იბერთა მონასტერი (იერუსალიმი)
იბერთა მონასტერი, იოანე მახარებლის მონასტერი — ერთ-ერთი პირველი და უძველესი სავანე იერუსალიმში. სავარაუდოდ პეტრე იბერის მიერ იყო აგებული. არსებული ცნობებიდან უპირატესობა უნდა მივანიჭოთ იოანე რუფუსის გადმოცემას, რომლის მიხედვით, პეტრე იბერმა მონასტრის ასაშენებლად აირჩია ერთი ადგილი „სიონის ეკლესიის ზემოთ (ჩრდილოეთით), ეგრეთწოდებულ „დავითის კოშკთან“ და იქ ააგო მონასტერი, რომელსაც დღესაც იბერთა მონასტერი ჰქვია“. პროკოპი კესარიელი გადმოგვცემს, რომ იუსტინიანე კეისარს (VI ს.) სხვა მონასტრებთან ერთად განუახლებია „იბერთა მონასტერი იერუსალიმში“.
1932 წელს იერუსალიმში იბერთა მონასტრის სავარაუდო მდებარეობის ადგილას აღმოჩნდა ქვა ბერძნული წარწერით: „იბერიელთა ეპისკოპოსის (სამუელის) კერძო საფლავი და იქაური მონასტრის, რომელიც მათ (ქართველებს) ჰქონდათ დავითის კოშკში“. ეპიტაფიის შინაარსი და მისი მოძიების ადგილი ზუსტად მიგვითითებს ქართველთა მონასტრის არსებობაზე დავითის კოშკთან. სამუელის საფლავის ქვის წარწერა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, რომ მონასტერი იმავე VI საუკუნეში, გაურკვეველი მიზეზით, განადგურდა სამუელის სიცოცხლეშივე.
ა. ცაგარლის მიერ მოპოვებული მასალებით ვარაუდობენ, რომ იერუსალიმის ერთ-ერთი უძველესი იოანე მახარებლის მონასტერი, იგივეა, რაც პეტრეს დაარსებული იბერთა მონასტერი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მამისთვალაშვილი ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 180.
- მამისთვალიშვილი ე., ქართველები და ბიბლიური სამყარო, გორი, 1998