იან ვერმეერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იან ვერმეერი
Cropped version of Jan Vermeer van Delft 002.jpg
სურათი „მაჭანკალთან“, დეტალი, მიჩნეულია მხატვრის ავტოპორტრეტად, 1656
დაიბადა მოინათლა, 31 ოქტომბერი 1632
დაბადების ადგილი დელფტი, გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა
გარდაიცვალა 15 დეკემბერი 1675 (43 წლის ასაკში)
გარდაცვალების ადგილი დელფტი, გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა
ეროვნება ნიდერლანდელი
სფერო ფერწერა
მიმდინარეობა genre painting
მასზე გავლენა მოახდინა კარელ ფაბრიციუსი

იან ვერმეერი, იან ვერმეერ დელფტელი (ნიდერლ. Johannes Vermeer; დ. 1632 — გ. 1675) — ნიდერლანდელი ფერმწერი. მუშაობდა დელფტში. ვერმეერის ჯერ კიდევ ადრინდელ ნამუშევრებში ჩანს მისწრაფება, რომ შერწყმული იყოს სახეების ამაღლებული სულისკვეთება და ნატურასთან სიახლოვე („დიანა ნიმფებთან“, მაურიცჰეისი, ჰააგა; „ქრისტე მართასა და მარიამთან“, ედინბურგის ეროვნული გალერეა). დიდფიგურებიან ტილოზე „მაჭანკალთან“ (1656, სურათების გალერეა, დრეზდენი) მძაფვრი მონუმენტურობით წარმოდგენილია ცხოვრებისეული სცენა, რომელიც სავსეა სისხლსავსე მგრძნობელობითა და ახალგაზრდული სითამამით. ამ სურათებში ტონალური კოლორიტის ელემენტები ფერის დიდ და სუფთა ლაქებთან არის შერწყმული. 1650 წლის II ნახევრიდან ვერმეერი ქმნის მცირე ზომის სურათებს, რომლებშიც ვერცხლისფერი შუქით განათებულ ქალაქის სახლის ინტერიერში გამოსახულია ერთი ან რამდენიმე ფიგურა („გოგონა წერილით“, სურათების გალერეა, დრეზდენი; „ჯარისკაცი და მომღიმარი ქალი“, ფრიის კოლექცია, ნიუ-იორკი; „მოსამსახურე ქალი რძიანი ქილით ხელში“, სახელმწიფო მუზეუმი, ამსტერდამი). ამ ნამუშევრებში მთავარი ყურადღება გადატანილია სცენის საერთო ლირიკულ განწყობილებაზე.

ვერმეერის სურათებში ყოველდღიური ოჯახური ცხოვრების პოეზია, ადამიანისა და გარემოს ერთიანობა ასახულია კლასიკური სიცხადითა და ჰარმონიულობით. სივრცობრივი კომპოზიციით მძაფრი გამომხატველობა, ჰაერისა და სინათლის ცოცხალი ვიბრაცია, მდიდარი და სხივიანი ფერების წმინდა გრადაცია, ტონების, რეფლექსებისა და ელფერის მრავალმხრივი თამაში ამდიდრებს უბრალო ადამიანის სამყაროს და მხატვრულ ძალას ანიჭებს ჩვეულებრივ ყოფით საგნებს. 1650-იანი წლების დასასრულს ვერმეერმა პეიზაჟური ფერწერის ორი შედევრი შექმნა: „ქუჩა“ (სახელმწიფო მუზეუმი, ამსტერდამი) და „დელფტის ხედი“ (მაურიცჰეისი, ჰააგა).

1660-იან წლებში ვერმეერის შემოქმედება უფრო მჭვრეტელობითი და დახვეწილი გახდა, ფერწერა კი ცივი; ამ დროს ტილოების საერთო მინანქრისფერი კოლორიტი გაცხოველებულია ლურჯი და ყვითელი მკაფიო აქცენტით: „გოგონა მარგალიტის საყურით“ (მაურიცჰეისი), „ჭიქა ღვინო“, „ქალი ისინჯავს ყელსაბამს“ (სურათების გალერეა, ბერლინ-დალემი). ვერმეერის გვიანდელი პერიოდის ნამუშევრები ეძღვნება მშრომელ ადამიანს, შემოქმედს, მეცნიერს. მხატვარი გამოსახავს მათ მუშაობას, შემოქმედებითი წვის პროცესში: „მემაქმანე ქალი“ (ლუვრი, პარიზი), „მხატვრის სახელოსნო“ (ვენის სამხატვრო-ისტორიული მუზეუმი), „გეოგრაფი“ (შტედელის სამხატვრო ინსტიტუტი, მაინის ფრანკფურტი).

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]