იახსრის სათემო ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იახსრის სათემო ხატი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს დასავლეთით, მთის ფერდობზე. იგი ორი სახელწოდების ტერიტორიას მოიცავს - ავისგორსა და ნინახს, რომლებსაც ერთმანეთისაგან ჰყოფს პატარა ხევი. სალოცავის ტერიტორიას რიყის ქვის გალავანი ჰქონია შემოვლებული. ხატის კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ხატი, ორი საჯარე, სალუდე, ორი საზარე კოშკი, საკულუხე, საბერო, ლაშარის, მთავარანგელოზისა და ღვთისმშობლის კოშკები. ღვთისმშობლის ხატი ფიქლით ნაშენი, ოთხკუთხა ფორმის კოშკისებრი ნაგებობაა, რომელსაც სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს თითო თახჩა აქვს მოწყობილი. გადახურვა ბრტყელია. ღვთისმშობლის ხატის ჩრდილოეთით, ფერდობზე, იახსრის ხატის დანარჩენი ნაგებობებია განლაგებული.

საჯარე თითქმის მთლიანად დანგრეულია. იგი ფიქლით ნაშენი, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობაა. შასასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. ინტერიერში აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან კედლების გასწვრივ ქვის სკამებია მოწყობილი. გადახურვა ორქანობიანი ჰქონდა. საჯარის აღმოსავლეთით მეორე საჯარეა — ფიქლით ნაშენი, გეგმით კვადრატული ნაგებობა, რომელიც მთლიანად დანგრეულია. მეორე საჯარის გვერდით სალუდეა, რომელიც მთლიანად დანგრეულია. მეორე საჯარის გვერდით სალუდეა, რომელიც თითქმის მთლიანად მიწაშია ჩამჯდარი. სალუდეს გეგმით წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმა აქვს. ნაგებია ფიქლის ქვის მშრალი წყობით. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. სათავსის შუაში ხის ორი ბოძია, რომლებსაც გადახურვა ეყრდნობა. აღმოსავლეთ კედელთან კერაა მოწყობილი. მის გარშემო ქვის საჯდომებია. ნაგებობა გადახურულია ფიქლის ორფერდა სახურავით.

სალუდის ჩრდილოეთით საზარე კოშკია - გეგმით ოთხკუთხა ფორმის ოთხსვეტიანი ფანჩატური. ნაგებია ფიქლის ქვით, გარედან შელესილია. გადახურულია საფეხუროვანი პირამიდისებრი სახურავით. საზარის გვერდით ანალოგიური ფორმისა და ზომის მეორე საზარე კოშკია. ძველი საზარის გვერდით საკულუხეა - ღვინის შესანახი სათავსი, ფიქლის ქვის მშრალი წყობით ნაშენი, გეგმით კვადრატული ფორმის ნაგებობა ამჟამად მთლიანად დანგრეულია. საბერო მდებარეობს საკულუხის ჩრდილო-აღმოსავლეთით. სანახევროდ დანგრეულია. გეგმით არასწორი ოთხკუთხედის ფორმისაა, ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. დასავლეთ კედლის მთელ სიგრძეზე ფიქლის სკამებია მოწყობილი. ამავე კედელში ერთი თახჩაა. მსგავსი თახჩაა აღმოსავლეთ კედელშიც. ნაგებობას სახურავი აღარ აქვს.

საბეროს სამხრეთით კედელთან დგას ფიქლის ქვით მშრალად ნაგები, ოთხკუთხა სვეტის მსგავსი პატარა მასიური ნაგებობა, რომელსაც დასავლეთით სართულებად განლაგებული სამი ნიში აქვს. გადახურულია ორფერდა საფეხუროვანი სახურავით. სასანთლე კოშკის დასავლეთით ლაშარის კოშკია - ფიქლის ქვით მშრალად ნაშენი ყრუ ნაგებობა, რომელსაც ჩრდილოეთით თახჩა აქვს დატანებული. გადახურულია ოთხფერდა საფეხუროვანი სახურავით. ლაშარის კოშკის აღმოსავლეთით სანახევროდ შემორჩენილი მთავარანგელოზის კოშკია. მას ჩრდილოეთით სასანთლე თახჩა აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]