იასუძირო ოძუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იასუძირო ოძუ

ოძუ 1951 წელს
დაბადების თარიღი 12 დეკემბერი, 1903
ტოკიო, იაპონია
გარდაცვალების თარიღი 12 დეკემბერი, 1963 (60 წლის)
ტოკიო, იაპონია
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1929-1963

იასუძირო ოძუ (იაპონ. 小津 安二郎; დ. 12 დეკემბერი, 1903 — გ. 12 დეკემბერი, 1963) — იაპონელი კინორეჟისორი და სცენარისტი. ოძუმ მოღვაწეობა მუნჯი ფილმების ეპოქაში დაიწყო, პირველი ხმოვანი ფილმი მან 1936 წელს გადაიღო. რეჟისორმა კინოკარიერა კომედიების გადაღებით დაიწყო, ხოლო სერიოზულ თემებზე იგი 1930-იანი წლებიდან გადაერთო.

ოძუს შემოქმედებაში ძირითადად ქორწინებისა და ოჯახის თემები დომინირებს, მათ შორის აღსანიშნავია თაობათა შორის ურთიერთობის საკითხი. რეჟისორის ყველაზე გახმაურებული ნამუშევრებია: „გვიანი გაზაფხული“ (1949), „ტოკიური ამბავი“ (1953), „მცურავი წყალმცენარეები“ (1959) და „შემოდგომის შუადღე“ (1962).

ოძუს რეპუტაცია მისი სიკვდილის შემდეგაც აქტიურად იზრდებოდა. იგი საყოველთაოდაა აღიარებული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან რეჟისორად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოძუ ტოკიოში დაიბადა. იგი ოჯახში ხუთ და-ძმას შორის მეორე იყო. 1913 წელს, ცხრა წლის ოძუ მამამ დედმამიშვილებთან ერთად საცხოვრებლად მიეს პრეფექტურის ქალაქ მაცუსაკაში გააგზავნდა, სადაც იგი 1923 წლამდე ცხოვრობდა.[1][2] 1916 წელს, 12 წლის ასაკში მან საშუალო სკოლაში დაიწყო სწავლა. ოძუ ხშირად აცდენდა გაკვეთილებს, რათა ფილმებისთვის ეყურებინა. 1917 წელს მან ნახა ამერიკული ფილმი „ცივილიზაცია“, რის შემდეგაც გადაწყვიტა რეჟისორი გამხდარიყო.[3]

1920 წელს, 17 წლის ოძუ უმცროსკლასელი ბიჭისთვის სასიყვარულო წერილის მიწერაში დაადანაშაულეს, რის გამოც იგი საერთო საცხოვრებლიდან გააგდეს. ამის შემდეგ, ოძუ იძულებული გახდა სკოლაში მატარებლით ევლო.[3]

1921 წელს ოძუმ საშუალო სკოლა დაამთავრა. მან კობეს უნივერსისტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სცადა ჩაბარება, თუმცა გამოცდაში ჩაიჭრა. 1922 წელს ოძუმ მასწავლებელთა მოსამზადებელი კოლეჯის გამოცდა ჩააბარა, თუმცა უმაღლესი განათლების მიღების მისი მომდევნო მცდელობაც წარუმატებლად დასრულდა. 1922 წლის 31 მარტს ოძუმ სკოლაში შემცვლელ მასწავლებლად დაიწყო მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, მას გრძელი გზის გავლა უხდებოდა სკოლიდან, რათა შაბათ-კვირას ფილმებისთვის ეყურებინა. ოძუ ტოკიოში 1923 წელს დაბრუნდა.

კარიერის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ მამასისი წინააღმდეგი იყო მისი კინობიზნესში დასაქმებისა, ბიძის შუამავლობის დამსახურებით, 1923 წლის 1 აგვისტოს ოძუ ერთ-ერთმა კინოკომპანიამ კინემატოგრაფიული დეპარტამენტის ასისტენტად დაიქირავა.[3] ამავე წელს ოძუს სახლი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, თუმცა ოჯახის არც ერთი წევრი არ დაშავებულა.

1924 წლის 12 დეკემბერს ოძუმ ჯარში მსახურება დაიწყო.[3] სამხედრო სამსახური მან 1925 წლის 30 ნოემბერს, კაპრალის ჩინით დაასრულა.

იასუძიროს პირველი ფილმია „მონანიების ხმალი“, რომელიც 1927 წელს გამოვიდა. ფილმისთვის სცენარი კოგო ნოდამ დაწერა, რომელთანაც რეჟისორი მთელი დარჩენილი კარიერის მანძილზე თანამშრომლობდა.

1928 წელს გამოვიდა „ლამაზი სხეული“, ოძუს პირველი ფილმი, რომელშიც კამერის ქვედა პოზიციის ტექნიკაა გამოყენებული, რაც მოგვიანებით რეჟისორის ხელწერად იქცა.[4]

1933 წელს გამოვიდა ოძუს კომედიური ფილმი „მე დავიბადე, მაგრამ...“, რომელიც კომედიაა ბავშვობის პერიოდის შესახებ. ფილმმა რეჟისორს ფართო აღიარება მოუტანა.[5] კინოკრიტიკოსებმა კომედია იაპონურ კინემატოგრაფიაში სოციალური კრიტიკის პირველ თვალსაჩინო ნიმუშად აღიარეს.

რეჟისორმა პირველი ხმოვანი ფილმი „ერთადერთი ვაჟი“ 1936 წელს, პირველი იაპონური ხმოვანი ფილმის გამოსვლიდან 5 წლის შემდეგ გადაიღო.

ომის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წლის 9 სექტემბერს 34 წლის ოძუ იაპონიის იმპერიულ არმიაში გააწვიეს. მან ორი წელი ჩინეთში იაპონია-ჩინეთის მეორე ომის ფრონტის ხაზზე გაატარა. იგი შანხაიში 1927 წლის 27 სექტემბერს ქიმიური იარაღის მქონე ქვეით პოლკთან ერთად ჩავიდა.[6] თავდაპირველად იგი კაპრალი იყო, ხოლო 1938 წლის 1 ივნისს მას სერჟანტის წოდება მიანიჭეს.[6] 1939 წელს ოძუ ჰანკოუიში გააგზავნეს, სადაც ნანჩანის ბრძოლაში იბრძოდა. იგი იაპონიაში ივნისის თვეში დაბრუნდა. მისი გაწვევის ვადა 1939 წლის 16 ივლისს ამოიწურა.[6]

პირველი კომერციულად და კრიტიკულად წარმატებული ფილმი, რომელიც ოძუმ სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ გადაიღო იყო „დები და ძმები ტოდას ოჯახიდან“. ეს უკანასკნელი 1941 წელს გამოვიდა. მას მოჰყვა Chichi Ariki („იყო მამა“) 1942 წელს, რომელიც მრავალწლიანი განშორების შემდეგ მამისა და შვილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს.

1943 წელს ოძუ სინგაპურში გააგზავნეს, სადაც მას ინდოელ ნაციონალისტთან, სუბჰას ჩანდრა ბოსთან ერთად უნდა გადაეღო პროპაგანდისტული ფილმი „დელისკენ, დელისკენ“. საქმისადნი ინტერესის ნაკლებობის გამო სინგაპურში ყოფნის მანძილზე ოძუ ბევრს კითხულობდა, ხატავდა, ჩოგბურთს თამაშობდა და ამერიკულ ფილმებს უყურებდა. იგი განსაკუთრებით მოიხიბლა ორსონ უელსის ცნობილი ფილმით „მოქალაქე კეინი“.[7] 1945 წლის აგვისტოში, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ოძუმ ფილმის სცენარი და ყველანაირი კადრი გაანადგურა, რის გამოც იგი დააკავეს და კაუჩუკის პლანტაციაში ამუშავებდნენ.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იასუძრო ოძუს ფილმოგრაფია[8][9]
წელი იაპონური სათაური რომაჯი ქართული სათაური
მუნჯი ფილმები
1932 大人の見る繪本 生れてはみたけれど Umarete wa mita keredo მე დავიბადე, მაგრამ...
ხმოვანი შავ-თეთრი ფილმები
1949 晩春 Banshun გვიანი გაზაფხული
1953 東京物語 Tokyo monogatari ტოკიური ამბავი
1956 早春 Sōshun ადრეული გაზაფხული
1957 東京暮色 Tōkyō boshoku ტოკიოს ბინდი
ფერადი ფილმები
1958 彼岸花 Higanbana ბუნიობის ყვავილი
1959 お早よう Ohayo დილა მშვიდობისა
浮草 Ukigusa მცურავი წყალმცენარეებო
1960 秋日和 Akibiyori გვიანი შემოდგომა
1961 小早川家の秋 Kohayagawa-ke no aki ზაფხულის დასასრული
1962 秋刀魚の味 Sanma no aji შემოდგომის შუადღე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hasumi 2003, p. 319
  2. Weston, Mark (1999). Giants of Japan. Kodansha International, გვ. 303. 
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Hasumi 2003, p. 320
  4. Hasumi 2003, p. 321
  5. Scott, A.O. (24 June 2010). „Revenge on the Bully, Silently, in Japan“. New York Times. New York Times Company. ციტირების თარიღი: 19 May 2015.
  6. 6.0 6.1 6.2 Hasumi 2003, p. 327
  7. Hasumi 2003, p. 329
  8. Hasumi 1998, p. 229
  9. Sato 1997b, p. 280