შინაარსზე გადასვლა

იანუსის თაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იანუსის თაღი
Arco di Giano
კოორდინატები 22°41′53″ ჩ. გ. 58°12′28″ ა. გ. / 22.69806° ჩ. გ. 58.20778° ა. გ. / 22.69806; 58.20778
მდებარეობა რომი

იანუსის თაღი (იტალ. Arco di Giano) — ერთადერთი კვადრიფრონსი (ოთხფრონტიანი) სამხედრო თაღია, რომელიც რომში შემონახულია. იგი ადრეულ IV საუკუნეში აღმართეს ბოარიუმის ფორუმის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე, გზაჯვარედინზე,[1] ველაბრიუმთან ახლოს, კლოაკა მაქსიმაზე, იმ სანიაღვრე ღარზე, რომელიც რომაული ფორუმიდან ტიბრის მდინარისკენ მიემართებოდა.

თაღის მნიშვნელობა სრულიად ნათელი არ არის. ითვლება, რომ იგი უფრო საზღვრის აღმიშვნელის როლს ასრულებდა, ვიდრე სამხედრო თაღის.[2] ალტერნატიული მოსაზრებით, იგი აშენდა ბოარიუმის ფორუმზე — საქონლის ბაზარზე მომუშავე ვაჭრების დასაცავად.[3] ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ იგი კონსტანტინე დიდს ან კონსტანციუს II-ს ეძღვნებოდა და „გაღმერთებული კონსტანტინეს თაღის“ სახელით იყო ცნობილი. მისი სიმაღლე 16 მეტრს, ხოლო სიგანე 12 მეტრს აღწევს; თავდაპირველად იგი უფრო მაღალი იყო, მაგრამ თაღს 1830 წელს სახურავის სართული მოაცილეს.

მისი თანამედროვე სახელწოდება, სავარაუდოდ, აღორძინების ხანაში ან მოგვიანებით გაჩნდა და კლასიკურ ანტიკურ პერიოდში ამ სახელით არ იყო ცნობილი. სახელწოდება მომდინარეობს სტრუქტურის ოთხფრონტიანი, ოთხთაღიანი კონსტრუქციიდან. ძველრომაული ღმერთი იანუსი ზოგჯერ ოთხსახიანად გამოისახებოდა.[3] ისტორიულ აღწერილობებში ძველი რომის შესახებ ასევე იხსენიება იანუსთან დაკავშირებული სტრუქტურები.

თაღის ყოველ სტილობატს ორი რიგი აქვს. ჩრდილოეთ მხარეს, ცენტრალური თაღის ქვაზე, სავარაუდოდ, მინერვაა გამოსახული,[2] თუმცა ზოგიერთი მკვლევარი მას პალადიუმად მიიჩნევს.[1]

იგი აშენდა სპოლიების, ანუ ადრინდელი ნაგებობებისგან აღებული მასალების გამოყენებით: აგურით, კერამიკის ნამტვრევებით და მოპირკეთებული იყო თეთრი მარმარილოთი, რომელიც ასევე სხვა, ძველი შენობებიდან იყო მოტანილი.[1][4]

შუა საუკუნეებში ფრანჯიპანების ოჯახმა ეს სტრუქტურა ციხესიმაგრედ გადააკეთა, რის გამოც იგი უვნებლად შემორჩა 1830 წლამდე. ამ დროს, ზედა სართული და სახურავის ნაწილი დაანგრიეს, რადგან მაშინდელი მოსაზრებით, ისინი ორიგინალურ კონსტრუქციას არ ეკუთვნოდა. თუმცა, ჩრდილო-დასავლეთის სტილობატში შემორჩენილი კიბე მიუთითებს, რომ ამ ზედა სართულზე წვდომა შესაძლებელი იყო. თავდაპირველად, მარმარილოს ბლოკები ერთმანეთთან რკინის სამაგრებით იყო დაკავშირებული, მაგრამ შუა საუკუნეებში ამ ელემენტების ამოღება ძეგლის ხვრელებითა და ნაკაწრებით დაზიანების მიზეზი გახადა.[2] მისი წარწერის ფრაგმენტები დღემდე ინახება ახლომდებარე სან-ჯორჯო-ინ-ველაბროს ეკლესიაში.

თაღი საზოგადოებისთვის დახურულია 1993 წლის 27 ივლისის ღამით სან-ჯორჯო-ინ-ველაბროს წინ აფეთქებული ბომბის შემდეგ. ის ბოარიუმის ფორუმის ერთადერთი ძეგლია, რომელიც დღემდე არ არის რესტავრირებული.[1][4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Rome, Arch of Janus Quadrifrons. ციტირების თარიღი: 18 January 2016
  2. 2.0 2.1 2.2 Cartwright, Mark. Arch of Janus. ციტირების თარიღი: 18 January 2016
  3. 3.0 3.1 Arch of Janus. ციტირების თარიღი: 18 January 2016
  4. 4.0 4.1 Arch of Janus. ციტირების თარიღი: 18 January 2016