შინაარსზე გადასვლა

იდრიის მიწისძვრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოხსენება 1511 წლის მიწისძვრის შედეგად, კრეინის მიწების მდგომარეობის შესახებ ზიგმუნდ მორდაქსს — იმპერატორ მაქსიმილიან I-ის კარის ელჩს.

1511 წლის 26 მარტს მომხდარმა მიწისძვრამ დააზარალა თანამედროვე იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთი და სლოვენიის ტერიტორიები. სლოვენურ ისტორიოგრაფიაში ის ცნობილია როგორც იდრიის მიწისძვრა (სლოვენ. Idrijski potres), რადგან მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა სლოვენიის ქალაქ იდრიის მახლობლად. 12-ბალიანი მერკალის ინტენსივობის შკალის მიხედვით, ამ მიწისძვრას X დონის ინტენსივობა ჰქონდა.

მოვლენების განვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერების მონაცემებით, 1511 წლის 26 მარტს, თანამედროვე სლოვენურ-იტალიური საზღვრის ტერიტორიაზე მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომელმაც დააზარალა იტალიის ფრიულის ოლქი და თანამედროვე სლოვენია. იმ პერიოდის ქრონიკების მიხედვით, ბიძგები გარკვეული ხნით იგრძნობოდა ვენეციასა და პადუაშიც: ვენეციის არხებში დაფიქსირდა ძლიერი ღელვა, დაინგრა რამდენიმე სახლი და ქანდაკება. მიწისძვრამ ზიანი მიაყენა ქალაქებს ჩივიდალე, უდინე და ტრიესტი: ჩივიდალეში დაინგრა 50 სახლი და რამდენიმე შენობა, დაიღუპა 15 ადამიანი, უდინეში დაზიანდა ლოჯიის ციხესიმაგრე, ქალაქ ჯემონაში კი განადგურდა შენობების ნახევარი, მათ შორის წმინდა მარიამისა და წმინდა ბლესის ეკლესიები.

სლოვენიის ტერიტორიაზე მიწისძვრამ დააზარალა ისეთი ქალაქები, როგორიცაა შკოფია-ლოკა, ლიუბლიანა და იდრია; განსაკუთრებით ძლიერი დარტყმა ლიუბლიანამ მიიღო. ბიძგები დაფიქსირდა იმ დღეს დაახლოებით 15 საათზე და განმეორდა საღამოს 20 საათის შემდეგ. მათ შორის, დაინგრა ტევტონთა ორდენის რაინდების მონასტერი, ნაცვლის სასახლე და ქალაქის გამაგრებითი სისტემის რვა კოშკი. არ არის შემორჩენილი ცნობები იმის შესახებ, თუ რა ზიანი მიაყენა მიწისძვრამ იდრიას. ვლადიმირ რიბარიჩის ვერსიით, მიწისძვრის სიმძლავრე შესაძლოა შეადგენდა 8 ბალს მედვედევ-შპონჰოიერ-კარნიკის შკალით. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაინგრა მრავალი ციხესიმაგრე და გამაგრებითი ნაგებობა ფრიულსა და კრეინში. მიწისძვრის დამანგრეველ შედეგებზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ იმ დროის სლოვენიის ტერიტორიაზე შენობების 95% ხისგან იყო აშენებული. დარტყმითმა ტალღამ მიაღწია ოლმოუცმდე მორავიაში, და ასევე შეეხო თანამედროვე ხორვატიისა და ბოსნიის ტერიტორიებს.

მიწისძვრის შემდეგ დაფიქსირდა რამდენიმე განმეორებითი ბიძგი: 1511 წლის 8 აგვისტოს ჩივიდალეში მომხდარმა მორიგმა მიწისძვრამ დაახლოებით 3 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აფთერშოკები ფრიულის ტერიტორიაზე გრძელდებოდა 1512 წლის 19 თებერვლამდე, თუმცა ცალკეული ბიძგები ფიქსირდებოდა 1516 წლის ბოლომდეც. მიწისძვრის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, შეიძლება 12 ათას ადამიანს აღემატებოდეს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ქრონიკებში ნახსენები ფრიულში დაღუპული 12 ათასი ადამიანი მხოლოდ მიწისძვრის კი არა, არამედ სხვა სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ომების შედეგადაც დაიღუპა. ვლადიმირ რიბარიჩი წერდა, რომ სლოვენიის ტერიტორიაზე მსხვერპლი მცირე იყო, რადგან დაზარალებულ რეგიონებში იმ დროს მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო.

შემდგომ წლებში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე მდებარე ქალაქებისა და ციხესიმაგრეების უმეტესობა ხელახლა აშენდა. ლიუბლიანას მიყენებული ზარალი შეფასდა დაახლოებით 200 ათას ფლორინად, რაც წმინდა რომის იმპერიის ვალუტით სოლიდურ თანხას წარმოადგენდა. მიწისძვრის შედეგებზე განსაკუთრებით მრავალი მტკიცებულება შემორჩა შკოფია-ლოკაში: ქალაქში დაიდგა მემორიალური დაფები იმ მოვლენების მოსახსენებლად.[1]

  • Vladimir Ribarič. The Idrija earthquake of March 26, 1511 — a reconstruction of some seismological parameters (англ.) // Tectonophysics. — Elsevier, 1979. — Vol. 53, iss. 3–4. — P. 315–324. — doi:10.1016/0040-1951(79)90076-3.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Potres 26. marca 1511 in njegove posledice v naših krajih. Министерство окружающей среды Словении. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-10.