შინაარსზე გადასვლა

იაკოპო ბელინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაკოპო ბელინი
სრული სახელი Jacopo Bellini
დაიბადა დაახლ. 1400
დაბადების ადგილი ვენეცია, ვენეციის რესპუბლიკა
გარდაიცვალა დაახლ. 1470
გარდაცვალების ადგილი ვენეცია
სფერო ფერწერა
მიმდინარეობა რენესანსი

იაკოპო ბელინი (იტალ. Jacopo Bellini; დაახლ.1400 – c.1470) — რენესანსული მხატვრობის სტილის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვენეციასა და ჩრდილოეთ იტალიაში. მისი ვაჟები ჯენტილე და ჯოვანი ბელინი, ასევე მისი სიძე ანდრეა მანტენია, ცნობილი მხატვრები იყვნენ.[1]

ბელინის ძალიან ცოტა ნახატია შემორჩენილი, თუმცა მისი შემორჩენილი ესკიზების წიგნები (ერთი ბრიტანეთის მუზეუმში, ხოლო მეორე ლუვრში) აჩვენებს მის ინტერესს ლანდშაფტისა და რთული არქიტექტურული დიზაინის მიმართ და წარმოადგენს მის უმნიშვნელოვანეს მემკვიდრეობას. მის შემორჩენილ ნამუშევრებში ჩანს, თუ როგორ მოარგო მან ხაზოვანი პერსპექტივა ვენეციური ფერწერის დეკორატიულ ნიმუშებსა და მდიდარ ფერებს.

იაკოპო დაიბადა ვენეციაში და სავარაუდოდ სწავლობდა ჯენტილე და ფაბრიანოს სახელოსნოში, რომელიც იმ დროს ვენეციაში იმყოფებოდა. 1411–1412 წლებში ბელინი იმყოფებოდა ფოლინიოში, სადაც ჯენტილესთან ერთად მუშაობდა ტრინჩების სასახლის ფრესკებზე. 1423 წელს ბელინი იყო ფლორენციაში, სადაც გაეცნო ბრუნელესკის, დონატელოს, მასოლინოს და მასაჩოს ახალ ნამუშევრებს. 1424 წელს მან გახსნა სახელოსნო ვენეციაში, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე თვითონ ხელმძღვანელობდა და სადაც თავის ვაჟებსა და სხვა მხატვრებს ამზადებდა.

მისი მრავალი უდიდესი ნამუშევარი, მათ შორის უზარმაზარი ჯვარცმა ვერონის საკათედრო ტაძარში (1436), დაკარგულია. დაახლოებით 1430 წლით თარიღდება პანო მადონა და ყრმა, რომელიც დაცულია აკადემია კარარაში და თავდაპირველად მიეწერებოდა ჯენტილე და ფაბრიანოს. 1441 წელს, ფერარაში, სადაც იგი ლიონელო დ'ესტეს სამსახურში იმყოფებოდა ლეონ ბატისტა ალბერტისთან ერთად, მან შეასრულა მარკიზის პორტრეტი, რომელიც დღეს დაკარგულია. ამ პერიოდის ნამუშევრებიდან შემორჩენილია თავმდაბლობის ღვთისმშობელი (Madonna dell'Umiltà), რომელიც სავარაუდოდ ლიონელოს ერთ-ერთმა ძმამ შეუკვეთა.[2]

მასოლინოს გავლენა უფრო თანამედროვე, ადრეული რენესანსული თემების მიმართულებით ჩანს მადონა ყრმით ნამუშევარში (დათარიღებული 1448 წლით), რომელიც დაცულია ბრერას პინაკოთეკაში: პირველად აქ ჩნდება პერსპექტივა, ხოლო ფიგურები უფრო მონუმენტურია. მოგვიანებით მან შეასრულა (დღეს დაკარგული) ნამუშევრები ვენეციის ეკლესიებისთვის — ვენეციის წმინდა იოანე მახარებლის ეკლესიაში (1452) და წმინდა მარკოზი (1466). 1459 წლით თარიღდება მადონა მაკურთხებელი ყრმით, რომელიც დაცულია აკადემიის გალერეებში.

მოგვიანებით იგი გარკვეული დროით იმყოფებოდა პადუაში, სადაც ახალგაზრდა ანდრეა მანტენიას ასწავლიდა პერსპექტივასა და კლასიცისტურ თემებს და სადაც 1460 წელს დაასრულა ერასმო გატამელატას პორტრეტი, რომელიც დღეს დაკარგულია. მისი გვიანი პერიოდის ნამუშევრებიდან შემორჩენილია დაზიანებული ჯვარცმა ვერონის მუზეუმში და ხარება ბრეშის ეკლესიაში — სანტ-ალესანდროში.

ჯოვანი ფონტანამ ბელინის აჩვენა ნაშრომი პერსპექტივის შესახებ.[3]

რჩეული ნამუშევრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Vopi, Caterina. "Mantegna, Andrea", Treccani, 2006
  2. „Bellini, Jacopo“. Encyclopædia Britannica. Cambridge University Press. 1911.
  3. A.C. Sparavigna. (2013)Giovanni de la Fontana, engineer and magician. Cornell University Library.