იანო ალიბეგაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იანო ალიბეგაშვილი (დ. 15 ოქტომბერი, 1963, ყაზბეგი) — ქართველი საოპერო მოღერალი (სოპრანო).

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სადაც სწავლობდა 1980-1989 წლებში. პირველი კურსიდანვე მონაწილეობდა ფესტივალებში, ოპერაში გამოვიდა პეტრე ამირანაშვილის იუბილეზე. 1989 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (შესრულებული აქვს: ამელია – ვერდის „ბალმასკარადი“, ტოსკა – პუჩინის „ტოსკა“), ამავე წელს მონაწილეობა მიიღო ფ. ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე ბარსელონაში, სადაც პრემია ვერ მოიპოვა, თუმცა ფლორენციისა და ოზიმოს აკადემიების სტიპენდიებით დააჯილდოვეს. 1992 წელს პეზაროში, მიიღო მონაწილეობა როსინის ფესტივალში, გამოსვლა ფესტივალის სენსაციად იქცა. 1993 წელს შედგა იანო ალიბეგაშვილის დებიუტი ლა სკალაში, იმღერა ალისა „ფალსტაფში“ და ლინა „სტიფელიოში“. კონტრაქტებით მღერის ევროპის უდიდესი თეატრების სცენებზე მრავალფეროვანი რეპერტუარით (ძირითადად, ვერდის და პუჩინის, აგრეთვე ჰენდელის, მოცარტის, როსინის, ბელინის ოპერები). თანამშრომლობს მსოფლიოს განთქმულ დირიჟორებთან და მომღერლებთან (საზღვარგარეთ მას იანო თამარის სახელით იცნობენ).

1991 წლიდან ცხოვრობს იტალიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]