შინაარსზე გადასვლა

იევიშოვიცე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
იევიშოვიცე
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე სამხრეთ მორავიის მხარე
კოორდინატები 48°59′17″ ჩ. გ. 15°59′25″ ა. გ. / 48.98806° ჩ. გ. 15.99028° ა. გ. / 48.98806; 15.99028
პირველი ხსენება 1289
ფართობი 7,86 კმ²
ცენტრის სიმაღლე 352 მეტრი
მოსახლეობა 1 159 (1 იანვარი, 2025)[1]
საფოსტო ინდექსი 671 53[2]
საავტომობილო კოდი B
ოფიციალური საიტი http://www.jevisovice.cz/
იევიშოვიცე — ჩეხეთი
იევიშოვიცე

იევიშოვიცე (ჩეხ. Jevišovice) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ზნოიმოს რაიონში მდებარეობს. ქალაქის ისტორიული ცენტრში მდებარე XVIII საუკუნეში აგებული ბაროკოს სტილის ნაგებობები კარგად არის შემონახული და ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.

ქალაქის სახელწოდება მისი დამაარსებლის სახელთანაა დაკავშირებული. აქ პირველად დასახლებულ ადამიანს იევიში, ან იავიში ერქვა. სწორედ მისი სახელიდან გამომდინარე დაარქვეს ადგილს იევიშოვიცე. მოგვიანებით ჩნდება გერმანული დასახელებები იეუსპიცი და იასპიცი.

იევიშოვიცე ქალაქ ზნოიმოდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 14 კილომეტრში მდებარეობს. რეგიონალურ დედაქალაქ ბრნოდან კი 48 კილომეტრითაა დაცილებული. ქალაქის ტერიტორია იევიშოვიცეს ზეგანზეა განფენილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველაზე მაღლა მდებარე წერტილის სიმაღლე 403 მეტრია ზღვის დონიდან. იევიშოვიცე მდინარე იევიშოვკას მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული. ქალაქის მახლობლად აგებულია იევიშოვიცეს კაშხალი.

ძველი ციხესიმაგრე
წმინდა იოსების ეკლესია
ახალი ციხესიმაგრე

იევიშოვიცეს დღევანდელი ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ქალაქი ისტორიულ წყაროებში პირველად 1286 წელს არის მოხსენიებული, ამ პერიოდში აქაურობა კუნშტატის მმართველ ბოჩეკ I-ს ეკუთვნოდა. მოგვიანებით იევიშოვიცე სამხრეთ-დასავლეთ მორავიაში ჰუსიტური მოძრაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად იქცა.

კუნშტატელი დიდგვაროვნები ამ ტერიტორიას 1587 წლამდე ფლობდნენ, ამ წელს მათმა ერთ-ერთმა მემკვიდრე ეკატერინემ აქაური მამულები ანდერძით მიუნსტერბერკის მთავრებს დაუტოვა. ციხესიმაგრე მათ საკუთრებაში 1649 წლამდე იყო, რადგან მიუნსტერბერკის საგვარეულომ ამ წელს არსებობა შეწყვიტა.

მფლობელი საგვარეულოს ბოლო წარმომადგენლის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორმა იევიშოვიცეს ციხესიმაგრე და მამულები ცნობილ სამხედრო სარდალ ლუდვიკ რადუიტ დე სოუშს მიჰყიდა.

XVIII-XIX საუკუნეებში იევიშოვიცეს მამულები ესპანური წარმომავლობის დიდგვაროვან უგარტის ოჯახს ეკუთვნოდა. მათი მმართველობის დროს ქალაქში აშენდა ახალი ტაძარი და მარანი.

იევიშოვიცე ყოველთვის ჩეხურენოვანი ქალაქი იყო (1880 წელს 1237 მოსახლიდან 1231 ჩეხი იყო, 1930 წელს 1092 მოსახლიდან 1053 ჩეხი). სადაც ვაჭრობა და ხელოსნობა საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა. ქალაქის ისტორიული ცენტრი საინტერესოა XVIII-XIX საუკუნეების შენობებით და მრავალი ქანდაკებით. ქალაქის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მერი, სკოლის დირექტორი ფრანტიშეკ შტურსა (1882–1943), რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში დაიღუპა. დღეს ქალაქის დაწყებითი სკოლის შენობაზე მისი მემორიალური დაფაა განთავსებული მთავარი მოედანიც მის სახელს ატარებს. იევიშოვიცეს მახლობლად არის კაშხალი, რომელიც 1894–1897 წლებში აშენდა წყალდიდობების კონტროლისთვის და ერთ-ერთი უძველესი კაშხალია ცენტრალურ ევროპაში.[3]

ყოველი წლის აგვისტოს თვეში იეშოვიცეში იმართება ისტორიული ფესტივალი. ფესტივალის დროს იმართება თეატრალური წარმოდგენები და სხვადასხვა კულუტული ღონისძიებები.[4]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი ძველი ციხესიმაგრეა. აქ არსებული გოტიკური სტილის ციხესიმაგრე ბაროკოს სტილში XVII საუკუნის პირველ ნახევარში აღადგინეს. დღეს ის ბრნოში მდებარე მორავსკე-ზემსკეს მუზეუმის საკუთრებაა. იევიშოვიცეს ციხესიმაგრის შენობაში რამდენიმე ექსპოზიციაა გამოფენილი.[5]

ახალი ციხესიმაგრე ჟან-ლუი რადუი დე სუშემ 1680-იანი წლების დასაწყისში ააშენა. ის თავდაპირველად ხის ბაროკოს სტილის სანადირო ციხესიმაგრე იყო, 1879 წელს კი ამჟამინდელი სახით აღადგინეს. დღეს მასში მოხუცებულთა სახლია განთავსებული. ციხესიმაგრის გარშემო გაშენებულია დიდი პარკი 22 ბაროკოს სტილის ქანდაკებით, რომელიც საზოგადოებისთვის ღიაა.[5]

წმინდა იოსების ეკლესიის მშენებლობა 1823 წელს დაიწყო და 1830 წელს დასრულდა. ის ბაროკოს სტილის ნაგებობაა.[6]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ↑ Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025 — Praha: ČSÚ, 2025.
  2. ↑ Register of territorial identification, addresses and real estates
  3. ↑ Město Jevišovice cs. Město Jevišovice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-23. ციტირების თარიღი: 2021-11-23
  4. ↑ Jevišovice Historical Festival. ციტირების თარიღი: 2025-02-21
  5. 1 2 Jevišovice cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2021-11-23
  6. ↑ Kostel sv. Josefa, Jevišovice. ციტირების თარიღი: 2025-10-28