ივანე თხორჟევსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივანე ფელიქსის ძე თხორჟევსკი (რუს. Иван Феликсович Тхоржевский; დ. 1843, სევასტოპოლი, — გ. 3 აპრილი, 1910, თბილისი) — რუსი პოეტი, მთარგმნელი. მეუღლესთან, ალექსანდრა ალექსანდრეს ასულ პალმთან (დ. 30 დეკემბერი, 1855, ოდესა, — გ. თებერვალი, 1933, ლენინგრადი) ერთად ხშირად აქვეყნებდა ლექსებს საერთო ფსევდონიმით „ივან-და-მარია“ (Иван-да-Марья).

XIX ს. 70-იანი წლების დასასრულს ცოლ-ქმარი თბილისში ჩამოვიდა და აქაურ ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაება. მათი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ადგილობრივ რუსულენოვან იუმორისტულ ჟურნალ „ფალანგაში“ (1880–1881). ამ ჟურნალის აკრძალვისთანავე, 1881 წლის დეკემბრიდან, თხორჟევსკიმ თბილისელი ინტელიგენციის დახმარებით გამოსცა მხატვრულ-იუმორისტული ჟურნალი „გუსლი“ (1881–1882), რომელშიც იბეჭდებოდა მისი, აგრეთვე დავით ერისთავის, დ. მინაევის, ალექსი პლეშჩეევის, ალექსანდრა პალმის და სხვათა ნაწარმოებები. თხორჟევსკის დიდ დახმარებას უწევდნენ ნიკო ნიკოლაძე და სხვა ქართვ. მოღვაწეები.

1901 წელს თხორჟევსკის რედაქტორობით გამოიცა ჟურნალი „არგონავტი“. 1892-1893 წლებში თბილისში გამოიცა „ივან-და-მარიას“ მიერ ნათარგმნი ფრანგი პოეტის, პიერ-ჟან დე ბერანჟეს ლექსების კრებული, 1897 წელს კი — კრებული „ქართული პოეზიის ნიმუშები“, რომელშიც შევიდა თხორჟევსკის მიერ თარგმნილი გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, რაფიელ ერისთავის და სხვათა ნაწარმოებები. ეს იყო ქართველი მწერლების ნაწარმოებთა ერთ-ერთი პირველი კრებული რუსულ ენაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შადური ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018.
  • Макарова Г. Кто такие «Иван-да-Марья?», ჟურნ. «Вопросы и ответы», 1969, №10;
  • Письма русских литературно-общественных деятелей к Н. Я. Николадзе, ред. и вводная ст . В. С. Шадури, Тб., 1949.