იდეოგრამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იდეოგრაფია)
იდეოგრამა იერუსალიმის ეკლესიაზე

იდეოგრამა (ბერძ. ἰδέα, [idea] — „იდეა“ + γράφω, [grafo] — „წერა“) — გრაფიკული სიმბოლო იდეოგრაფიულ დამწერლობაში, რომელიც გამოხატავს მთელ სიტყვას ან იდეას. განვითარების თვალსაზრისით, პიქტოგრაფიის მომდევნო საფეხური. ამ სახის დამწერლობაში მიშანი (სახვითი ელემენტი) აღნიშნავს როგორც უშუალოდ საგანს, ასევე იდეებს, რომლებიც ამ ნიშანს უკავშირდებიან, — მთლიან სიტყვას ნებისმიერ გრამატკიკულ ფორმაში. მაგალითად წრე გამოხატავს არა მარტო მზეს არამედ სიცხეს, სინათლეს, სიტყვას „დღე“. იდეოგრაფიულ დამწერლობაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღსანიშნავად გრაფიკული სიმბოლოებიც. წმინდა იდეოგრაფიული დამწერლობა ფართოდ ვერ გავრცელდა. იგი ფაქტობრივად არსებობდა როგორც გარდამავალი საფეხური პიქტოგრაფიულ და ლოგოგრაფიულ დამწერლობათა შორის. იდეოგრაფიული დამწერლობის ნიმუშები დადასტურებულია ძველ შუმერში (ძვ. წ. III ათასწლეული), ამერიკელ ინდიელთა ზოგ ტომთან. ვარაუდობენ აგრეთვე, რომ იდეოგრაფიულია აღდგომის კუნძულისა და XX საუკუნეში შექმნილი ჩუკოტკის დამწერლობები და სხვა.

იდეოგრამები გამოყენებულია ისეთ ენებში, როგორებიცაა ჩინური და იაპონური. იგივე პრინციპი იყო გამოყენებული ძველ ეგვიპტურში. ხშირად ტერმინ იდეოგრამას ამჯობინებენ ლოგოგრამას.

იდეოგრამა განსხვავდება პიქტოგრამისგან, რომელიც კონკრეტულ საგანს წარმოადგენს ნახატით, და ფონოგრამისგან, რომელიც ბგერას გამოხატავს.

იდეოგრამებს მიეკუთვნება არაბული ციფრები, მათემატიკური ნიშნები და ა.შ., რომლებიც საერთოა ყველა ენაზე მოლაპარაკეთათვის. მათვე განეკუთვნება ე.წ. სიცილაკები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]