ივანე ჩერქეზიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივანე ჩერქეზიშვილი (დ. 1884 — გ. უცნობია) — ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი, უმაღლესი განათლებით ვექილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ ერთხანს აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებში. 1917 წლის აგვისტოში აირჩიეს „ქართველი ერის ინტერპარტიული ბიუროს“ (იგივე ინტერპარტიული საბჭო) წევრად და პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატად. შედიოდა ეროვნული ყრილობის რეგლამენტის შემმუშავებელი კომისიის შემადგენლობაში, რომელშიც ოთხი პარტიის თითო წარმომადგენელი იყო. 1917 წლის 4 ნოემბერს აირჩიეს ამიერკავკასიის „სხვა ერების საბჭოებთან“ მოსალაპარაკებლად შერჩეული კომისიის წევრად. 1917 წლის 17 ნოემბერს, რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის გახსნამდე, წაიკითხა კომისიის მიერ შემუშავებული ყრილობის რეგლამენტი (დღის წესრიგი). 1917 წლის 22 ნოემბრის შემდეგ იყო ეროვნული ყრილობის მიერ არჩეული ეროვნული საბჭოს წევრი ესერთა პარტიიდან. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის 6 ივნისის სხდომაზე ეროვნულმა საბჭომ შექმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდა ივანე ჩერქეზიშვილი. 1918 წლის 15 ნოემბერს, საზღვარგარეთ წასვლის გამო, მისი ადგილი ეროვნულ საბჭოში დაიკავა მარიამ ჩხეიძემ. აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს დოკუმენტებსა და მასალებში ზოგ შემთხვევაში ერთმანეთშია არეული ივანე ჩერქეზიშვილისა და ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელები. ალბათ ამ გარემოებამ გამოიწვია ის, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში ზოგი ავტორი ინტერპარტიული და ეროვნული საბჭოს წევრად შეცდომით ვარლამ ჩერქეზიშვილს მიიჩნევს. ეს უკანასკნელი, ინტერპარტიული საბჭოს სხდომებზე მონაწილეობდა, როგორც სპეციალურად მიწვეული პირი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შველიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 496.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]