შინაარსზე გადასვლა

ივანე ბაბუშკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე ბაბუშკინი
დაბადების თარიღი 3 (15) იანვარი, 1873[1]
დაბადების ადგილი ლედენგსკოე
გარდაცვალების თარიღი 5 (18) იანვარი, 1906 (33 წლის)
გარდაცვალების ადგილი მისოვსკი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია

ივანე ვასილის ძე ბაბუშკინი (რუს. Иван Васильевич Бабушкин; დ. 15 იანვარი, 1873, სოფ. ლედენგსკოე, ტოტმის მაზრა, ვოლოგდის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 18 იანვარი, 1906, სადგური მისოვსკი, ჩიტის ოლქი, რუსეთის იმპერია) — პროფესიონალი რევოლუციონერი, ბოლშევიკი. ცნობილი იყო პარტიული ფსევდონიმებით: ნიკოლაი ნიკოლაევიჩი, ბოგდანი, ნოვიცკაია და სხვ.

დაიბადა გლეხის ოჯახში. 1894 წელს იყო მუშათა მარქსისტული წრის წევრი პეტერბურგში, რომელსაც ლენინი ხელმძღვანელობდა. 1895 წელს აქტიურად მონაწილეობდა პეტერბურგის „მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის ბრძოლის კავშირის“ საქმიანობაში ეწეოდა რევოლუციურ მუშაობას პეტერბურგის ქარხნების მუშთა შორის, აყალიბებდა მუშათა წრეებსა და ბიბლიოთეკებს.

1896 წელს დააპატიმრეს „ბრძოლის კავშირის“ საქმიანობის გამო და 1897 წელს ეკატერინოსლავში გადაასახლეს. იყო ეკატერინოსლავის „მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის ბრძოლის კავშირის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, 1898 წლის ოქტომბერში ჩამოაყალიბა ეკატერინოსლავის კომიტეტი. 1900 წელს დააარსა არალეგალური გაზეთი „იუჟნი რაბოჩი“, იყო ლენინური „ისკრის“ აგენტი და მისი აქტიური კორესპონდენტი.

1900–1901 წლებში რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვში, სმოლენსკში, პოლოცკში, ორეხოვო-ზუევოში, ივანოვო-ვოზნესენსკში და სხვაგან. 1902 წელს გაიქცა ეკატერინოსლავის ციხიდან და ლონდონში წავიდა, იმავე წლის ოქტომბერში კი რუსეთში დაბრუნდა. იყო რსდმპ პეტერბურგის კომიტეტის წევრი, ებროდა „ეკონომისტებსა“ და ზუბატოველებს, იცავდა ლენინური „ისკრის“ პოზიციებს.

1903 წელს დააპატიმრეს და 5 წლით გადაასახლეს ვერხოიანსკში (აღმოსავლეთი ციმბირი). გაათავისუფლეს 1905 წლის ამნისტიით. ბაბუშკინი აქტიურად მონაწილეობდა 1905–1907 წლების რევოლუციაში. იყო რსდმპ ირკუტსკისა და ჩიტის კომიტეტების წევრი, ჩიტის შეიარაღებული აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

1906 წელს ჩიტიდან ირკუტსკში იარაღის გადაზიდვის დროს შეიპყრეს და 18 იანვარს საქმის გამოუძიებლად და გაუსამართლებლად დახვრიტეს. ბაბუშკინის სახელი ეწოდა ბურიატეთის ქ. მისოვსკს (1941 წლიდან).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. ЛаминНовосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4