იერობოამი კერპებისთვის მსხვერპლს სწირავს
| Jeroboam sacrifiant aux idoles | |
|
| |
| ავტორი | ჟან-ონორე ფრაგონარი |
|---|---|
| წელი | 1752 |
| კატალოგი | 88[1] |
| ტიპი | ისტორიული ფერწერა |
| სიმაღლე | 115 |
| სიგანე | 145 |
| მუზეუმი | სახვითი ხელოვნების ეროვნული უმაღლესი სკოლა |
იერობოამი მსხვერპლს სწირავს კერპებს (ფრანგ. Jéroboam sacrifiant aux idoles) — ფრანგი მხატვრის, ჟან-ონორე ფრაგონარის ისტორიული ჟანრის ნახატი, შესრულებული ზეთის საღებავებით ტილოზე.[2] ამ ნამუშევარმა მას 1752 წლის 26 აგვისტოს, 20 წლის შესრულებიდან მალევე, ფერწერაში მეტად პრესტიჟული „რომის პრემია“ (Prix de Rome) მოუტანა; ეს „ნაადრევი ტრიუმფი“ კიდევ უფრო ღირსშესანიშნავი იყო იმით, რომ მას არ ჰქონდა გავლილი ჩვეულებრივი მომზადება ფერწერისა და ქანდაკების სამეფო აკადემიაში (Académie royale de peinture et de sculpture).[3] ნახატის ზედაპირის ზომებია 111.5 × 143.5 სანტიმეტრი (43.9 დუიმი × 56.5 დუიმი). იგი აკადემიაში ინახებოდა მანამ, სანამ ეს ინსტიტუტი საფრანგეთის რევოლუციის დროს არ გაუქმდა, ახლა კი მისი მემკვიდრე ნატიფი ხელოვნების აკადემიის (Académie des Beaux-Arts) კოლექციის ნაწილია.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიუჟეტი კონკურსის ჟიურიმ შეარჩია და ის წარმოადგენდა მეფე იერობოამის უჩვეულო, მაგრამ დრამატულ ძველი აღთქმისეულ ისტორიას მეფეთა პირველი წიგნიდან (1 მეფეთა 12:26–30 და 13:1–5). ეს თემატიკა სრულიად სცილდებოდა როკოკოს სტილის იმ მსუბუქ, პასტორალურ-რომანტიკულ, ფლირტისა და ეროტიკული მითოლოგიის სცენებს, რომლებსაც ფრაგონარი უკვე ავითარებდა ფრანსუა ბუშეს სახელოსნოში. ნახატზე ასახულია მომენტი, როდესაც იერობოამი (მარჯვნივ, თეთრი ჩალმით) აპირებს მსხვერპლი შესწიროს წარმართულ კერპებს, ხოლო უსახელო წინასწარმეტყველი (დგას მარცხნივ) ამ პროცესში ერევა.
„როდესაც გაიგონა მეფე იერობოამმა ღვთისკაცის სიტყვა, ბეთელის სამსხვერპლოს წინააღმდეგ რომ დაიძახა, გაიშვირა ხელი სამსხვერპლოდან იერობოამმა და თქვა: შეიპყარითო იგი! მაგრამ გაუშრა ხელი, მისკენ გაშვერილი, და ვეღარ მოაბრუნა თავისკენ. დასკდა სამსხვერპლო და გადმოიყარა ფერფლი სამსხვერპლოდან იმ ნიშნისამებრ, ღვთისკაცმა რომ მოსცა უფლის სიტყვით“.[4]
მეფე სოლომონის მიერ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა (უცხოელი ცოლების გავლენით) ოდნავ უფრო პოპულარული სიუჟეტი იყო[5] და ხელოვნებაში თემატურ ჯგუფს — „ქალთა ძალაუფლებას“ განეკუთვნებოდა.
სტილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფრაგონარმა თავისი ჩვეული, უფრო რბილი სტილი ისტორიული ფერწერის მოთხოვნებს შეუსაბამა, რაც ნაკლებად ჰგავდა მისი მასწავლებლის, ბუშეს სტილს და უფრო ახლოს იყო შარლ ვან ლოოსა (რომელთანაც ფრაგონარს ახლა უნდა დაეწყო სწავლა) და ჟან ფრანსუა დე ტრუას შემოქმედებასთან; ამ უკანასკნელმა, რომში საფრანგეთის აკადემიის დირექტორმა, სულ ახლახან, 1752 წლის იანვარში დაასრულა სიცოცხლე.
ინფრაწითელი ფოტოგრაფიის გამოყენებით გადაღებული კადრები აჩვენებს მრავალრიცხოვან ცვლილებებს, განსაკუთრებით ნახატის ცენტრში, გაპობილი სამსხვერპლოსა და „გადმოყრილი ფერფლის“ არეალში — ეს მხატვრისთვის ვიზუალიზაციის უჩვეულო და რთული გამოწვევა იყო, რაზეც ფრაგონარმა აშკარად ბევრი იშრომა.
გამოფენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ ნახატის შექმნის დღიდან მას მხოლოდ ერთი მფლობელი ჰყავდა, დღეს იგი საკმაოდ ბევრს „მოგზაურობს“. სხვადასხვა დროს ის წარმოდგენილი იყო გამოფენებზე რომში (1904), მოსკოვსა და ლენინგრადში (1978), კიოტოში (1980), მალიბუში (1982–83), ბაიონაში (1987), ნიუ-იორკში (1988), ტოკიოში (1989), ვარშავაში, ბუდაპეშტსა და ბუქარესტში (2004–05), ბარსელონასა და მადრიდში (2006–07), ოკლაჰომა-სითიში, ალბუკერკესა (ნიუ-მექსიკო) და ნეაპოლში (ფლორიდა) (2014–15), ისევე როგორც არაერთგზის პარიზში.[6]
სხვა ხელოვანთა მიერ გაცოცხლებული თემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Rosenberg, Pierre, Fragonard, exhibition catalogue, 1988: Galeries Nationales Du Grand Palais, Paris, September 24, 1987 – January 4, 1988, the Metropolitan Museum of Art, New York, February 2 – May 8, 1988, online
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://commons.wikimedia.org/wiki/File%3AJean-Honor%C3%A9_Fragonard_-_Jeroboam_Offering_Sacrifice_for_the_Idol_-_WGA08049.jpg
- ↑ There are variant titles: Jeroboam Sacrificing to the Idols, Jeroboam Offering Sacrifice for the Idol etc.
- ↑ Rosenberg, 52
- ↑ NIV, 1 Kings 13:4–5 at biblegateway.com
- ↑ Sotheby's, "Sébastien Bourdon, King Solomon sacrificing to the idols, Lot 206, Sale: Old Master Paintings, 31 January 2013, New York
- ↑ Beaux-arts de Paris, l'école nationale supérieure, Catalogue entry[მკვდარი ბმული]