შინაარსზე გადასვლა

იანოვი (ბრუნტალის რაიონი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
იანოვი
Janov

იანოვის ცენტრი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე მორავია-სილეზიის მხარე
კოორდინატები 50°14′41″ ჩ. გ. 17°28′58″ ა. გ. / 50.24472° ჩ. გ. 17.48278° ა. გ. / 50.24472; 17.48278
მმართველი იან ბოროვეცი
პირველი ხსენება 1267
ფართობი 11,03 კმ²
ცენტრის სიმაღლე 410
მოსახლეობა 256[1] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 23 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 793 84
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი mestojanov.cz
იანოვი (ბრუნტალის რაიონი) — ჩეხეთი
იანოვი (ბრუნტალის რაიონი)

იანოვი (ჩეხ. Janov) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის მორავია-სილეზიის მხარეში. ის ბრუნტალის რაიონში მდებარეობს. იანოვი ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქალაქია ჩეხეთში.

იანოვი ბრუნტალიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 28 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ოსობლაჟსკოს მიკრორეგიონში, პოლონეთის საზღვართან არის გაშენებული. ის ოპავსიკეს მთიანეთშია. იანოვის ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი წერტილია სოლნი-ვრხის გორა, მისი სიმაღლე 860 მეტრია ზღვის დონიდან. ქალაქში მიედინება მდინარე ოსობვოგა.

XIII საუკუნის შუამდე იანოვის ტერიტორია გაუვალი ტყით იყო დაფარული და უკაცრიელი იყო. ტყეს მხოლოდ რამდენიმე ბილიკი ჰკვეთდა და ამ ბილიკების გასწვრივ ყაჩაღები იდებდნენ ბინას. მდინარე ოსობვოგას ორივე სანაპიროზე მდებარე ეს ტერიტორიები ოდითგანვე ოლომოუცის ეპისკოპოსს ეკუთვნოდა. ოლომოუცის ეპარქიამ არაერთხელ სცადა ტერიტორიის დასახლება, თუმცა თათართა ურდოების შემოსევები ამ პროცესს ძლიერ აფერხებდა.

იმ პერიოდში ცენტრალურ ევროპას თათრები და მონღოლები უტევდნენ, მათ 1241 წლის 9 აპრილს სლავებს ლეჰნიცეს ბრძოლა მოუგეს და ამით ძლიერ დასუსტდა მთელი მორავია. თათართა შემოსევებმა ამ მიწებზე სლავური მოსახლეობა თითქმის სულ გააქრო და საჭირო გახდა მოსახლეობის ჩეხეთის მიწებს გარეთ ძებნა აქ დასასახლებლად.

გერმანელთა აქ დასახლების პირველი ინიციატორი ოლომოუცის წარმოშობით გერმანელი ეპისკოპოსი (1245-1281) ბრუნო ფონ შაუენბურგი იყო. 1267 წელს დაწერილი მისი ანდერის მიხედვით, ეპისკოპოსმა აქ 9 ახალი სოფელი ჯერ კიდევ 1251 წელს დააარსა. ეს სოფლები იყვნენ: პეტროვიცე, იანოვი, ინდრჟიხოვი, არნულტოვიცე, ბარტულტოვიცე, პიტარნე, ლიპტანი, ტრჟემეშნა და პისკორჟოვი. ეპისკოპოსმა ახალ სოფლებში თავისი მმართველები დანიშნა, იანოვის პირველი მმართველი იყო ვინმე იანი, სწორედ მისმა სახელმა განაპირობა ქალაქის დღევანდელი სახელწოდება.

თავისუფალი მომპოვებელი ქალაქის უფლებები იანოვს ოლომოუცის ეპისკოპოსმა სტანისლავ I ტურზომ 1535 წელს მიანიჭა. 1581 წელს ქალაქში სამთო მოპოვება შეწყდა, თუმცა ამ პერიოდში იანოვმა მაინც მოასწრო წინსვლა. განვითარება შეაჩერა ოცდაათწლიანი ომის დროს შვედეთის არმიის ოკუპაციამ.[2]

1741 წელს ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომის დროს იანოვი გადაწვეს პრუსიელებმა. შემდეგ სხვა მეზობელი ქალაქების მსგავსად იყო ნაცისტური გერმანიის ოკუპაცია და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იანოველი გერმანელების ქვეყნიდან გაძევება.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წმინდა სამების ეკლესია
სამთო მოპოვების მემორიალი

ქალაქის ცენტრალურ მოედანს მაღალი არქიტექტურული ღირებულება აქვს. მოედნის დასავლეთ ნაწილში ბაროკოს სტილის წმინდა სამების ტაძარი დგას. ეკლესია ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე 1780–1783 წლებში ააგეს.

მოედნის შუაგულში მდებარეობს ქალაქის 650-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამთო მოპოვების მემორიალი. მოედანზეა 1739 წელს დადგმული ღვთისმშობლის ბაროკოს სტილის ქანდაკება. იანოვის სასაფლაოზე XIX საუკუნეში აგებული ორი ძვირფასი სამლოცველოა.[3] იანოვში მდინარის მარჯვენა სანაპიროზე დგას ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი ხე მთელ ჩეხეთში, ამ ცაცხვის ხის ასაკი დაახლოებით 1 000 წელია.

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  2. Zpráva o uplatňování ÚP Janov v uplynulém období (2017–2020) cs. Město Janov. ციტირების თარიღი: 2025-10-02
  3. Zajímavosti cs. Mikroregon Osoblažsko. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-22. ციტირების თარიღი: 2022-03-22