ივანე თიკანაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივანე ელიშუქის ძე თიკანაძე (დ. 1868, მაკვანეთი — გ. 1943, თბილისი) — ქართველი მეან-გინეკოლოგი, ქართული მეანობის ფუძემდებელი, მედიცინოს მეცნიერებათა დოქტორი (1897), პროფესორი (1919).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე თიკანაძე გაჭირვებასა და ობლობაში გაიზარდა. მატერიალური ხელმოკლეობის გარდა სწავლისადმი მის სწრაფვას რუსეთის იმპერიის მოხელეებიც აფერხებდნენ. ჭაბუკი ივანე თიკანაძე პოლიტიკურად არასაიმედო პირად მიიჩნიეს. ამიტომ არ მიიღეს პეტერბურგის უნივერსიტეტში და წინადადება მისცეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა ქალაქი. იგი იძულებული გახდა შესულიყო ვარშავის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე და მხოლოდ პეტერგურგში მცხოვრები ქართველების დახმარებით გადავიდა სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში.

სამეცნიერო და საზოგადოებრივი მუშაობა ივანე თიკანაძემ სტუდენტობის დროსვე დაიწყო ჯერ პოპულარულ-მეცნიერული ნაშრომების თარგმნით, ხოლო შემდეგ უკვე სპეციალური გამოკვლევით, რომელიც ღომის ქიმიურ შემადგენლობას და კვებით მნიშვნელობას არკვევდა. 1894 წელს დაასრულა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. აკადემიის დამთავრების შემდეგ ასპირანტურაში დარჩენაც შესთავაზეს. ივანე თიკანაძემ ამ წინადადებით ვერ ისარგებლა, რადგან თავი ვერ გაითავისუფლა სამხედრო სამსახურიდან. სამაგიეროდ სწავლის დამთავრების შემდეგ კუთვნილი შვებულება უქმად არ გაუტარებია და სამხედრო სამსახურის დაწყებამდე სადოქტორო გამოცდების ჩაბარება დაიწყო. სამხედრო სამსახურშიც ახერხებდა იგი გამოენახა დრო მეცნიერული მუშაობისათვის.

სამხედრო ნაწილი, სადაც ივანე თიკანაძე მსახურობდა, ოზურგეთში იყო განლაგებული. ოზურგეთში თიკანაძე 9 წლის განმავლობაში მუშაობდა. აქ ახალგაზრდა ექიმის ხელში უამრავმა ავადმყოფმა გაიარა. ივანე თიკანაძის ყურადღება მიიპყრო სამსახურიდან დათხოვნილმა ან სრულიად გათავისუფლებულმა ჯარისკაცებმა. მათი დიდი ნაწილი ტუბერკულოზით იყო დაავადებული. ივანე თიკანაძემ სტატისტიკურად აღწერა ისინი. თავისი დაკვირვებანი რუსი ექიმების დაკვირვებებს შეადარა და დასაბუთებული განცხადება წარუდგინა უფროს ექიმს. მოხსენებაში მოითხოვდა საქართველოს მკვიდრ ახალგაზრდობას სამხედრო სამსახური საქართველოში მოეხადა, რადგან ცივი ჰავა ყაზარმების რეჟიმი ცუდად მოქმედებდა მათ ჯანმრთელობაზე.

1897 წელს ივანე თიკანაძე გაემგზავრა პეტერბურგში და დაიწყო მუშაობა სადოქტორო დისერტაციის ექსპერიმენტულ ნაწილზე. დისერტაცია იმავე წელსვე დაიცვა. 1907 წელს კვლავ გაემგზავრა პეტერბურგში. პირველი მსოფლიო ომი ივანე თიკანაძემ მოქმედ არმიაში გაატარა, შემდეგ მუშაობდა თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის გინეკოლოგიური განყოფილების გამგედ. 1918 წელს დაინიშნა სამხედრო ჰოსპიტლის მთავარ ექიმად.

თბილისში დაბრუნებული ივანე თიკანაძე მისთვის ჩვეული ენერგიით და ენთუზიაზმით ჩაება საზოგადოებრივ მუშაობაში: იყო ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე. ამ საზოგადოებამ იგი ვირსალაძესა და მუხაძესთან ერთად მიავლინა საქართველოს უნივერსიტეტის გამგეობაში სამკურნალო ფაკულტეტის მოსაწყობად. ფაკულტეტის გახსნის შემდეგ კი მიიწვიეს სამეანო კლინიკის გამგედ, აირჩიეს პროფესორად და სამეანო კათედრის გამგედ. ამ თანამდებობაზე მუშაობდა უკანასკნელ დღემდე.

ივანე თიკანაძე მოკლე დროში შექმნა მეანობის ახალი სკოლა. თვით ქართული ტერმინიც „მიანობა“ მის მიერ არის შემოღებული. იგი დიდი გულმოდგინებით ზრდიდა და წვრთნიდა სტუდენტებს, ექიმებს, საშუალო სამედიცინო პერსონალს, თითოეულ მოწაფეს. ერთ-ერთ ლექციაზე ასე მიმართა სტუდენტებს: „გაუფრთხილდით საბჭოთა ექიმის სინდისს, გაამართლეთ თქვენდამი სახელმწიფოს დიდი ნდობა, იყავით ეპოქის და თქვენი დიდი ხალხის ღირსეულნი... დიდი შესაძლებლობები დიდ მოთხოვნილებებს გვიყენებს. ამ მოთხოვნილებების სიმაღლეზე უნდა იდგეს ჩვენი დროის სპეციალისტი“. კლინიკაში ივანე თიკანაძემ დანერგა ორსულთა ტოქსიკოზების საწინააღმდეგო, სამეანო ტრავმატიზმის, ლოგინობის ხანის საოპერაციო და ნაოპერაციებ ავადმყოფთა გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობის წესები.

თიკანაძე შეისწავლიდა სასქესო ორგანოების ანომალიებს და მათი ოპერაციის გზით მკურნალობის წესებს, სასქესო ორგანოების სიმსივნეების ეტიოგენეზსა და მკურნალობას, ორსულთა ტოქსიკოზს, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებით პროცესებს, უნაყოფობის პრობლემას და სხვ. დღესაც ფართოდ იყენებენ საშვილოსნოდან ატონიური სისხლის დენის წინააღმდეგ მის მიერ შემუშავებულ წესს. თიკანაძემ საქართველოში დანერგა მრავალი ეამნ-გინეკოლოგიური ოპერაცია; გ. ღამბარაშვილთან ერთად პირველად გამოიყენა რენტგენის სხივები მეანობაში, ნ. კახიანთან და გ. მუხაძესთან ერთად საქართველოში პირვლმა გააკეთა ხელოვნური საშოს შექმნის ოპერაცია და სხვა.

თიკანაძე იყო საქართველოს მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე. მას დიდი დამსახურება მიუძღვის თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტის ორგანიზაციის საქმეში. იგი იყო კიევის და ხარკოვის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოებების საპატიო წევრი. აქტიურად მონაწილეობდა ჟურნალ „საბჭოთა მედიცინის“ დაარსებაში და წლების მანძილზე იყო მისი სარედაქციო კოლეგიის წევრი.

ივანე თიკანაძის ადრეული მეცნიერული შრომები სამხედრო მედიცინის სხვადასხვა საკითხებისადმი იყო მიძღვნილი. მისი ომის დროის შრომები შეეხება მალარიის, ტუბერკულოზის და სხვა გადამდებ დაავადებათა გავრცელების გზებს, პროფილაქტიკასა და მკურნალობას. მალარიის დროს ფსიქოზის განვითარება რუსეთში პირველად ივანე თიკანაძემ აღწერა.

დიდ ყურადღებას უთმობდა ივანე თიკანაძე მალარიითა და ტუბერკულოზით დაავადებულ ორსულტა მკურნალობას. იმ პერიოდში ორივე ეს მძიმე დაავადება ძალიან იყო გავრცელებული ჩვენში და ივანე თიკანაძის წვლილი მათთან ბრძოლის სამეში ძალიან მნიშვნელოვანია. მან პირველმა შემოიღო საქართველოში ორსულთა და მშობიარეთა მკურნალობა ქინაქინით, აკროქინით, პლაზმოციდით, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მუცლის მოწყვეტის, ნაადრევი მშობიარობის, საშვილოსნოდან სისხლის დენის, მკვდრადშობისა და ახალშობილთა სიკვდილის შემთხვევები. შემდეგში ივანე თიკანაძის ძირითადი მეცნიერული ინტერესები დაუკავშირდა სასქესო ორგანოების განვითარების მანკებს და ანომალიებს, მათი გამოსწორების ოპერაციული გზების გამონახვას და პრაქტიკაში დანერგვას. ივანე თიკანაძემ საქართველოში პირველმა დაიწყო ხელოვნური საშოს შექმნა ნ. კახიანის დახმარებით და გ. მუხაძის კონსულტაციით.

ივანე თიკანაძის კლინიკაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო მშობიარობის რაციონალურად ჩატარება, რისთვისაც კლინიკის მთელი კოლექტივი ჩაება საქართველოში მცხოვრები ქალების მენკის ანატომიური თავისებურებების შესწავლაში. დიდ ყურადღებას აქცევდა ივანე თიკანაძე და მტელი მისი კლინიკა მშობიარობის გაუტკივარებას. ყოველი ახალი წესი მრავალმხრივ შეისწავლებოდა, გამოიცდებოდა, ეძლეოდა სათანადო შეფასება. ასევე ხმარებოდა ივანე თიკანაძე დიაგნოსტიკის და მკურნალობის სხვა ახალ წესებს. ივანე თიკანაძიეს უყურადღებოდ არ დაუტოვებია სხვა საკითხებიც: სიმსივნეების მკურნალობის საკითხი, უნაყოფობის საკითხი და სხვა. ატონური სისხლის დენასთან ბრძოლის მის მიერ მოწდებული წესი დღესაც ფართოდ გამოიყენება მთელ საბჭოთა კავშირში.

ძირითად პროფესიასთან ერთად ივანე თიკანაძე აქტიურ საზოგადოებრივ მუშაობასაც არ ივიწყებდა. მოღვაწეობდა ბევრ კულტურულ დაწესებულებასა და საზოგადოებაში. ეს არის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, განათლების საზოგადოება, კავკასიის ექიმთა საზოგადოება. საისტორიო საზოგადოებასთან დაარსდა სატერმინოლოგიო სექცია და ერთ-ერთი ქვესექციის თავმჯდომარეობა ივანე თიკანაძემ იკისრა. მან შეაგროვა უამრავი სამედიცინო ტერმინი.

ივანე თიკანაძე აქტიურად თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალებში: „ჯეჯილსა“ და „ნაკადულში“, ბეჭდავდა სამეცნიერო-პოპულარულ წერილებს, უფასოდ ასწავლიდა ჰიგიენას განათლების სკოლაში. მისი თაოსნობით თბილისში გაიხსნა ბავშვთა სახლი. გ. ღამბარაშვილტან ერთად საქართველოს ექიმტა საზოგადოებასთან დააარსა მეანობა-გინეკოლოგიის სექცია, რომელიც შემდეგ გადაკეთდა სამეანო-გინეკოლოგიურ საზოგადოებად. ამ საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს ივანე თიკანაძე.

ნასრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მშობიარობის შემდეგი ატონიური სისხლის დენა და მასთან ბრძოლის საშუალებანი, ტფილისი, 1931
  • სამეცნიერო ტერმინოლოგიის მასალები, ტფილისი, 1920

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიგინეიშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 682.
  • საბავშვო ენციკლოპედია, გვ., 282-285, თბ. 1968


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]