1907), pp. 568 — 69
  1. Dr. Constant v. Wurzbach Bartholomäo, Paulinus von St. // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt habenWien: 1856. — ტ. 1. — S. 169.
  2. La France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  3. Nida E.A., Language Structure and Translation: Essays, Stanford: Stanford University Press. — გვ. 209.
  4. Амирова Т. А., Ольховиков Б. А., Рождественский Ю. В., Очерки по истории лингвистики, М., 1975. — გვ. 263.