იაკობ ჯუღაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იაკობ ჯუღაშვილი
Джугашвили Яков Иосифович.jpg
დაბ. თარიღი 18 მარტი, 1907
ბაჯი, ქუთაისის გუბერნია
გარდ. თარიღი 14 აპრილი, 1943 (36 წლის)
ზაქსენჰაუზენი, მესამე რაიხი
მეუღლე(ები) ზოია გუნინა
ოლგა გოლიშევა
იულია მელცერი
შვილ(ებ)ი ელენა
ევგენი
გალია
მშობლები მამა: იოსებ ჯუღაშვილი
დედა: კატო სვანიძე

იაკობ „იაშა“ ჯუღაშვილი (დ. 18 მარტი, 1907 — გ. 14 აპრილი, 1943) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, არტილერისტი. იოსებ სტალინის უფროსი შვილი, პირველი ქორწინებიდან კატო სვანიძეზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაკობი 1907 წლის 18 მარტს დაიბადა, ქუთაისის გუბერნიის სოფელ ბაჯში (დღევანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი), დედა — კატო სვანიძე, იმავე წელს გარდაიცვალა ტიფით და ვინაიდან მამა — იოსებ ჯუღაშვილი ფაქტობრივად სახლში არასდროს იმყოფებოდა, ბავშვი დეიდის ალექსანდრა (საშიკო) სვანიძის ოჯახში იზრდებოდა.

1924 წელს, მას შემდეგ, რაც იოსებ სტალინი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი გახდა, მან მოსკოვში ბინა მიიღო. ამ დროს იაშაც, როგორც მამა ეძახოდა, მოზრდილი ბიჭი იყო და სტალინმა გადაწყვიტა შვილი მოსკოვში წამოეყვანა და მისთვის განათლება მიეცა.

მოსკოვში იაკობმა საშუალო სკოლის ბოლო კლასები არბატზე მდებარე სკოლაში დაამთავრა, შემდეგ კი 1925 წლამდე სოკოლნიკიზე მდებარე ელექტრო-ტექნიკურ სკოლაში სწავლობდა.

პირველი ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვში იაკობის გადმოსვლის შემდეგ ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც ქვეყნის პირველ პირს წარმოედგინა — იაკობმა, მოსკოვში გადმოსვლისას რუსული ენა თითქმის საერთოდ არ იცოდა და სასწავლო კურსს ჩამორჩა, რის გამოც გარკვეულწილად სწავლაზე გული აიცრუა, 1925 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ კი ინსტიტუტში ჩაბარებაზე უარი განაცხადა და ცოლის შერთვა გადაწყვიტა, 18 წლის იაკობის რჩეული 16 წლის ზინაიდა (ზოია) გუნინა გახდა. სტალინი იაკობის დაქორწინების წინააღმდეგი იყო, რის გამოც მამა-შვილის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, იაკობმა თავის მოკვლა სცადა და ცეცხლსასროლი იარაღი მკერდში დაიხალა, საბედნიეროდ ტყვია გულს რამდენიმე მილიმეტრით აცდა და იაკობიც სავადმყოფოში მოხვდა საიდანაც სამ თვეში გამოწერეს.

მომჯობინების შემდეგ იაკობმა განზრახვაზე ხელი მაინც არ აიღო, მამისგან მალულად, დედინაცვლის ნადეჟდა ალილუევას დახმარებით ზოიასთან ერთად ლენინგრადში გაიქცა, სადაც ნადეჟდას ნათესავები დახვდნენ და წყვილს დაბინავებაში დაეხმარნენ. იაკობმა ელექტრიკოსად დაიწყო მუშაობა, თუმცა მისი შემოსავალი ოჯახს არ ყოფნიდა და თვიდან თვემდე თავი ძლივს გაჰქონდათ. 1929 წლის დასაწყისში, ქორწინებიდან 4 წლის შემდეგ წყვილს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ელენა დაარქვეს, ამავე წლის ოქტომბერში, რვა თვის პატარას პნევმონია დაემართა და გარდაიცვალა.

ბავშვის გარდაცვალებამ ძლიერი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა ოჯახზე, იაკობმა და ზოიამ ურთიერთობები ვეღარ დაალაგეს და დაშორდნენ. იაკობი საცხოვრებლად მოსკოვში დაბრუნდა ზოია კი ლენინგრადში დარჩა, სადაც სამთო ინსტიტუტი დაამთავრა და შემდეგ მილიციონერ ტიმონ კოზირევი გაიცნო, წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა თუმცა მათ ამის გაკეთება არაოფიციალურად მოუხდათ, რადგან ზოია ოფიციალურად კვლავ იაკობის ცოლი იყო. ზოიას და ტიმონს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც სვეტლანა დაარქვეს, გვარად კი დედის მაშინდელი გვარი ჯუღაშვილი მიიღო, ასე იგი სტალინის ქალიშვილის, სვეტლანა ჯუღაშვილის სეხნია გახდა, ბედის ირონიით გარკვეული ხნის შემდეგ სვეტლანა ცოლად ალილუევს გაყვა და მისი გვარი მიიღო, სტალინის ქალიშვილი სვეტლანა კი დედის გვარზე გადავიდა და ისინი კვლავ სეხნიები გახდნენ. ზოიას ქმარი სამამულო ომში დაიღუპა, 1957 წელს კი მან მესამედ იქორწინა საჰაერო ძალების გენერალ ტუპიკოვზე, რომელთან ერთადაც უკრაინის ქალაქ ვინიცაში გადავიდა საცხოვრებლად და სიკვდილამდე, 1983 წლამდე იქ ცხოვრობდა.

მეორე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წელს, მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, იაკობმა მოსკოვის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში დაიწყო სწავლა, თბოფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1935 წელს. სწორედ ამ პერიოდში იაკობის დედინაცვალთან, ნადეჟდასთან ურიუპინსკიდან სტუმრები ჩამოვიდნენ, მათ შორის იყო ნადეჟდას მეგობრის დისშვილი ოლგა გოლიშევა, რომელსაც ავიტექნიკუმში ჰქონდა ჩაბარება გადაწყვეტილი.

ოლგამ გაცნობისთანავე დაიპყრო იაკობის გული, რომელთან გასაცნობადაც ქართველ კომუნისტ მამია ორახელაშვილს და მის მეუღლეს მარია პლატონოვას ქალიშვილი, ქეთუსია ჰყავდათ ჩამოყვანილი. იაკობმა ქეთუსიას მიმართ ინტერესი არ გამოამჟღავნა, მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ოლგაზე დაქორწინება. სტალინმა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო შერიგებული იაკობთან წინა ქორწინების გამო, გადაწყვიტა დახმარებოდა წყვილს ოჯახის მოწყობაში, მათ მოსკოვის ცენტრში პატარა ბინა გამოუყვეს და წყვილიც საცხოვრებლად გადავიდა, იაკობმა სამსახური დაიწყო მოსკოვის თბოელექტრო ქარხანაში. თუმცა იაკობის და ოლგას ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდა, სანამ ისინი ქორწინებას ოფიციალურად დაადატურებდნენ, უთანხმოება მოუვიდათ და 1935 წლის შემოდგომაზე ორსული ოლგა ურიუპინსკში მშობლებთან დაბრუნდა, სადაც 1936 წლის იანვარში ვაჟი, ევგენი გააჩინა, რომელსაც თავისი გვარი მისცა, თუმცა იაკობმა თავისი კავშირების გამოყენებით შეძლო და შვილს გვარი შეუცვალა.

იაკობთან დაშორების შემდეგ ოლგა სამამულო ომში იმყოფებოდა, სადაც მედდად მსახურობდა, მან რამდენიმე მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბჭოთა ჯარებთან ერთად ბერლინამდე ჩავიდა. ომის დასრულების შემდეგ იგი მეორედ დაქორწინდა ვინმე მიხაილინზე, მუშაობდა ფინანსისტად მოსკოვის ოლქის სამხედრო-საჰაერო ძალებში, რომელსაც იაკობის უმცროსი ძმა ვასილი ხელმძღვანელობდა. გარდაიცვალა 1957 წელს 48 წლის ასაკში.

მესამე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1936 წელს, ოლგასთან დაშორების შემდეგ მალევე, იაკობმა მოსკოვის ოლქის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელის თანაშემწის, ნიკოლაი ბესარაბის მეუღლე, იულია მელცერი გაიცნო, რომელიც ფაქტობრივად გაყრილი იყო ქმართან და თავდავიწყებით გააბეს რომანი. იულია უკრაინელი ებრაელი იყო ოდესიდან, იგი 1906 წელს წელს დაიბადა მაქინატორი ებრაელის ისააკ მელცერის ოჯახში, ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული სანამ ბესარაბიზე დაქორწინდებოდა და შვილიც ჰყავდა პირველი ქორწინებიდან. ოლგა პროფესიით ბალერინა იყო და რესტორანში თამამი ცეკვებით ირჩენდა თავს, როდესაც ბესარაბი გაიცნო და მასზე დაქორწინდა. იკობთან პირველივე შეხვედრისას რესტორანში, იაკობს და ნიკოლაის ჩხუბი მოუვიდათ ქალის გამო, თუმცა ამას იაკობი არ შეუფერხებია, რომ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ქალთან გადასულიყო საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ სტალინი საშინლად წინააღმდეგი იყო მათი ურთიერთობის, წყვილმა მალე ოფიციალურად გააფორმა ქორწინება, მათ საცხოვრებლად ორ ოთახიანი ბინა გამოუყვეს, მოგვიანებით კი, როდესაც 1938 წლის თებერვალში მათ ქალიშვილი, გალია შეეძინათ, ბინა ოთხ ოთახიანით შეუცვალეს.

იაკობ ჯუღაშვილის მემორიალური დაფა ვიტებსკის ოლქში, სადაც იგი იბრძოდა

სამხედრო კარიერა, ფრონტი და ტყვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წელს იაკობ ჯუღაშვილმა ოფიცრობა გადაწყვიტა და მოსკოვის საარტილერიო აკადემიის საღამოს გაყოფილებაში ჩააბარა. 1941 წელს ის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა. ამ პერიოდში მან მამასთან ურთიერთობა გამოასწორა.

1941 წლის 23 ივნისს უფროსი ლეიტენანტი იაკობ ჯუღაშილი დიდ სამამულო ომში გაიწვიეს. ის მე-20 არმიის მე-7 მიკროკორპუსის მე-14 სატანკო დივიზიის მე-14 საზენიტო პოლკის მე-6 საარტილერიო ბატარეას მეთაურობდა. 1941 წლის 7 ივლისს იბრძოდა ბელორუსიაში, ქალაქ სენოს მისადგომებთან და სხვა მებრძოლებთან ერთად სამთავრობო ჯილდოზე იყო წარდგენილი. რამდენიმე დღეში მე-16, მე-19 და მე-20 არმიის ნაწილები გერმანელებმა ალყაში მოაქციეს.

1941 წლის 16 ივლისს, იაკობი გერმანელებმა ვიტებსკთან ახლოს, ლიაზნოს რაიონში ტყვედ აიყვანეს. იგი თავიდან ბავარიის სამხრეთში, ქალაქ ჰამელბურგის მახლობლად ტყვეთა ბანაკში ჰყავდათ, 1942 წლის გაზაფხულზე ლიუბეკში, მცირე ხნის შემდეგ კი ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს და განსაკუთრებული რეჟიმის ბანაკ А-ში ჰყავდათ მოთავსებული. 1943 წლის 14 აპრილს დღემდე გაურკვეველ სიტუაციაში ის ბანაკში დახვრიტეს, მისი საფლავი ცნობილი არ არის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]