შინაარსზე გადასვლა

ივანე დავიდოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე დავიდოვი

დაბ. თარიღი 15 (26) ივნისი, 1794
დაბ. ადგილი Tverskoy Uyezd
გარდ. თარიღი 15 (27) ნოემბერი, 1863 (69 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ფილოსოფოსი
მუშაობის ადგილი მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი[1] , მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი[2] , მთავარი პედაგოგიური ინსტიტუტი და მოსკოვის უნივერსიტეტის კეთილშობილთა პანსიონი[3]
ალმა-მატერი მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი[4] და მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი candidate[5] , Master of Sciences[6] და Doctor of Sciences[6]
ჯილდოები წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის ორდენი და წმინდა სტანისლავის ორდენი

ივანე ივანეს ძე დავიდოვი (რუს. Иван Иванович Давыдов, დ. 15 (26) ივნისი, 1792, სოფელი ზელენცინო, ტვერის ნამესტნიკობა — გ. 14 (26) ნოემბერი, 1863, მოსკოვი) — რუსი ფილოლოგი და ფილოსოფოსი, მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური განყოფილების ორდინარული პროფესორი და დეკანი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

დაიბადა მამის, ძველი საგვარეულოს წარმომადგენელი ხელმოკლე აზნაურისა და ყოფილი სამხედრო პირის მამულში, რომელიც სიცოცხლის ბოლოს ტვერში სამოქალაქო სამსახურში იმყოფებოდა. მამა ადრე გარდაიცვალა და შვილის აღზრდა-განათლებაზე ზრუნვა მთლიანად დედამ იკისრა, რომელიც წარმოშობით მცირერუსი (უკრაინელი) დიდებულების, ლუკიანოვების გვარიდან იყო.

ცხრა წლის ასაკიდან იგი სწავლობდა ტვერის ღარიბ აზნაურთა სასწავლებელში, რომელიც მოსწავლეებს პირველ კადეტთა და საზღვაო კორპუსებში მისაღებად ამზადებდა. დავიდოვის გამორჩეულმა წარმატებებმა მოსკოვის უნივერსიტეტის მზრუნველის, მიხეილ მურავიოვის ყურადღება მიიპყრო და 1808 წელს, გამოცდების ჩაბარების შემდეგ, იგი მოსკოვის უნივერსიტეტის ზნეობრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტად მიიღეს. ამავდროულად, ის ლექციებს უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და სიტყვიერების განყოფილებებზეც ესწრებოდა.

შედეგად, 1812 წელს, ი. ბულეს ხელმძღვანელობით ლათინურ ენაზე დაწერილი ნაშრომისთვის — „ბერძნულ და რომაულ განათლებას შორის განსხვავების შესახებ“ — მან ოქროს მედალი და სიტყვიერების განყოფილების კანდიდატის ხარისხი მიიღო [2].

1812 წელს, საომარი მოქმედებების გამო, იგი იძულებული გახდა ყაზანში გამგზავრებულიყო, სადაც ყაზანის უნივერსიტეტში ნ. ლობაჩევსკის ლექციებს ესწრებოდა.

მოსკოვში 1813 წლის მეორე ნახევარში დაბრუნდა, 1814 წელს კი ლათინურ ენაზე დაწერილი ნაშრომისთვის — „კრიტიკის შესახებ ძველ ფილოლოგიაში“ — მაგისტრის ხარისხი მიიღო. ამის შემდეგ მან უნივერსიტეტის კეთილშობილთა პანსიონში რუსული სიტყვიერებისა და წმინდა მათემატიკის სწავლება დაიწყო, სადაც ასევე კლასების ინსპექტორი იყო.

1815 წელს მან დაიცვა დისერტაცია სიტყვიერების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „ბეკონის მიერ მეცნიერებებში მოხდენილი გარდაქმნების შესახებ“ — ეს ნაშრომი საფუძვლად დაედო 1820 წელს გამოქვეყნებულ წიგნს „ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელოს გამოცდილება“.

1817 წლიდან იყო მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის ადიუნქტი, კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიაში, ასევე მათემატიკასა და რუსული ლიტერატურის ისტორიაში. უნივერსიტეტის საზეიმო კრებაზე წარმოთქვა სიტყვა: „ბერძნული და რომაული ფილოსოფიის სულისკვეთების შესახებ“.[7] 1819 წელს, პროფესორ ივან სნეგირიოვისა და დავიდოვის ინიციატივით, დაიწყო მასალების შეგროვება „ხანძრამდე არსებული“ უნივერსიტეტის ისტორიის შესახებ და გამოიცა ნაშრომი „მოსკოვის უნივერსიტეტის საზეიმო კრებებზე რუსი პროფესორების მიერ წარმოთქმული სიტყვები და მათი მოკლე ბიოგრაფიები“ (4 ტომად, დასრულდა 1823 წელს).

1820 წლის მაისიდან — მოსკოვის უნივერსიტეტის ექსტრაორდინარული პროფესორი, ხოლო 1822 წლის სექტემბრიდან — ლათინური სიტყვიერებისა და სიძველეთა კათედრის ორდინარული პროფესორი.

მიხეილ პავლოვთან ერთად დავიდოვი შელინგის (გერმანელი ფილოსოფოსი) მიმდევარი იყო, თუმცა მოგვიანებით ფსიქოლოგიზმისკენ განიცადა ევოლუცია: „ფილოსოფია, როგორც მეცნიერება, არის ფსიქოლოგია, რომელსაც ცოდნასა და ყოფიერებაში ერთიანობის აღმოჩენამდე მივყავართ“. დავიდოვმა შემოიღო ფილოსოფიის „წმინდა“ და „გამოყენებით“ ნაწილებად დაყოფის სქემა: პირველს იგი მიაკუთვნებდა „ლოგიკას, ეთიკასა და ესთეტიკას“, ხოლო მეორეს — „ონტოლოგიას, კოსმოლოგიასა და პნევმატოლოგიას“.

1826 წლის თებერვალში იგი ზნეობრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა განყოფილების ფილოსოფიის კათედრაზე გადაიყვანეს, სადაც წარსდგა პროგრამული ლექციით „ფილოსოფიის, როგორც მეცნიერების შესაძლებლობის შესახებ შელინგის მიხედვით“. მასში მან თავი „მათემატიკური სიზუსტისა და გერმანული სისტემატიზაციის“ მომხრედ გამოაცხადა. ამ ლექციის შემდეგ ფილოსოფიის კათედრა გაუქმდა, ხოლო უნივერსიტეტში ფილოსოფიის სწავლება 1845 წლამდე აიკრძალა. დავიდოვი ფიზიკა-მათემატიკის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც იგი 1827-დან 1831 წლამდე უმაღლესი ალგებრისა და ალბათობის თეორიის კურსს კითხულობდა.

1831 წლის 24 ნოემბრიდან, ალექსანდრე მერზლიაკოვის გარდაცვალების შემდეგ, მან სიტყვიერების მეცნიერებათა განყოფილებაში მჭევრმეტყველების, პოეზიისა და რუსული ენის კათედრა დაიკავა. კითხულობდა რუსულ სიტყვიერებასა და რუსული ლიტერატურის ისტორიას. იყო სამეცნიერო ჟურნალის — „მოსკოვის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჩანაწერების“ რედაქტორი (1833-1836).

1836 წელს წარმოთქვა სიტყვა: „მოსკოვის უნივერსიტეტის წვლილის შესახებ სამამულო სიტყვიერების წარმატებაში“. 1837-1838 წლებში მან დაწერა „საკითხავები სიტყვიერებაში“. იყო რუსული სიტყვიერებისა და რუსული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ორდინარული პროფესორი (1835-1847), ფილოსოფიის ფაკულტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური განყოფილების დეკანი (1843-1847). 1845 წლიდან — მოსკოვის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი.

1847 წლიდან იყო მოსკოვის უნივერსიტეტის საპატიო წევრი.[8]

ამავდროულად, ივანე დავიდოვი ალექსანდრინსკის ობოლთა და ლაზარევის ინსტიტუტების კლასების ინსპექტორი იყო. 1847 წელს იგი სანქტ-პეტერბურგის მთავარი პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა. პირველი ოთხი წლის განმავლობაში თავად კითხულობდა ლექციებს რუსულ სიტყვიერებაში.

1850 წლიდან იყო სასწავლებლების მთავარი სამმართველოს წევრი და სასწავლო სახელმძღვანელოების განხილვის კომიტეტის თავმჯდომარე.

1841 წლიდან ივანე დავიდოვი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ორდინარული აკადემიკოსი იყო.[9] 1851 წლიდან კი — აკადემიის რუსული ენისა და სიტყვიერების განყოფილების თავმჯდომარე.

მთავარი პედაგოგიური ინსტიტუტის დახურვის შემდეგ, 1859 წლის 29 იანვარს, ივანე დავიდოვი VI დეპარტამენტის სენატორად დაინიშნა.[10] 1856 წლის 23 იანვრიდან იყო საიდუმლო მრჩეველი.[11]

როგორც პიროვნებამ, დავიდოვმა საკუთარ თავზე არცთუ ისე კეთილი მოგონებები დატოვა: აღნიშნავდნენ მის წვრილმანობასა და შურისმაძიებლობას. დავიდოვის მმართველობის პერიოდში პედაგოგიური ინსტიტუტის საკმაოდ სავალალო სურათი აღწერა ნიკოლაი დობროლიუბოვმა.

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1831 წელს დავიდოვის ლექციას — „რუსული სიტყვის შესახებ“ — სტუდენტები აღფრთოვანებით შეხვდნენ, თუმცა „მესამე განყოფილებამ“ (საიდუმლო პოლიციამ) ეს ფაქტი უნივერსიტეტში წესრიგის დარღვევად მიიჩნია.

1832 წლის 27 სექტემბერს დავიდოვის ლექციას რუსული ლიტერატურის ისტორიაში ალექსანდრე პუშკინი დაესწრო. მიხაილ კაჩენოვსკისთან კამათისას პუშკინი იცავდა ნაწარმოების — „ამბავი იგორის ლაშქრობისა“ — ნამდვილობას. ივან გონჩაროვის მოგონებების თანახმად, პოეტი აუდიტორიაში შემოვიდა გრაფ სერგეი უვაროვის (მაშინდელი განათლების მინისტრის ამხანაგი) თანხლებით და „თითქოს მზემ გაანათა მთელი აუდიტორია... ლექციას დავიდოვი კითხულობდა. — აი, თქვენ ხელოვნების თეორია, — თქვა უვაროვმა ჩვენს, სტუდენტების გასაგონად და დავიდოვზე მიუთითა, — ხოლო აი, თავად ხელოვნებაც, — დასძინა მან და პუშკინზე მიანიშნა“.[12]

  • Волков В. А., Куликова М. В., Логинов В. С. Московские профессора XVIII — начала XX веков. Гуманитарные и общественные науки. — М.: Янус-К: Московские учебники и картолитография, 2006. — С. 87—88. — 300 с. — 2000 экз. — ISBN 5-8037-0164-5.
  • Давыдов, Иван Иванович (тайный советник) // Русский биографический словарь : в 25 томах. — СПб.—М., 1896—1918.
  • Давыдов, Иван Иванович // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Петров Ф. А. ДАВЫДОВ Иван Иванович // Императорский Московский университет: 1755—1917: энциклопедический словарь / составители А. Ю. Андреев, Д. А. Цыганков. — М.: Российская политическая энциклопедия (РОССПЭН), 2010. — С. 207—208. — 894 с. — 2000 экз. — ISBN 978-5-8243-1429-8.
  • Иванов И.В. О месте рождения И.И. Давыдова (1792-1863) // Тверская старина №44. Тверь. 2023 г. с.131-135

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Шевырёв С. П. История императорского Московского университетаМосква: Университетская Типография, 1855. — С. 442.
  2. Шевырёв С. П. История императорского Московского университетаМосква: Университетская Типография, 1855. — С. 442, 559.
  3. Шевырёв С. П. История императорского Московского университетаМосква: Университетская Типография, 1855. — С. 453.
  4. Шевырёв С. П. История императорского Московского университетаМосква: Университетская Типография, 1855. — С. 408.
  5. Шевырёв С. П. История императорского Московского университетаМосква: Университетская Типография, 1855. — С. 410.
  6. 6.0 6.1 Шевырёв С. П. История императорского Московского университетаМосква: Университетская Типография, 1855. — С. 460.
  7. Кузнецов Михаил Юрьевич. О духе греческой и римской философии. Давыдов И.И. . К двухсотлетию речи. samlib.ru (2020-05-15). ციტირების თარიღი: 2020-05-15
  8. Летопись Московского университета. ციტირების თარიღი: 2015-03-02
  9. Ивана Ивановича Давыдова რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ოფიციალურ საიტზე.
  10. Мурзанов Н. А. Правительствующий сенат: Список сенаторов.: Сенат. тип., 1911. — С. 17.
  11. Список гражданским чинам первых IV классов: На 1860 (Состояние чинов по 1 июля). — С. 47.
  12. «…а в Московском университете я оглашённый. Мое появление произведёт шум и соблазн, а это приятно щекотит мое самолюбие», — писал А. С. Пушкин жене о своём предстоящем визите в университет.. ციტირების თარიღი: 2015-03-02