ივანე გუგუნავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუგუნავა (მრავალმნიშვნელოვანი).
ივანე გუგუნავა
დაიბადა 24 მარტი, 1860
დაბადების ადგილი ლიტვინოვო, ტულის ოლქი, რუსეთის იმპერია
გარდაიცვალა 8 თებერვალი, 1919
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, რსფსრ
ეროვნება ქართველი
სფერო მხატვრობა
მომზადება პეტერბურგის სამხატვრო აკადემია (1881-1886)

ივანე (ჩითან) გუგუნავა (დ. 24 მარტი, 1860, ლიტვინოვო — გ. 8 თებერვალი, 1919, მოსკოვი) — ქართველი მხატვარი, ფერმწერი, პეიზაჟისტი, პორტრეტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი მამა, გიორგი ჩითანის ძე გუგუნავა იყო საიმპერატორო არმიის ოფიცერი, გრენადერების პოლკის პრაპორშჩიკი, დედა კი — სოფიო ნიკოლოზის ასული ანდრეევსკაია — წარმოშობით ლიტველი იყო. 1865 წელს გიორგი გუგუნავა არმიიდან დაითხოვეს თავისუფალი შეხედულებების გამო. ოჯახი საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად და ძიმითში, წინაპრების ოჯახში დასახლდა. გიორგი გუგუნავამ სასიყვარულო ურთიერთობა გააბა თავადის ქალ მაკა შალიკაშვილთან, რაც განქორწინებით დასრულდა. 1872 წელს სოფიო და ივანე რუსეთში გადავიდნენ. 12 წლის შეიყვანეს პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელში, შემდეგ კი უგამოცდოდ ჩარიცხეს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1875-1880 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში. 1876 და 1877 წლებში სასწავლებელში მოწყობილ გამოფენაზე გუგუნავამ წარადგინა საქართველოს ბუნების ამსახველი პეიზაჟები და ეტიუდები. 1881–1886 წლებში სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში სტუდენტობის პირველ წელს მიიღო ვერცხლის მედალი ნატურიდან შესრულებული ეტიუდისთვის. 1888 წელს მიიღო კლასგარეშე (თავისუფალი) მხატვრის წოდება. 1886-1887 წლებში თანამშრომლობდა ჟურნალთან „მსოფლიო ილუსტრაცია“. 1891 წლამდე ცხოვრობდა პეტერბურგში. 1892 წელს გადავიდა მოსკოვში. იყო მოსკოვის მხატვართა ამხანაგობის წევრი, ასწავლიდა მე-5 ვაჟთა გიმნაზიაში. 1897–1901 წლებში მამის გარდაცვალების გამო ცოლ-შვილთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. 1901 წლიდან სიკვდილის ბოლომდე ცხოვრობდა მოსკოვში. მონაწილეობდა მოსკოვის მხატვართა ამხანაგობის (1901-1913, 1910, 1916, 1918), მხატვართა ახალი საზოგადოების (1910), მხატვრული დაჯგუფება „სრედას“ (1918) და სხვა გამოფენებში, 1911 წელს მონაწილეობა მიიღო მსოფლიო გამოფენაზე რომში.

დახატული აქვს საქართველოს ბუნების ამსახველი 100–ზე მეტი სურათი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: „შემოდგომის დილა“ (1886), „ოკაზე“ (1888), „წმიდა ეგორის დღეობა“ (1890), „გურული ოდა“ (1893, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), „ჩონგურზე დამკვრელი ქართველი ქალი“ (1893, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), „სალომეს პორტრეტი“ (1893, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), „პატარა სიმონ ჯახუტაშვილი“ (1892–1893, ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი), „შემოღამება ბახვისწყალზე“ (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი); „პატარა მაკას პორტრეტი“ (ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი);

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 172, თბ., 2012 წელი.
  • ფირალიშვილი ო. „ივანე გუგუნავა, მივიწყებული მხატვრის კვალდაკვალ“ — „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1964 წ.
  • ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“ N5, 6 — 1956 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]