ივანე ევლახიშვილი
ივანე ივანეს ძე ევლახიშვილი, ევლახოვი (დ. 1824, შემახა, ახლანდ. აზერბაიჯანი, — გ. 1888, თბილისი) — მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. ძირითადად აქვეყნებდა რუსულ ენაზე. მისი შვილი იყო ოპერის მომღერალი სერგო ევლახიშვილი.
ბავშვობის წლები შემახასა და ბაქოში გაატარა. დაამთავრა თბილისის გიმნაზია და მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1840-იან წლებში მუშაობდა გაზეთ „ზაკავკაზსკი ვესტნიკის“ რედაქციაში. შემდეგ, სხვადასხვა დროს, სამოქალაქო სამსახურში იყო თბილისში, შემახაში და თერგის ოლქში, 1870-იან წლებში მოსამართლედ მუშაობდა სტავროპოლის გუბერნიაში.
სცოდნია უცხო ენები და კარგი მუსიკალური განათლება მიუღია. ყოფილა მომღერალი და დეკლამატორი. ხშირად ასრულებდა ხალხურ სიმღერებს. ევლახიშვილის სალიტერატურო მოღვაწეობა მრაგალმხრივია. თარგმნიდა „ვეფხისტყაოსანს“ რუსულ ენაზე (გაზ. „Кавказ“, 1846, №1523, 26, 27,29). მანვე თარგმნა ზღაპარი ქოროღლიზე („Сказка о Кер-Оглу“, „Кавказ“, 1846, № 39), დაწერა ქართულ ხალხურ მოტივებზე კომედია „ქორწილი“ („Cвадьба“, 1852 წ.). მის კალამს ეკუთვნის წერილები: „Замечания по пути в Мингрелию“, („Кавказ“, 1847, №79), „Заметки о Тифлисе“, ЗКОИРГО, №1), „სპარსეთის პოეზია“ („ცისკარი“, 1863, №7 12, გვ. 256-268) და სხვ.
ევლახიშვილი დაინტერესებული იყო ქართული ხალხური სიტყვიერებით („О народных песнях и певцах в Грузии“, „Кавказ“, 1850, №64, 65), რუსულად თარგმნა 100 ქართული ანდაზა («Грузинские пословицы и изречения», ЗКОИРГО, кн. I,1852, стр. 260).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არჯევანიძე ე., ქართული ფოლკლორის ლექსიკონი, ტ. IV, ნაწ. I, თბ., 1974, — გვ. 140-141.
- Ахвердян Р. С., Евлахишвили Иван Иванович // Русские писатели, 1800—1917 : Биографический словарь / гл. ред. П. А. Николаев. — М. : Большая российская энциклопедия, 1992. — Т. 2 : Г—К. — С. 210—211.