შინაარსზე გადასვლა

ივანე მჭედლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვანო მჭედლიშვილი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ივანე მჭედლიშვილი
დაბ. თარიღი 1903
დაბ. ადგილი კაკაბეთი[1]
წარმოშობა ქართველი
გარდ. თარიღი 1970 (67 წლის ასაკში)
საქმიანობა მომღერალი, ლოტბარი

ვანო მჭედლიშვილი (დ. 1903, კაკაბეთი, საგარეჯოს რაიონი — გ. 1970ქართველი მომღერალი, ლოტბარი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1951).

1923-1924 წლებში კაკაბეთში ჩამოაყალიბა ახალგაზრდა მომღერალთა ანსამბლი და სწორედ აქედან დაიწყო მისი, როგორც ლოტბარის, ბიოგრაფია. 1929 წელს საქართველოს მეორე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ვ. მჭედლიშვილი უკვე თავისი გუნდით წარსდგა და ჟიურის საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. 1930 წელს მიხო ჯიღაურთან ერთად იმოგზაურა მოსკოვ-ლენინგრადში და ფირფიტაზე ჩაწერა რამდენიმე სიმღერა. 1940 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში და სწორედ აქ გამოჩნდა მისი, როგორც ლოტბარის, არაჩვეულებრივი ნიჭი. მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე წარსდგა მცხეთის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლით, აქვე გამოიყვანა საგარეჯოს კულტურის სახლის ანსამბლი. 1954 წლის მერვე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე მცხეთის, საგარეჯოსა და კაჭრეთის სარაიონო გუნდებს ხელმძღვანელობდა. მან პირველად ააჟღერა მთელი რიგი ქართლ-კახური სიმღერებისა, რომლებიც დღემდე ბევრი მომღერლის რეპერტუარშია. აღსანიშნავია მისი, როგორც სიმღერების შემკრებისა და აღმდგენელის მოღვაწეობაც. ფეხით აქვს შემოვლილი ქართლ-კახეთის სოფლები. არ დატოვა არც ერთი სიმღერის მცოდნე, რომლისგანაც სიმღერები არ შეესწავლოს. აღსანიშნავია, რომ მას პროფესიულ-მუსიკალური განათლება არ ჰქონდა მიღებული, ამიტომ ზეპირად უხდებოდა სიმღერის შესწავლა და ასევე ზეპირად გადასცემდა სხვას. მან დაკარგვას გადაარჩინა „ჩაკრულო“, „გარეკახური მრავალჟამიერი“, „შემოძახილი“, „ტურფანი სხედან ჩარდახსა“, „შენ, ბიჭო, ანაგურელო“. აღსანიშნავია, რომ ბევრი სიმღერა, პირადად მის მიერ არის დამუშავებული, მაგალითად: „კალოსპირული“, „წინწყარო“, „არხალალო“. სიმღერების შეკრება-აღდგენისა და დამუშავების გარდა ეწეოდა დიდ პედაგოგიურ მოღვაწეობას. სიმღერებს ასწავლიდა ბავშვებს, ხელმძღვანელობდა გუნდებს, აღზარდა მომღერლების მთელი პლეადა.

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1951 : საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი „შრომითი მამაცობისთვის“
  • მედალი „კავკასიის დაცვისთვის“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.