იარომირ ვაინბერგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იარომირ ვაინბერგერი
კომპოზიტორი
დაიბადა 8 იანვარი, 1896
გარდაიცვალა 8 აგვისტო, 1967 (71 წლის)
ისტორიული პერიოდი XX საუკუნე

იარომირ ვაინბერგერი (ჩეხ. Jaromír Weinberger; დ. 8 იანვარი, 1896 წელი, პრაღა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია - გ. 8 აგვისტო, 1967 წელი, სანქტ-პეტერბურგი, ფლორიდა, აშშ) — ჩეხური წარმოშობის ამერიკელი კომპოზიტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იარომირ ვაინბერგერი დაიბადა პრაღაში, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში, ებრაული წარმოშობის ოჯახში. მას პატარაობიდან კავშირი ჰქონდა ჩეხურ ხალხურ მუსიკასთან, რომელსაც ის უსმენდა ბაბუის ფერმაში.[1] მან ფორტეპიანოზე დაკვრა 5 წლის ასაკში დაიწყო, კომპოზიტორობა და დირიჟორობა კი 10 წლის ასაკში. მან მუსიკალური განათლება მიიღო იაროსლავ კრიჩკასთან, შემდეგ კი სწავლა განაგრძო ვაცლავ ტალიჩთან და რუდოლფ კარელთან.[2] იგი გახდა პრაღის კონსერვატორიის სტუდენტი 14 წლის ასაკში, სადაც სწავლობდა კომპოზიციას ვიტესლავ ნოვაკთან და კარელ ჰოფმაისტერთან. მოგვიანებით, ლაიფციგში ის სწავლობდა მაქს რეგერთან. 1922 წლის სექტემბერში ვაინბერგერი გადავიდა შეერთებულ შტატებში, სადაც გახდა ინსტრუქტორი კორნელის უნივერსიტეტში. 1922-1926 წლებში ვაინბერგერი იყო კომპოზიციის პროფესორი ითაკას კონსერვატორიაში (ახლანდელი ითაკას კოლეჯის მუსიკალური სკოლა), ნიუ-იორკში.

როდესაც ის ჩეხოსლოვაკიაში დაბრუნდა, დაინიშნა ბრატისლავის ეროვნული თეატრის დირექტორად. 1926 წელს ვაინბერგერმა დაასრულა თავისი ოპერა Schwanda the Bagpiper (Švanda Dudák), რომელიც ძალიან წარმატებული გახდა, ათასობით სპექტაკლით ასობით თეატრში, მათ შორის მეტროპოლიტენ ოპერაში ნიუ-იორკში. მისი ოპერეტა Frühlingsstürme პირველად შესრულდა 1933 წლის 19 იანვარს ბერლინის Admiralspalast-ის თეატრში, სადაც მთავარ როლებს ასრულებდნენ ჯარმილა ნოვოტნა და რიჩარდ ტაუბერი. ოპერა მერი ლოსეფი თებერვალში დაიდგა, მაგრამ შოუ მარტში ნაცისტურმა მთავრობამ დახურა. მისი შემდგომი ევროპული ნამუშევრები მოიცავს Passacaglia ორკესტრისთვის და ორგანისთვის, ექვს ბოჰემური ცეკვას ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის, ოპერა The Outcasts of Poker Flat-ს და გრანდიოზულ ორატორიო შობას, თუმცა არცერთი მათგანი არ გამხდარა წარმატებული.

1939 წელს, შეერთებულ შტატებში, ბრატისლავასა და ვენაში დიდი მოგზაურობის შემდეგ, მან დატოვა ჩეხოსლოვაკია ნაცისტებისგან თავის დასაღწევად და გადავიდა ნიუ-იორკის შტატში. მან დაწერა მრავალი ნაწარმოები ამერიკული ორკესტრების შეკვეთით. 1948 წელს გახდა ამერიკის მოქალაქე. 1949 წლის იანვარში ვაინბერგერი გადავიდა სანქტ-პეტერბურგში, ფლორიდა.[3] მოგვიანებით, მას განუვითარდა თავის ტვინის სიმსივნე. 1967 წელს კომპოზიტორმა თავისი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.[4] მისი მეუღლე, ჯეინ ლემბერგერ ვაინბერგერი (ასევე ცნობილი როგორც ჰანსი), გარდაიცვალა 1968 წლის 31 ივლისს.[5] 2004 წელს ჩეხმა პიანისტმა ტომაშ ვიშეკმა და ვიოლონჩელისტმა ფრანტიშეკ ბრიკიუსმა მოაწყვეს ტური ვაინბერგერის შემოქმედების აღსანიშნავად.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაინბერგერმა დაწერა 100-ზე მეტი ნაწარმოები, მათ შორის ოპერები, ოპერეტები, საგუნდო ნაწარმოებები და ნაწარმოებები ორკესტრისთვის. მისი ყველაზე წარმატებული ოპერაა Schwanda the Bagpiper (Švanda dudák). უოლტ დისნეის სტუდიას უნდოდა ამ ოპერის გამოყენება ფანტაზია 2000-ში, თუმცა სამაგიეროდ აირჩიეს შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტი No2 F-მაჟორი. 2019 წელს დაიდგა Frühlingsstürme-ის განახლებული ვერსია, ხოლო 2012 წელს დაიდგა Wallenstein-ის განახლებული ვერსია, რაც მიუთითებს იმას, რომ მუსიკის მოყვარულებს კვლავ უჩნდებათ ინტერესი ვაინბერგერის ნამუშევრების მიმართ

ვაინბერგერი იყენებდა მრავალფეროვან მუსიკალურ ენას. მისი სწავლება პრაღასა და ლაიფციგში ხაზს უსვამდა ფორმალურ კონტროლს და კონტრაპუნტალურ ოსტატობას; მისი მასწავლებლების, კრიჩკას, ნოვაკის და რეგერის მაგალითზე, ვაინბერგერის ნამუშევრები ავლენს კონტროლს, მაგრამ ასევე მხიარულია. ამ კომბინაციამ მიიღო შექებაც და კრიტიკაც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kushner, David Z. (Autumn 1988). „Jaromir Weinberger (1896-1967): From Bohemia to America“. American Music. University of Illinois Press. 6 (3): 293. JSTOR 3051885.
  2. OREL Foundation. Jaromir Weinberger. (2008) Michael Beckerman..
  3. Kushner, p. 311.
  4. Norton, Leslie (April 5, 2004). Leonide Massine and the 20th Century Ballet. McFarland & Company, გვ. 259. ISBN 978-0786417520. 
  5. Kushner, p. 312.