იაპონიის პარლამენტის შენობა
| იაპონიის პარლამენტის შენობა | |
|---|---|
| 国会議事堂 (Kokkai-gijidō) | |
|
იაპონიის პარლამენტის შენობა | |
| ალტერნატიული სახელები | საიმპერატორო პარლამენტის შენობა |
| ზოგადი ინფორმაცია | |
| შენობის ტიპი | ადმინისტრაციული შენობა |
| არქიტექტურული სტილი | არტ-დეკო |
| ქვეყანა |
|
| ქალაქი | ტოკიო |
| მისამართი | 7-1, Nagatachō 1-chōme, Chiyoda-ku, Tokyo 100-0014[1] და 100-0014東京都千代田区永田町一丁目7番1号[2] |
| კოორდინატები | 35°40′33″ ჩ. გ. 139°44′41″ ა. გ. / 35.67583° ჩ. გ. 139.74472° ა. გ. |
| მფლობელი | იაპონიის მთავრობა |
| დაიწყო | 30 იანვარი, 1920 |
| დასრულდა | 7 ნოემბერი, 1936 |
| სიმაღლე | 65,45 |
| ფართობი | 53 466 მ² |
| არქიტექტორ(ებ)ი | ვატანაბე ფუკუძო, იაჰასი კენიტი |
![]() | |
იაპონიის პარლამენტის შენობა (იაპონ. 国会議事堂 კოკკაი გიძი-დო: „სახელმწიფო საბჭოს შენობა") — ნაგებობა იაპონიაში, იაპონიის პარლამენტის სხდომების ჩატარების ადგილი. მდებარეობს სამთავრობო კვარტალ ნაგატა-ტიოში, ტიოდას რაიონში, ტოკიოში. აშენებულია 1936 წელს, რკინა-ბეტონისგან.
დროებითი შენობები და ხანძარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაპონიის პარლამენტის შენობის მშენებლობის დაგეგმვა დაიწყო იმპერატორ მეიძის მიერ პარლამენტის შექმნის შესახებ 1881 წლის რესკრიპტის გამოცხადების შემდეგ.
1890 წელს საიმპერატორო პარლამენტის პირველი სესიის ჩასატარებლად, ხისგან ააშენეს პარლამენტის პირველი დროებითი შენობა კასუმიგასეკის კვარტალში, ტიოდას რაიონში. შენობა მთლიანად დაიწვა 1891 წლის იანვარში მომხდარი დიდი ხანძრის დროს, ამიტომ სარესტავრაციო სამუშაოების განმავლობაში იაპონიის პარლამენტის პერთა პალატა რამდენიმე თვის განმავლობაში განლაგდა ტიტულოვანთა საზოგადოების სახლში იამასიტას კვარტალში, ხოლო წარმომადგენელთა პალატა — საიმპერატორო საინჟინრო უნივერსიტეტის კორპუსში, ტორანომონის კვარტალში. 1894 წელს, ჩინეთ-იაპონიის ომის დროს, როდესაც იაპონიის ფაქტობრივი დედაქალაქი მოკლე ხანს ჰიროსიმაში გადაიტანეს, პარლამენტი იკრიბებოდა დროებით შენობაში ჰიროსიმის ციხის ტერიტორიაზე. 1891 წელს პარლამენტის პირველი დროებითი შენობის ადგილზე კასუმიგასეკის კვარტალში აშენდა ახალი ნაგებობა. იგი დაიწვა 1925 წელს, მაგრამ სამი თვის შემდეგ აღადგინეს. 1936 წლამდე ეს შენობა ასრულებდა იაპონელი პარლამენტარების სხდომების მთავარი დარბაზის როლს.[3]


მუდმივი შენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1886 წელს პარლამენტის მუდმივი შენობის მშენებლობისთვის იაპონიის მინისტრთა კაბინეტთან შეიქმნა მშენებლობის დროებითი განყოფილება (იაპონ. 臨時建築局). 1887 წელს კაბინეტის საბჭომ გამოყო მიწის ნაკვეთი პარლამენტის შენობისთვის ნაგატას კვარტალში, თუმცა მომავლისთვის გადადო პროექტირებისა და მშენებლობის დაფინანსების საკითხები. 1899 წელს პარლამენტის მშენებლობის საინსპექციო კომიტეტმა (იაპონ. 議院建築調査会) ნაკვეთი შეამოწმა, ჩაატარა ნიადაგისა და სამშენებლო მასალების ანალიზი. თუმცა სამუშაოები გაჭიანურდა იაპონური საზოგადოების ცოცხალი დებატების გამო მომავალი ნაგებობის არქიტექტურული სტილისა და მისი მშენებლობის მეთოდების შესახებ.

1917 წელს მთავრობამ შექმნა პარლამენტის შენობის მშენებლობის ახალი საინსპექციო კომიტეტი იაპონიის ფინანსთა სამინისტროში და მომდევნო წელს გამოყო სახსრები პროექტირებისთვის. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა შენობის საუკეთესო პროექტზე საერთო-ეროვნული კონკურსის ჩატარება. არქიტექტორი უნდა ყოფილიყო მხოლოდ იაპონელი, ხოლო ყველა სამშენებლო მასალა — მხოლოდ იაპონური. 1919 წელს, ორეტაპიანი კონკურსის შედეგად, გაიმარჯვა ვატანაბე ფუკუძოს ნამუშევარმა. თუმცა ის გამოიყენეს მხოლოდ როგორც ორიენტირი, ხოლო მშენებლობა დაიწყეს არქიტექტორ იაჰასი კენიტის, ფინანსთა სამინისტროს ჩინოვნიკის, პროექტით.
პარლამენტის შენობის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 1920 წელს და გაგრძელდა 17 წელს.[4] პროექტზე დასაქმებული იყო დაახლოებით 2 540 000 მუშა.[5] მშენებლობის ხარჯებმა შეადგინა 257 მილიონი იენი.[5] 1936 წლის 7 ნოემბერს შენობა დასრულდა და საზეიმოდ გაიხსნა სახელმწიფოს პირველი პირების თანდასწრებით.[5]

აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე იაპონიის პარლამენტის შენობა მართკუთხა გეგმის მქონე რკინა-ბეტონის სამსართულიანი ნაგებობაა, გარედან გრანიტით მოპირკეთებული. იგი შესრულებულია ე.წ. „ახალ სტილში“ (არტ-დეკო) (იაპონ. 近世式).[6] შენობის კიდურა კოშკები ოთხსართულიანია, ხოლო ცენტრალური კოშკი — ცხრასართულიანი. შენობის საერთო ფართობი შეადგენს 53 466 მ²-ს. შენობის მარცხენა ნაწილში იკრიბება წარმომადგენელთა პალატა, ხოლო მარჯვენა ნაწილში — მრჩეველთა პალატა. შენობის თითოეულ ნაწილს აქვს ცალკე შესასვლელი. ცენტრალური შესასვლელი მდებარეობს ცენტრალური კოშკის ქვეშ. იგი გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში — პარლამენტის ახალი სესიების გახსნისას, საერთო-ეროვნული არჩევნების შემდეგ ორივე პალატის ახალი დეპუტატების მიღებისას ან მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების მიღებისას. შენობას აქვს 390 დიდი და დაახლოებით 60 პატარა ოთახი. დერეფნების საერთო სიგრძე შეადგენს 4,64 კმ-ს. შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის ყველა დეტალი დამზადებულია იაპონელი ოსტატების მიერ იაპონური სამშენებლო მასალებისგან.
ორივე პალატის სხდომების დარბაზები მდებარეობს შენობის მეორე სართულზე — მარჯვენა და მარცხენა ნაწილებში. თითოეული დარბაზის ფართობი შეადგენს 743 მ²-ს. დეპუტატების ადგილები განლაგებულია ნახევარწრის სახით ტრიბუნის ირგვლივ. ყველა ადგილი სახელობითია, ეკუთვნის კონკრეტულ პარლამენტარს. ტრიბუნის უკან განთავსებულია პარლამენტის სპიკერის ადგილი, ხოლო მისგან მარცხნივ — გენერალური მდივნის ადგილი. სპიკერის ადგილის წინ, მისგან ორივე მხარეს, გათვალისწინებულია ადგილები მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის. მათ უკან მდებარეობს მათი თანაშემწეებისა და მოხელეების ადგილები. მრჩეველთა პალატის დარბაზის ცენტრალურ ფასადურ ნაწილში განთავსებულია მისი უდიდებულესობის, იმპერატორის ადგილი, რომელიც გამოიყენება პალატის სესიების გახსნისას. სტუმრებისა და პრესის ადგილები განლაგებულია მესამე სართულზე. ორივე პალატას ასევე აქვს ოთახები თავისი კომიტეტებისთვის: წარმომადგენელთა პალატას — 16, ხოლო მრჩეველთა პალატას — 18. თუმცა კომიტეტების ნახევარი იკრიბება ცალკე კორპუსში, რომელიც აშენებულია პარლამენტის შენობასთან ახლოს. ცენტრალური კოშკის მესამე სართულის დასავლეთ ნაწილში, რომელშიც ცენტრალური შესასვლელიდან მიჰყავს საზეიმო კიბე, განლაგებულია იმპერატორის დასასვენებელი ოთახი. მის ქვემოთ, მეორე სართულზე, მდებარეობს მინისტრების სათათბირო ოთახი, სადაც მინისტრები იკრიბებიან პარლამენტის სესიების გახსნისას.
პარლამენტის შენობის დასავლეთით განლაგებულია სამი შენობა, სადაც თითოეულ დეპუტატს აქვს თავისი ცალკე სამუშაო კაბინეტი. აღმოსავლეთით, შენობის ფასადის წინ, გაშენებულია საპარლამენტო ბაღი. ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებულია იაპონიის ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკა და საკონსტიტუციო პოლიტიკის დარბაზი, რომელშიც ინახება იაპონური პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიისადმი მასალები.[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.sangiin.go.jp/eng/pamphlet/pdf/english/202207-all.pdf
- ↑ (unspecified title)
- ↑ Watanabe, Hiroshi (2001). The Architecture of Tokyo: An Architectural History in 571 Individual Presentations. Stuttgart: Edition Axel Menges, გვ. 111. ISBN 978-3-9306-9893-6.
- ↑ "National Diet Building". Structurae. Accessed 29 August 2022.
- ↑ 5.0 5.1 5.2 https://www.sangiin.go.jp/eng/pamphlet/pdf/english/202207-all.pdf
- ↑ 6.0 6.1 Reynolds, Jonathan M (Autumn 1996). „Japan's Imperial Diet Building: debate over construction of a national identity“. Art Journal. 55 (3): 45. doi:10.2307/777764. JSTOR 777764.
